ტანკით გადავლილი საფლავების გასაჭირი
კარალეთის საშინელი დღეები
გორის რაიონის სოფელი კარალეთი აქამდე, ალბათ, მხოლოდ გალაკტიონის ცნობილი ლექსით იყო - ”გაგონდება თუ არა, კარალეთის დღეები, ზეცის ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები...” რუსული აგრესიის პერიოდში, კარალეთი ე.წ. ბუფერული ზონის პირველი ქართული ოკუპირებული სოფელი გახლდათ. ომის დროს, კარალეთში კასეტური ბომბები ვენახებში ჩამოცვივდა. რაც ამ ბომბებმა ვერ ქნა, ის სეპარატისტებმა და რუსმა მოროდიორებმა ”მოახერხეს”.
კარალეთში დანგრეული და გადამწვარია 20 სახლი, მიწასთანაა გასწორებული სამედიცინო ამბულატორია, რომელიც ახალი აშენებული იყო და მისი აშენება სახელმწიფოს 450 000 ლარი დაუჯდა. გადამწვარია სოფლის გამგეობა და პოლიციის შენობა. დაბომბილი, ან დანაღმულია ბაღები, ვენახები და ბოსტნები... ამის მიუხედავად, სიკვდილს გარიდებულმა კარალეთელებმა სოფელში დაბრუნება მაინც დაიწყეს და საკმაოდ იმედიანადაც არიან.
ელგუჯა ბაბანაშვილი, კარალეთის მკვიდრი: ”ომის დროს, სოფლიდან ფეხი არ გამიდგამს. ჩემი შვილები, შვილიშვილები და რძლები გავუშვი. მე კი სახლის სადარაჯოდ დავრჩი. არ მეშინოდა-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. როგორ არ შემეშინდებოდა, როცა ყოველ ღამეს მესმოდა, სოფელში როგორ დაძრწოდნენ ყაჩაღები და როგორ ძარცვავდნენ სახლებსა და დაწესებულებებს. ისმოდა სროლის ხმებიც და ყოველი გასროლის შემდეგ, გაქცევას ვფიქრობდი, მაგრამ მაინც დავრჩი.
ერთ საღამოს, რუსები და კაზაკები ჩემთანაც მოვიდნენ. სახლი, ალბათ, ცარიელი ეგონათ. მე რომ დამინახეს, ცოტა დაიბნენ და არაყი მთხოვეს. მეც გავუტანე და ჩავაცეცხლე. ამის მერე აღარ მოსულან.
კარალეთში რუსებმა ორი მოხუცი კაცი მოკლეს. ორივე სრულიად უდანაშაულო ადამიანი იყო. როგორც ამბობენ, რუსები მთვრალები იყვნენ და მოხუცები გართობის მიზნით დახოცეს”.
ომის დროს, კარალეთთან მდებარე სამმა რესტორანმა, ბუნებრივია, მუშაობა შეწყვიტა. ერთ-ერთ დაკეტილ რესტორანში, სადაც მხოლოდ დარაჯი იყო დარჩენილი, ბეტეერით სეპარატისტები მისულან. მათ იქვე, აუზში გაშვებული კალმახები მოუვიდათ თვალში. წყალში გადაეშვნენ, თევზები დაიჭირეს და ისეთი ქეიფი გაუმართავთ, ჭერში ქუდებს ისროდნენ. მოხუცი დარაჯი კი, ამ დროს, დახლზე ჰყავდათ მიბმული.
ახლა კარალეთში დანგრეული სახლების აღწერა და მშენებლობა იწყება, რაც ადგილობრივებს ძალიან უხარიათ. თუმცა, ყველას სურს, სოფლის აღდგენა მისი სახლიდან დაიწყონ, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა, მთავრობამ ერთ დღესაც მშენებლობის პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩეროს.
ირაკლი ოქრუაშვილის სახლი აღარ არსებობს
კარალეთზე ბევრად მძიმე სურათი, სოფელ ტყვიავში დაგვხვდა, სადაც რუსულმა ბომბდამშენებმა, დაახლოებით, 10 ბომბი ჩამოაგდეს და სახლების დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორეს.
საშინელი სანახავია სოფელ ტყვიავის ქარელების უბანი (აქ, ძირითადად, გვარად ქარელები ცხოვრობენ). ამ უბანში დაბომბვების შედეგად, თითქმის ყველა სახლი დაინგრა და მთელი ოკუპაციის მანძილზე, ხალხი რუს აგრესორებს სარდაფებსა და მდინარე ლიახვის ჭალებში ემალებოდა. აგრესორებმა, სხვა სახლებთან ერთად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის სახლებიც ძირფესვიანად დაანგრიეს.
