დევნილებისთვის ფული ციდან ცვივა?!
რას დაპირდნენ დევნილებს
როგორც ჩანს, ამ საქმისთვის ფული ისე გამოიყოფა და დაიხარჯება, როგორც მოხერხდება, რადგან არ არსებობს ერთი კონკრეტული უწყება, რომელიც დევნილების საცხოვრებელ სახლებში შესახლებაზე იქნება პასუხისმგებელი. რატომღაც, მთელ ამ პროცესს კოორდინაციას შს მინისტრი უწევს და თუ მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, საქმეს პასუხისმგებლობითაც უდგება.
ვანო მერაბიშვილის თქმით, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები ხაშურის, ქარელის, გორისა და მცხეთის რაიონებში აშენდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმთავრებელი შენობების შეკეთება და იძულებით გადაადგილებული პირები ამ შენობებშიც განთავსდებიან.
მინისტრის ინფორმაციით, ხაშურის რაიონში საცხოვრებელი სახლები შენდება შემდეგ სოფლებში: ფოცხნარაში, ოსიაურში, ცხრამუხაში. ქარელის რაიონში: ახალსოფელსა და მოხისში. კასპის რაიონში: თელიანში, მეტეხსა და აღაიანში. გორის რაიონში: ვერბუკში, შავშვებში, სკრასა და ხურვალეთში. ირჩევა ადგილები ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მცხეთის რაიონში: წეროვანსა და წილკანში. გარდა ამისა, მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმთავრებელი შენობების შეკეთება, რათა ამ შენობებში განთავსდნენ იძულებით გადაადგილებული პირები. ეს არის თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში 420 ბინა, გარდაბანში - 120 ბინა, მარნეულში - 300 ბინა. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა რაიონებში დღეისთვის, უკვე 600 ბინაა შერჩეული.
მინისტრის განმარტებით, ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს დამატებითი სამუშაოების განხორციელება. რაც შეეხება გორისა და ქარელის იმ სოფლებს, რომლებიც ე.წ. ბუფერულ ზონებში არიან, მერაბიშვილის თქმით, იქ სამშენებლო პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ამ ტერიტორიაზე შსს-ს მიერ კონტროლი სრულად აღდგება.
ცნობილია, რომ სოფელ წეროვანთან სამუშაოების დასრულება ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი. აქ 1 100 საცხოვრებელი სახლი აშენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სახლები უზრუნველყოფილი იქნება ერთიანი გაზიფიცირებით და კომუნალური მომსახურებით, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და პირველადი მოხმარების საგნებით.
საქართველოს ხელისუფლება იმასაც აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და საბოლოოდ, დევნილები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან. ”ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა დევნილი საკუთარ საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდეს, სადაც უნდა იყოს, იქნება ეს გორის, ქარელის, ხაშურის, ახალგორისა თუ სხვა რაიონები”, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა, 18-თვიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დახმარებისა და აღორძინების პროგრამას იწყებს: ”მთავრობა ააშენებს და გაარემონტებს სახლებს იმისთვის, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეუქმნას დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების მოსახლეობას”.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მონაცემებით, რომელიც მშენებლობის ზედამხედველობას ახორციელებს, დაზარალებული მოსახლეობისთვის, სულ, 1’375 სახლი აშენდება კასპის რაიონის სოფელ თელიანში 54, მეტეხში 35, აღაიანში კი 112 საცხოვრებელი სახლი შენდება.
გორის რაიონის სოფელ ბერბუკში 134, სკრაში 86, ხურვალეთში 139, შავშვებში 177, კარალეთში 480 სახლი შენდება. ქარელის რაიონის სოფელ ახალსოფელში 100, სოფელ მოხისში კი 58 სახლი აშენდება.
სოფელ შავშვებთან 177 სახლის მშენებლობა 17 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. აქ დევნილები, ძირითადად, გორში მდებარე ”კარვების ქალაქიდან”, ფრონესა და პატარა ლიახვის ხეობებიდან დასახლდებიან.
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის, ლადო ვარძელაშვილის თქმით, სახლების გარდა, დევნილებს მიეცემათ სასოფლო-სამეურნეო მიწები, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფაზე, რითაც დევნილებს შესაძლებლობა ექნებათ, საქონელი შეიძინონ და მოაშენონ.
ფინანსური ქაოსი
რა ფულით აპირებს ხელისუფლება დანაპირების შესრულებას, ამ ეტაპზე ცოტა ბუნდოვანია. ცნობილია, რომ გორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დევნილთა დასახმარებლად, 124’000 ლარი გამოიყო. ამ თანხიდან, 94’000 ლარი იმ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი, სადაც დევნილები შესახლდნენ, დანარჩენი თანხა კი, იძულებით გადაადგილებულთა საკვებისთვისაა. გორის საკრებულოში იმასაც აცხადებენ, რომ აღდგენით სამუშაოებს მარტო ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება. ამიტომ, ქალაქს ცენტრალური ხელისუფლებაც ეხმარება.
