საქართველო ინტერნეტის გარეშე
რევანშისტები
”კავკასუს ონლაინმა” შავი ზღვის ფსკერზე 1200 კმ-ანი ოპტიკური კაბელის გასატარებლად უზარმაზარი ინვესტიციები განახორციელა. პროექტის მიზანი საქართველოს საერთაშორისო სერვერებთან თანამედროვე და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაკავშირებაა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოები თბილისში ამ დრომდე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი თბილისს საქართველოს ყველა დიდი ქალაქი დაუკავშირდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოს ყველა რაიონულ ცენტრსა და დაბაში გაივლის.
უკაბელო ინტერნეტის, ე.წ ”ჯელინკის” პროექტი უკვე წელწადზე მეტი ხანია ხორციელდება. სულ ახლახანს კი, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ”აღმოაჩინა”, რომ თურმე, კომპანიას თბილისში კაბელების გასაყვანად საჭირო ლიცენზია არ ჰქონია.
კონკრეტულად რომელ ლიცენზიას გულისხმობენ ქალაქის მთავარი ზედამხედველები, რთული სათქმელია. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში ზედმიწევნითაა მითითებული, კონკრეტულად რომელ საქმიანობაზე ეკისრება ვალდებულება ამა თუ იმ პირს ლიცენზიისა და ნებართვის ასაღებად.
”კავკასუს ონლაინის” იურისტი დავით კაპანაძე განმარტავს, რომ კანონში მხოლოდ მშენებლობის ნებართვაზეა საუბარი, რომლის აღება იმ პირის ვალდებულებაა, რომელიც ხაზობრივი ნაგებობების აშენებას აპირებს.
თავად ხაზობრივი ნაგებობის შესახებ განმარტება არსადაა, თუმცა, ამ ტერმინის უკან, ძირითადად, მაგისტრალური გაზსადენები, წყალგაყვანილობის სისტემები და ა.შ. იგულისხმება. რაც შეეხება ”კავკასუსს ონლაინს”, კომპანიაში თვლიან, რომ მათ საქმიანობას მშენებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს და, შესაბამისად, თავის დროზე, კაბელების გაყვანაზე შესაბამისი სამსახურიდან რეზოლუციები აქვთ აღებული.
- ”თუ ეს კაბელები მშენებლობად დაკვალიფიცირდება, ეს იქნება აბსურდი, რადგან მაშინ, გამოდის, საკაბელო ტელევიზიებსაც ანალოგიური ვალდებულება დაეკისრებათ”, - ამბობს კაპანაძე.
მოვლენათა განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, საკაბელო ტელევიზიებს ამ მოთხოვნას არავინ წაუყენებს, რადგან ისინი ”გაერთიანებული ტელეკომის” კონკურენტები არ არიან. სხვა საქმეა ”კავკასუს ონლაინი”, რომელიც, დიდი ხანია ”ტელეკომს” ყელში ყავს გაჩხერილი.
”კავკასუს ონლაინში” უკვე ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათ წინააღმდეგ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გამოყენება ”გაერთიანებული ტელეკომის” მორიგი ხრიკია.
-”ამ ყველაფრის უკან ”ტელეკომი” დგას. დიდი ხანია ჩვენს შორის უთანხმოებაა და ვერა და ვერ გადავედით ჯანსაღი თანამშრომლობის ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ სექტემბერ-ოქტომბერში სისტემატიურად ითიშებოდა DSL-ის (სპილენძის ფართოზოლოვანი კაბელი) აბონენტებიც. ჩვენი აპარატურა, რომელიც ”ტელეკომის” კუთვნილ ფართზეა განთავსებული, სისტემატურად, არასამუშაო საათებში ითიშება”.
”დროის ამ მონაკვეთში კი, ”კავკასუსს” ეკრძალება ატს-ში შესვლა, რათა აპარატურის ტექნიკური მდგომარეობა შეამოწმოს. ამის გამო კი, მომხმარებელი ინტერნეტის გარეშე რჩება”, - განმარტა დავით კაპანაძემ და მეტი დამაჯერებლობისთვის ჟურნალისტებს ვიდეომასალაც წარუდგინა, რომელიც 25-ე ატს-ში დამონტაჟებული ”კავკასუს ონლაინის” სათვალთვალო კამერაზე იყო დაფიქსირებული.