დავით ქარელი, ტყვიავის მკვიდრი: ”ჩემი სახლი, როგორც ხედავთ, აღარ არსებობს. ჯერ დაბომბვამ დაანგრია და რაც დაბომბვას გადაურჩა, მოროდიორებმა წაიღეს და მოსპეს. ახლა უკვე ღია ცის ქვეშ ვარ დარჩენილი, მაგრამ თბილისში სამადლოდ ცხოვრებას, ისევ ჩემს დანგრეულ სოფელში ყოფნა მირჩევნია. თბილისელებისა დიდი მადლობელი ვარ. დევნილობის დროს დიდ დახმარებას გვიწევდნენ, მაგრამ შენი სოფლის ფასი მაინც არაფერია! დღეს ჩვენი გუბერნატორი - ლადო ვარძელაშვილი იყო ამოსული და დაგვპირდა, რომ სახლებს დაზამთრებამდე გაგვიკეთებენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის, თუკი დანაპირებს მართლა შეასრულებენ”.
ომის დროს, სოფელ ტყვიავის ათი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. სოფელში შესული აგრესორები სახლებს ხშირად იმ შემთხვევაშიც წვავდნენ, თუკი გაიგებდნენ, რომ ამა თუ იმ სახლში ქართული ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ცხოვრობდა. სეპარატისტებს, მოღალატე ქართველების დახმარებით, მოსახლეობის სიები ჰქონდათ შედგენილი. აგრესორებმა მშვენივრად იცოდნენ, ვინ ჯარში, ან პოლიციაში მსახურობდა და მათ სახლებს ყველაზე დიდი მონდომებით ანგრევდნენ.
ნგრევა-წვის ნიჭის გარდა, აგრესორებმა სხვისი ჭირნახულის ”დაბინავების” ნიჭიც გამოამჟღავნეს. ლიახვის ხეობის თითქმის ყველა ქართულ სოფელში რუსები და კაზაკები ოს სეპარატისტებთან ერთად დადიოდნენ და იმ მოსავალს იღებდნენ და ეპატრონებოდნენ, რაც მოსავლიანობით მდიდარ ქართულ სოფლებს არ აკლდა - ბერტყავდნენ კაკლებს, კრეფდნენ ვაშლსა და ყურძენს, მიერეკებოდნენ საქონელს... ერგნეთში ჩასულებს, ადგილობრივმა გლეხმა, გივი კასრაძემ გვითხრა, რომ საკუთარი თვალით ნახა სეპარატისტების არნახული უნამუსობა, როცა დიდი სატვირთო მანქანებით ქართულ სოფლებში მსხლების მოკრეფა დაეზარათ, ხეები ძირში მოჭრეს და მანქანები ნაყოფით დახუნძლული მოჭრილი ხეებით დატვირთეს.
სკოლის წამბილწველები
სოფელი ერგნეთი ხეობაში ერთ-ერთი ბოლო სოფელია, რომელსაც ქართული პოლიცია ამ ეტაპზე აკონტროლებს. სოფელში, ქართულ პოლიციასთან ერთად, რუსი ჯარისკაცებიც დგანან და მათი იქ ყოფნის მიზეზად (რაც ყოველგვარი შეთანხმების უსინდისო დარღვევაა) ადგილობრივი მოსახლეობის ვითომდა, დაცვის სურვილს ასახელებენ. რუსების მიერ ”დაცვა” ქართულმა სოფლებმა უკვე კარგად გაიგეს რასაც ნიშნავს და გლეხები სოფლიდან ოკუპანტების გასვლას აქტიურად მოითხოვენ.
სოფელ ერგნეთში სახლების, დაახლოებით, 80% დანგრეული და დამწვარია. როდესაც ამ სოფელში ქართული პოლიცია შევიდა, ერგნეთელები უკან სიხარულით გამოყვნენ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, იმდენად საშინელი სიტუაცია დახვდათ, საკუთარი სოფელი ვერც კი იცნეს.
ბენო კასრაძე, ერგნეთის მკვიდრი: ”ლეიბი რომ ლეიბია, ამ მათხოვრებმა ისიც კი წაიღეს. წვიმას რომ შეეფარო, სოფელში ისეთი ადგილის ნახვაც კი ძნელია. ყველაფერი ისეა გაპარტახებული, გული დაგეწვება კაცს. სანამ რუსები აქედან საბოლოოდ არ წავლენ, მანამდე ხალხის ბოლომდე დაბრუნებას აზრიც არ ექნება. სახლები თუ არ გააკეთეს, ხეების ქვეშ ხომ არ დავიძინებთ?!”
აგრესორების ”ვიზიტის” კვალი ერგნეთის საშუალო სკოლასაც ატყვია. სკოლაში, სადაც 200 ბავშვი სწავლობდა, ახლა დამტვრეული მერხების, დალეწილი ავეჯისა და დახეული წიგნების მეტს ვერაფერს ნახავთ. აგრესორებმა ერგნეთელ ბავშვებს, ნანგრევების გარდა, რუსული გაზეთი ”რუსული ძალა” და სკოლის დაფაზე დაწერილი უხამსი წარწერები დაუტოვეს. ერთ-ერთი უხამსი წარწერა ქართულ ენაზეა შესრულებული. წარწერის ავტორი, სავარაუდოდ, ოსი სეპარატისტი უნდა იყოს, რომელმაც საბჭოური განათლების სისტემის გადამკიდემ, ქართული სკოლა, ალბათ, ისე დაამთავრა, ქართული ასოების ”კ”-ს და ”ყ”-ს გარჩევა მაინც ვერ ისწავლა.