სამაგიეროდ, უცხოელებს ზუსტად აქვთ აღნუსხული, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამისთვის საიდან რა თანხა და რაში იხარჯება. ორმილიონნახევარი ევრო, რომელიც ევროკომისიამ მესამე ეტაპზე გამოყო, ცხინვალს, ასევე, რამდენიმე ქართულ და ოსურ სოფელს ხმარდება. პროგრამის მიმდინარეობას კოორდინირებას უწევს ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. აღდგენით სამუშაოებში კი გაერო-ს განვითარების პროგრამა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატია ჩართული. პროგრამის მიზანია, ომით დაზარალებულ ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება და აღდგეს ურთიერთნდობა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის.
ეს ინფორმაცია ევროკომისიის საიტზეა განთავსებული: ”საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს კონფლიქტის ზონაში დევნილთა დახმარების პროცესში ჩართვა დაავალა. ევროკავშირის 2.5-მილიონიანი ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამით დევნილებისთვის თანხის დიდი ნაწილი - 800’000 ევრო გამოიყო. ამ დაფინანსებით, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დევნილებისთვის სახლები ააშენა. მართალია, ამ სახლებში არ არის ისეთი პირობები, როგორიც მოსახლეობას ომამდე ჰქონდა, თუმცა მათ უკვე საკუთარი ჭერი აქვთ”.
- ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით, მათ არაერთი წერილი გაგზავნეს ადგილობრივი ორგანოებში. თუმცა პასუხები იმდენად ბუნდოვანია, ხელმეორედ დასჭირდათ იურისტებს წერილების გაგზავნა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ ჩატარებული მოკვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დევნილებისთვის ფულის გამოყოფისა და ხარჯვის პროცესი საკმაოდ ბუნდოვანია.
ომის დაწყებამდე, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 მლნ ლარს აღწევდა, ომის შემდეგ, ორ თვეში 19’500’000 გახდა. ორი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველად 27 სექტემბერს შეიკრიბა, თუმცა იქ მხოლოდ 1 მლნ ლარის შესახებ ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. დანარჩენი 8’500’000 რა პროცედურებით გაჩნდა გორის ბიუჯეტში, ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, არავინ იცის.
”ადამიანის უფლებათა ცენტრში” კი აცხადებენ, რომ ძნელი დასადგენია, ჩამსხვრეული მინის შესაკეთებლად ვის უნდა მიმართოს დაზარალებულმა ოჯახმა, შსს-ს, ფინანსურ პოლიციას, პრეზიდენტის სამხარეო ადმინისტრაციასა თუ გამგეობას.
სხვათაშორის, ერთ-ერთი გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა შსს-სთვის დაფინანსების გაზრდა იმით ახსნა, რომ ეს ფული დევნილთა დაბრუნებას უნდა მოხმარებოდა.
ასევე ცნობილია, რომ დევნილების თანხების მითვისების ფაქტზე გურჯაანის სოციალური განვითარების სამსახურის უფროსი დაკითხეს. გავრცელებული ცნობით, დევნილებისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გაავრცელა განცხადება, რომ ადგილობრივი გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ ბიზნესმენებისა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მოტივით გამორთმეული ათიათასობით ლარი არამიზნობრივადაა გახარჯული. თანხის დიდი ნაწილის ხარჯვის შესახებ კი ინფორმაცია ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.
რა თანხებს მოახმარენ დევნილებს
მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების თანახმად, ცვლილებების თანახმად, 340 მლნ ლარი აგვისტოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დონორი ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობებისგან მისაღები გრანტები გვაქვს, ხოლო 14.5 მლნ ლარი - უკრაინის მთავრობისგან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი. ეს და საბიუჯეტო უწყებების დაფინანსების შემცირების ხარჯზე გამოთავისუფლებული სხვა თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება.
107, 5 მლნ ლარი - რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის განსახლებისთვის. ეს თანხა განაწილდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
150 მლნ ლარი - თავდაცვის სამინისტროს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.
100 მლნ ლარი - შსს-ს, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაფინანსებისთვის. შედეგად, შსს-ს დაფინანსება წელს 740 მლნ ლარი გახდება.
ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 257 მილიონი ლარით იზრდება. მთავარ საბიუჯეტო პრიორიტეტებს დევნილების სოციალური დახმარება და რუსეთის ინტერვენციის შედეგად, თავდაცვისა და სამოქალაქო სფეროებში მიყენებული ზარალის აღმოფხვრა წარმოადგენს.
კონკრეტულად, რა თანხები მოხმარდება დევნილებს, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობითაც ძნელი დასადგენია. ადვილი წარმოსადგენია, როგორ გაძნელდება ამ ინფორმაციის მოძიება მაშინ, როცა თანხები უკვე ათვისებული იქნება. დამატებითი კითხვები როცა ისმის, ყველა უწყება ბუნდოვან, თანაც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. ფაქტია, რომ დევნილებისთვის სახლები შენდება, რაღაც ნამდვილად კეთდება და როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა - ”ამის არდანახვა არ შეიძლება”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4373