ციხეები ბაჩო უფროსისათვის
საქართველოში ციხის (მით უფრო - ყველა ციხის) უფროსობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თანამდებობაა. არცთუ დიდი ხნის წინ, საქართველოში ციხეები ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ დაწესებულებებად ითვლებოდა. კანონი მაშინაც მკაცრი იყო, მაგრამ იქაურ სამზარეულოში ჩახედულები არ მალავდნენ, რომ მხოლოდ ნარკოტიკებს კი არა, ფული თუ აქვს პატიმარს, ციხეში ტანკსაც შეიტანს. არსებობს ზუსტი ინფორმაციები, რომ დამნაშავეები ფულს იხდიდნენ და რამდენიმე დღით თავისუფლებას ყიდულობდნენ. ასეთი რამ მოხდა იუსტიციის მინისტრად კოტე კემულარიას მუშაობის პერიოდში, როცა ერთ-ერთი ”კანონიერი ქურდი” ციხეში კი არ იჯდა, საეჭვო რეპუტაციის გოგირდის აბანოში ნებივრობდა.
ციხეებში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა 1997 წლიდან, როცა სასჯელაღსრულების სისტემა, შსს-ს ნაცვლად, იუსტიციის სამინიტროს დაექვემდებარა. შსს-ს გაუჭირდა, რადგან ციხეებში მყოფი ე.წ. ნასედკებით საქმეებს რეკორდული ტემპით ვეღარ ხსნიდა. თუმცა, ამავე დროს, შსს-სა და პოლიციის სამმართველოს ამა თუ იმ სართულიდან პატიმრების გადმოხტომაც შეწყდა. მოკლედ, იუსტიციის დაქვემდებარებაში ციხეების გადასვლით ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი გაიზარდა. ეს, დიდწილად, საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურება იყო, რომლებიც მაშინდელ ხელისუფლებას კარგა ხანს უკიჟინებდნენ, ციხეები პოლიციისთვის ჩამოეცილებინათ.
”ვარდების რევოლუციის” ხელისუფლების მოსვლამდე, ციხეში ”კანონიერი ქურდების” თავგასულობას ბოლო მაინც ვერ მოეღო. შემდეგ კი, სამოცამდე ”კანონიერი ქურდი”, ყველა ერთად, შსს-ს იზოლატორში, ე.წ. კაპეზეში გაამწესეს. ამ დაწესებულებას დღეს ¹7 საპყრობილე ჰქვია და ყველაზე ”პრესტიჟული” პატიმრებიც დღემდე აქ არიან. თუმცა, მათი ცხოვრება არაფრით განსხვავდება დანარჩენებისგან - საკანსაც თვითონ ალაგებენ და ”პარაშაც” თავად გააქვთ.
მართალია, ბოლო დროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ციხეების უფროსთა უფროსი (სლენგით - უმფროსი), ბაჩო ახალია სკანდალში აღარ გახვეულა, მაგრამ სახალხო დამცველის უწყებიდან ციხის უფროსად გადასულ ახალაიას სახელი მაინც გატეხილი აქვს. მისთვის პირველი, და ყველაზე დიდი ბრალდება 2006 წლის 27 მარტს ციხეში მომხდარი ბუნტი იყო. არაოფიციალური ვერსიით, ბუნტის მიზეზი სწორედ ბაჩო ახალაია გახდა, რომელიც ღამის საათებში ”რეზბალნიცაზე” ნასვამი შევიდა და ”კრიმინალურ გარჩევებში” ჩაერთო. ამის დასადასტურებლად ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა მეორე დღეს ახალაიასთვის ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს დამოუკიდებელი ექსპერტების დასწრებით, მაგრამ - ამაოდ.
