დევნილთა ვარამი, ანუ რატომ არ მისცეს ერედვიდან დევნილ ბავშვს კუთვნილი ასლარიანი დახმარება
“თავის გადარჩენა ძლივს შევძელით, რაც ზედ გვეცვა, მხოლოდ იმით წამოვედით, ერთი დღე ტიძისში გავატარეთ, გვეგონა, სიტუაცია ცოტა მაინც დაწყნარდებოდა, შემდეგ იქედანაც გამოვიქეცით, ორი დღე გზაში ვიყავით, ძლივს ჩამოვაღწიეთ თბილისამდე,” _ იხსენებენ ტურაშვილები.
...ახლა ტურაშვილები სკოლის ცივ, ნესტიან ოთახში ცხოვრობენ, ლეიბის, საბნის, ჭურჭლისა და სხვა ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე. მათ უმცროს ვაჟს კი ის 100-ლარიანი დახმარებაც არ მისცეს, რაც ეკუთვნოდა.
შემოსავლისა და დახმარების გარეშე დარჩენილ ოჯახს იმედიც გაუქრა.
ტურაშვილებზე უკეთესი მდგომარეობა არც 216-ე ბაღში მცხოვრებ დევნილებს აქვთ. აქ 165 ადამიანი ცხოვრობს, ნაწილი 167-ე სკოლიდან მაშინ გადმოვიდა, როცა სწავლის დაწყების აუცილებლობის გამო, სხვა გამოსავალი აღარ დარჩა.
თავიდან მათ ბაღის პედაგოგები, მოსახლეობა, ბანკი “კონსტანტა”, გვერდით მდებარე ეკლესია და მერია ეხმარებოდა. ახლა კი მხოლოდ გაერო-ს პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც, 10 დღეში ერთხელ ერთ ადამიანზე 200 გრ. შაქარი, 1,5 კგ. მაკარონი, 300 გრ. ზეთი, 50გრ. მარილი და 1 კგ. ლობიო მოაქვთ. ერთადერთი, რასაც ყოველდღე აწვდიან დევნილებს, პურია.
216-ე ბაღშიც დევნილებს იატაკზე სძინავთ, არც ოთახებია საკმარისი, 2 ოთახში 5 ოჯახი გაჭირვებით თავსდება, ფანჯრებზე, მინების მაგივრად, ჭუჭყიანი ქაღალდებია აკრული.
იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახლების გამო, 216-ე ბაღმა მუშაობა 1 სექტემბრის ნაცვლად, 6 ოქტომბერს განაახლა, თუმცა არასრულყოფილად _ მხოლოდ 2 ჯგუფს აქვს მუშაობის საშუალება. ამის გამო ბაღი 40-მა აღსაზრდელმა დატოვა და კერძო სტრუქტურაში გადავიდა.
საერთოდ, ომის შემდეგ კერძო ბაღების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. “ცისარტყელა” ერთ-ერთი მათგანია. “ცისარტყელა” 1 ოქტომბერს გაიხსნა. ყოველთვიური გადასახადი 200 ლარია, რაც სახელმწიფო ბაღებში არსებულ გადასახადს 180 ლარით აღემატება.
“ცისარტყელას” საცხოვრებელ კორპუსში 3 ოთახი უკავია, არც ეზო აქვს (მხოლოდ გეგმაშია!), მიუხედავად ამისა, მშობლებს, რომელთაც სამსახური ან სხვა გარემოება საშუალებას არ აძლევთ, ბავშვებთან მთელი დღე გაატარონ, შვილები კერძო სექტორში მაინც მიჰყავთ.
იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანაა, მსგავსი ტიპის კერძო სტრუქტურების გახსნა შემოსავლის იოლი წყაროა. მთავარია, 1-2 ოთახი, კვალიფიციური პედაგოგი, ძიძა, სისუფთავე და აღმზდელობითი პროგრამა და... კერძო ბაღიც მზად არის, ანუ შეიძლება, ითქვას, რომ ვიღაცეები ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით ხელს ითბობენ...
მარიამ ქვლივიძე
www.fact.ge
