სად გაქრა 5 000 ადამიანის კუთვნილი პენსია
“პენსიებს “სახალხო ბანკი” ერთი თვით შეგნებულად არ გასცემს, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისის პერიოდში ეს თანხა “დაატრიალოს” და მოგება ნახოს”, _ მიაჩნია ლეიბორისტული პარტიის წევრს, გიორგი გუგავას. როგორც გუგავასთან საუბრით გაირკვა, “ლეიბორისტებს” დასახმარებლად სულ 20 მოხუცმა მიმართა, თუმცა შრომისპარტიელები იუწყებიან, რომ უპენსიოდ სულ 5 000 ადამიანი დარჩა.
“პირადობის მოწმობა პენსიის ასაღებად საჭირო არ არის, რადგან პენსიონერებმა პირადობის მოწმობები მაშინ წარადგინეს, როცა პლასტიკური ბარათები მისცეს. არ გამოვრციხავ, რომ ყველაფერი ეს “სახალხო ბანკის” ინიციატივით ხდებდეს. ამ პენსიონერებისთვის, უხეში გათვლით, სახელმწიფომ დაახლოებით, 10 მილიონი გამოყო”, _ აცხადებს გუგავა.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად “ფაქტი” “სახალხო ბანკსაც” დაუკავშირდა, სადაც “ლეიბორისტების” ბრალდება უარყვეს და ხელი სოციალური სუბსიდიების სააგენტოსკენ გაიშვირეს.
“ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება. “სახალხო ბანკს” სოციალური სუბსიდიების სააგენტომ გადმოსცა სია, რომლის მიხედვითაც რიგედება პენსიები. ამ ადამიანებს პირადობის მოწმობებს სწორედ იმიტომ ვთხოვთ, რომ შევამოწმოთ, აღნიშნულ სიაში არიან თუ არა”, _ აცხადებენ “სახალხო ბანკის” პრესამსახურში. თუმცა, “სახალხო ბანკში: ვერ ასაბუთებენ, რა საჭიროა პლასტიკურ ბარათთან ერთად პირადობის მოწმობების წარდგენა.
მოკლედ, “სახალხო ბანკმა” სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილესთან გადაგვამისამართა, რომესაც “ფაქტი” დიდი მცდელობის შემდეგ დაუკავშირდა. სოსო ბრეგვაძის განმარტებით, მოხუცები გაუგებრობაში კი არ მოყვნენ, არამედ პენსია მათ საკუთარი დაუდევრობის გამო ვერ აიღეს.
“პლასტიკური ბარათები პენსიონერებმა აიღეს იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ გამოსადეგი იყო ძველი, საბჭოთა პასპორტები. ამ პენსიონერებისგან ზოგი გარდაიცვალა და მის პენსიას ვიღაც მაინც იღებს, ამასთან, მათ ქართული პირადობის მოწმობები და პასპორტები უნდა აიღონ, შემდეგ საკუთარი პირადი ნომერი უნდა ჩაგვაწერინონ და პენსიას უპრობლემოდ მიიღებენ. ამAმოთხოვნით ჩვენ პენსიონერებს განცხადებები გავუკარით “სახალხო ბანკში”, საპენსიო ორგანოში, სახლებში წერილებიც დავუგზავნეთ, სადაც მითითებული იყო, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პენსიის აღებაზე პრობლემები შეექმნებოდათ.
ასეთი პენსიონერი სულ 30 000-ია, ამათგან, 25 ათასი დაგვემორჩილა, ხოლო 5 000-ს პირადობის მოწობა და შესაბამისად, პირადი ნომერი არ მოუტანია. სწორედ ეს ადამიანები არიან ამ თვეში უპენსიოდ დარჩენილები”, _ განაცხადა “ფაქტთან საუბრისას სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, სოსო ბრეგვაძემ.
მოკლედ, კანონი კანონია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 5 ათასი მოხუცი ღვთის იმედზეა დარჩენილი...
ფიქრია ჭალიძე
www.fact.ge