ახალაია-სუბარს შორის პირველი განხეთქილების მიზეზიც ეს ბუნტი გახდა. მოგვიანებით, დაპირისპირებულთა წრე გაფართოვდა. მათ შორის, ბადრი პატარკაციშვილიც აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ბუნტის შემდეგ, სოზარ სუბარს ე.წ. ექსკანონიერმა ქურდმა პლატონ მამარდაშვილმა ჩვენება მისცა, რომ ციხის ბუნტი ახალაიას კაბინეტში დაიგეგმა. პატიმარი ყვებოდა, რომ სცენარის დაგეგმვისას, ახალაიას კაბინეტში, მის გარდა, ”კანონიერი ქურდი” ზედელაშვილი და პატიმარი ვიბლიანი იმყოფებოდა. ახალაიას მხრიდან კი, გეგმის შემუშავებას მისი მოადგილე ნუკრი ხუხუა, №7 საპყრობილის უფროსი მეგისი ქარდავა და ორი უცნობი ესწრებოდა. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მამარდაშვილმა ომბუდსმენს უმტყუნა. სუბარი კი ”კანონიერი ქურდების” დამცველად მონათლეს.
ამ ამბის შემდეგ, სკანდალი მამარდაშვილი-ახალაიას გარიგების ჩანაწერი გახდა. კერძოდ, ცნობილი ”სოდისტი” – ”მასტერა”, იგივე გიორგი დგებუაძე მამარდაშვილთან ციხეში ოპერატიული ინფორმაციის მოსაძიებლად შევიდა და მასთან ერთად, პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმებს აწყობდა. როგორ მოხვდა მამარდაშვილის ხელში ”სონის” ფირმის ჩამწერი, ვინ იზრუნა მის შეტანაზე, ანდა, რატომ ჰქონდა სოდ-ის თანამშრომელ ”მასტერას” ყოფილი ”კანონიერი ქურდის” მონახულების უფლება, ამ კითხვებზე პასუხი უცნობი დარჩა.
ახალაიას წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის ახლობლებიც ჩიოდნენ და აცხადებდნენ, რომ სანდროს მკვლელები არათუ ერთ საკანში ჰყავდათ, სხვა ფუფუნებითაც ანებივრებდნენ.
საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების გამო, ხელისუფლებას საერთშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-იც აკრიტიკებდა. მათ 115-გვერდიანი ანგარიშიც გამოაქვეყნეს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ბაჩო ახალაიას სავარძელი ვერაფერმა შეარყია.
იქნება თუ არა სამინისტრო ციხის პრობლემის გამოსავალი
იუტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებით გადაწყდა, რომ ციხე იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში აღარ დარჩება. ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება და პრეზიდენტს დაექვემდებარება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, მაგრამ მას პრეზიდენტი დანიშნავს და გაათავისუფლებს.
კანონმდებლების აზრით, ამ უწყებების გაცალკევებას თავისი მიზეზები აქვს. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შემდეგ, მიზანშეწონილი აღარაა, ერთი უწყების ხელში სისხლის სამართლის დევნაც იყოს და სასჯელის აღსრულებაც. ანუ, მთავარი მოტივი იგივეა, რაც ციხეების შსს-დან იუსტიციის დაქვემდებარებაში გადასვლისას მოხდა. თუმცა, როგორც კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკე გამოყოფაზე დაიწყო საუბარი, იმწუთიდან აგორდა მითქმა-მოთქმა, რომ პრეზიდენტს ბაჩო ახალაიასთვის ავტონომიის შექმნა სურდა. ერთ-ერთი ვერსიით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობას ნიკა გვარამიას უპირებენ. ახალაია კი ამ უწყებაში დარჩება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ-გენერალურ პროკურორს, ამ თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილს ასახელებენ.
