საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ რუსული მხარე მომავალში მეტი პასუხისმგებლობით
რუსეთის ფედერაციამ უარი განაცხადა პლენარულ სხდომაში მონაწილეობაზე, რომელიც, წინასწარი შეთანხმების თანახმად, შედგება ევროკავშირის, ეუთო-სა და გაერო-ს, როგორც შუამავალ მხარეთა და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს, როგორც ოფიციალურ მონაწილეთა წარმომადგენლებისგან. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, მონაწილეობა არ მიეღო პლენარული სესიის მუშაობაში, შეაფერხა მოლაპარაკებების წარმატება დღის დარჩენილ ნაწილში.
"მოგვიანებით კი, არაფორმალურ პროცედურულ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც მონაწილეები ესწრებოდნენ ინდივიდუალური ფორმით და, რომელშიც ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, რუსული კონტროლის ქვეშ მყოფი მარიონეტი რეჟიმების წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, როგორც "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის" წარმომადგენლებმა. მათ, ასევე, უარი განაცხადეს ერთ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური მთავრობების წარმომადგენლებთან, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის შედეგად ეთნიკური წმენდისა და 90-იანი წლების დასაწყისიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეუძლებელი გახდა წინასწარ შეთანხმებული სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გამართვა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევემ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებით. საერთაშორისო შუამავლებთან ერთად, ქართული მხარე ბოლო წუთამდე ელოდა შეხვედრის გამართვას, თუმცა მარიონეტი რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ობსტრუქციული პოზიციის შედეგად ხელიდან იქნა გაშვებული კონსტრუქტიული და შინაარსიანი დიალოგის შესაძლებლობა.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ 18 ნოემბერს ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები გაგრძელდება.
www.InterPressNews.ge