ომი და მწარე სინამდვილე
ომის დროს, დიდი წინააღმდეგობის გამო, საპარატისტებმა სოფელი ზემო ნიქოზი განსაკუთრებულად დასაჯეს. გზებზე მიმოყრილი დამწვარი და ტანკებით გადავლილი მანქანები, გზებზე და მის გარშემო თვითმფრინავებიდან ჩამოყრილი ბომბების მიერ დატოვებული უზარმაზარი ღრმულები, აფეთქებული და გადამწვარი სახლები - ასე გამოიყურება ლიახვის ხეობის რელიგიურ ცენტრად წოდებული სოფელი ზემო ნიქოზი.
ყველაზე მძიმე სანახავი აფეთქებული და გადამწვარი ნიქოზის საეპისკოპოსო რეზიდენცია და ბერების საცხოვრებელი კომპლექსია. ეკლესიის შესასვლელ ეზოში ორი დამწვარი მანქანა აგდია. ერთი ”ნივა”, მეორე სასწრაფო დახმარებისა უნდა ყოფილიყო. შესასვლელ ჭიშკარს ემჩნევა აფეთქებული ყუმბარების ნამსხვრევების კვალი. გადამწვარია საეპისკოპოსო რეზიდენცია, რომლის აღდგენა ახალი დამთავრებული იყო.
ბერების საცხოვრებელიც მთლიანად გადამწვარია. შესასვლელთან ორ ადგილას აგდია ბერების კუთვნილი ორი აფეთქებული ავტომანქანა. იქვე დაყრილ თუნუქის სახურავის ნაწილებს აშკარად ეტყობა თვითმფრინავიდან ნასროლი აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევების კვალი. კედლებს შერჩენია ყუმბარმტყორცნიდან პირდაპირ ახლო მანძილიდან ნასროლი და გადატარებული ავტომატის ტყვიების კვალი. დარბეული კომპლექსის შუაგულში დასვენებულია ღვთისმშობლის დამწვარი გამოსახულება, რომლის მეტალის სილუეტიღაა დარჩენილი. ასევე, დამწვარია დიდი მეტალის ჯვარი. ნანგრევებში წავაწყდი რამდენიმე რაკეტის ნამსხვრევს. ბერების საცხოვრებელ კედლებზე დამწვარი ხატების ანარეკლებიღაა შემორჩენილი.
ბოროტებას ეროვნება არა აქვს!
ნიქოზის ეკლესიის სამრეკლოდან კარგად მოჩანს დამწვარი და აფეთქებული სახლები. უყურებ ამ ყველაფერს და ფიქრობ - ნუთუ ადამიანს შეუძლია ასეთი ბოროტების ჩადენა?! ბოროტებას, რომელსაც ეროვნება არა აქვს, თურმე ყველაზე საშინელი რამ შესძლებია...
მივდივარ სასაფლაოსკენ (ნიქოზის სასაფლაოდან ქალაქი ცხინვალი ხელის გულივით მოჩანს) და ისევ ვხვდები გაძარცვულ და აფეთქებულ სახლებს. შელეწილ ჭიშკრებსა და იავარქმნილ ეზოებს... ჩამოყრილ ელექტროგადამცემ ხაზებსა და ბოძებს... სასაფლაო სოფლის ბოლოს გორაკზეა.
გზაზე ვხვდები გადამწვარ და აფეთქებული ქართული სამშვიდობო ჯარების ბლოკ-საგუშაგოს და დამტვრეულ სამხედრო მანქანას. ავდივარ სასაფლაოზე, სადაც გულისგამხეთქი სანახაობაა. ტანკებით გადავლილი საფლავის ქვები საშინლად იმზირებიან. ასევე მოსჩანს ჭურვებით აფეთქებული სასაფლაოები... ერთ-ერთ საფლავთან ღრმადაა ჩარჭობილი თვითმფრინავიდან ნასროლი ჭურვი, რომელიც არ აფეთქდა. ადგილობრივები მიყვებიან, რომ რუსები გაფაციცებით დაეძებენ აუფეთქებელ რაკეტებს და თან მიაქვთ კვალის დაფარვის მიზნით, თუმცა, ტყუილად ირჯებიან, რადგან ფაქტია, რომ საკუთარი ბარბაროსობის კვალს ისინი ვერასოდეს წაშლიან.
სასაფლაოდან კარგად მოჩანს ცხინვალი და მშენებარე რუსული სამხედრო ბაზა, მიწაყრილები და შიგ ჩამალული ჯავშანტექნიკა. ვცდილობ, ცოტა უფრო ახლოს მივიდე და გადავიღო ბაზა. ვამჩნევ რუს ოკუპანტებს, რომლებიც ჭოგრიტებით მზვერავენ. წინ წასვლა სიცოცხლისთვის უკვე მეტად სახიფათოა... იძულებული ვარ, უკან დავბრუნდე.
ჩემთან ერთად, უცხოელი ჟურნალისტებიც არიან. მესმის, ნანახის გამო ხმადაბლა როგორ იგინება შეძრწუნებული გერმანელი ჟურნალისტი. ვის აგინებს, ეს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4365