ვინაიდან პრეზიდენტისთვის ციხის უწყების დაქვემდებარებამ უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია, გადაწყდა, რომ შეიქმნება სამინისტრო, ხოლო მინისტრს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. ახალი სამინისტროს შესახებ დეტალები გარკვეული არ არის, მაგრამ ცნობილია ის პრიორიტეტები, რომელთა განხორცილებაც ახალი უწყების ახალ ხელმძღვანელს მოუწევს. უპირველესი ამოცანაა, პენიტენციალური სისტემის კიდევ უფრო განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და პატიმართა ჯანდაცვის მაღალ ხარისხში აყვანა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სამინისტროს უწყებაში პრობაციის სამსახურის გაერთიანება, რომელიც პატიმართა გამოსწორებაზე იზრუნებს.
ოთარ კახიძე, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი: ”თავდაპირველად, კანონპროექტით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახური დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიული პირად ყალიბდებოდა და ხელმძღვანელს პრეზიდენტი ნიშნავდა. ჩვენ პარლამენტს მივაწოდეთ რეკომენდაცია, რომ უწყების პრეზიდენტზე დაქვემდებარება და პარლამენტის კონტროლის ამოვარდნა საზიანო იქნებოდა. შენიშვნა გაითვალისწინეს. პრინციპის დონეზე შეთანხმებულია, რომ შეიქმნება სამინისტრო. მინისტრს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი და არა, პრეზიდენტი. მინისტრის მიმართ საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება, როგორც მისთვის შეკითხვების დასმით, ისე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით. ჩვენთვის სამინისტროს ფორმა იმიტომაა მისასალმებელი, რომ სასჯელაღსრულება და პრობაცია გაერთიანდება და ერთად იზრუნებენ პატიმრის არა მხოლოდ იზოლირებაზე, გამოსწორებაზეც. მსჯავრდებულის რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გაცილებით მნიშვნელოვანია.
განვითარებულ ქვეყნებში, ერთ სისტემაშია სასჯელაღსრულებაც და დავუშვათ - პროკურატურა, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის გამო, ჩვენთან ეს მიუღებელია. პროკურატურის მიმართ საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს. ომბუდსმენი ამ უწყების შესახებ უამრავ საჩივარს გზავნის, მაგრამ საჩივრებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. ანუ, პროკურატურა და ციხე ერთად რომ დარჩენილიყო, კვლავ მრავალი კითხვა იქნებოდა. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ჩვენ პერსონებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ეს პრემიერ მინისტრის გადასაწყვეტია, ვის გაამწესებს. შესაძლოა, კვლავ ის აღმოჩნდეს, ვინც ამჟამადაა”.
ძალიან იშვიათია ხელისუფლების ინიციატივა, რომელსაც ქართული ოპოზიცია იწონებს. ცვლილებების საწინააღმდეგოდ, საინტერესო არგუმენტები აქვს პარტია ”ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ეკა ბესელიას.
ეკა ბესელია, იურისტი: ”მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულება სამინისტროდ გადაკეთდება. ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი კიდევ უფრო მეტი ქაოსისკენაა მიმართული და ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება პიროვნებებზეა მორგებული. თუმცა, არ ვიცი, ახალაიას თავისი უფლებამოსილებით კიდევ მინისტრის რანგში აყვანა სჭირდება? მისი კომპეტენცია ყოველთვის მინისტრის ტოლფასი იყო, ის არც ერთ იუსტიციის მინისტრს არ ექვემდებარებოდა და ყველა უწესო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებდა.
ფაქტია, რომ უამრავი დასაბუთებული ბრალდების, ეჭვებისა თუ კომპრომატების მიუხედავად, ახალაია ისევ რჩება თანამდებობაზე. ეს კი პირდაპირ მეტყველებს, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისთვის საყრდენი წერტილი ახალაიების შტოა, მათ შორის - ბაჩო ახალაია, როგორც პენიტენციალური სისტემის მამა. მიმაჩნია, რომ ციხის უწყება სამინისტროს ფორმატში კიდევ უფრო ავტონომიური იქნება. შესაბამისად, საზოგადოებრივი კონტროლიც კიდევ უფრო მოიკლებს და ის კვლავ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სეგმენტად დღევანდელ რეალობაში”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4372