7 ოქტომბერს დაფიქსირებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, უცნობი პირი ღამით როგორ თიშავს მომხმარებლებს ინტერნეტიდან. მეორე დილით, ადრიანად (ვიდეო კამერაზე დროც დაფიქსირებულია), იგივე პირი ისევ აერთებს ”ჯეკებს”. აპარატურა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას და მომხმარებლებს ინტერნეტი კვლავ მიეწოდებათ.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორ და რისთვის შევიდა დივერსანტი ”ტელეკომის” კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია. კაპანაძე ამბობს, რომ მათ წერილობით არაერთხელ მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ”ტელეკომის” ხელმძღვანელობას, რათა ყურადღება მიექციათ აპარატურის გათიშვის ფაქტებზე, თუმცა - ამაოდ.
-”ერთადერთი, რაც მათ მოიმოქმედეს, ”კავკასუსის” სათვალთვალო კამერის დემონტჟი იყო. (სხვათა შორის, ეს ფაქტიც აღბეჭდილია კამერაზე). ყველა ეს ფაქტი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ”ტელეკომი” ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ”კავკასუსს” მისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება არ ჰქონდეს და იგი მთლიანად იყოს მათ რესურსებზე დამოკიდებული”, - ამბობს კაპანაძე.
ყაზახური შურისძიება
მართალია, ოპტიკურ-ბოჭკობანი კაბელების დაჭრის ფაქტები სათვალთვალო კამერას არ დაუფიქსირებია, მაგრამ უკვე დაჩეხილი და განადგურებული ძვირადღირებული კაბელები პრესა.გე-ს ოპერატორმაც გადაიღო.
ვიდეოფირზე კარგად ჩანს, რომ ქალაქის ზედამედველებმა მხოლოდ ”კავკსუსის” კაბელებზე იყარეს ჯავრი. მათ გვერდით გამავალი სხვა კომპანიების იმ კაბელებისთვის კი რომლებიც, მათივე ლოგიკით, ასევე უკანონოდ უნდა ჩათვლილიყო ნებართვის არქონის გამო, ხელიც არ უხლიათ.
ადგილზე მისული ჩვენი ოპერატორი იმ ფაქტმა კიდევ უფრო გააოგნა, რომ ”კავკასუს ონლაინის” მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიცის თანამშრომლები ყველანაირად ცდილობდნენ, ეს ვანდალური ფაქტები რომელიღაც გაბოროტებული ადამიანისთვის დაებრალებინათ.
თუმცა, პოლიციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ”კავკასუსის” წარმომადგენლებთან მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა თავად დაადასტურეს თავიანთი ნამოქმედარი.
უფრო მეტიც: ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობაც, ვინც კაბელების დაჭრაში იღებდა მონაწილეობას - ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი ბერიანიძე მამუკა და ”ტელეკომის” თანამშრომელი, ვინმე ახვლედიანი.
მათ ისიც კი განაცხადეს, რომ ”კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ საქმის ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ”კავკასუსისთვის” ფაქტი მხოლოდ კაბელების გადაჭრის შემდეგ გახდა ცნობილი.
-”მათი ქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო, რადგან არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის შესახებ კანონი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს ზედამხედველობის სამსახური კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, და იგი ვალდებულია დაიცვას ყველა პროცესუალური ნორმები. ჩვენი აზრით, საქმეში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ვფიქრობთ, საქმე შესაბამისი მუხლით აღიძვრება”, - ამბობს კაპანაძე.
უნდა და, რა ქნას?
”კავკასუსსა” და ”ტელეკომს” შორის ურთიერთობა ყოვეთვის დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ საქმე მას შემდეგ უფრო გართულდა, რაც ”ტელეკომმა” ინტერნეტ-პროვაიდერისგან 3 მლნ ლარის გადახდა მოითხოვა. ამ უკანასკნელმა მოთხოვნას მუქარაც ზედ დაურთო და ბრძანა, რომ თუ ”კავკასუსი” აღნიშნულ თანხას არ გადაიხდიდა, მომსახურებას შეუწყვეტდა.
”კავკასუსი” არ დაეთანხმა ”ტელეკომის” მოთხოვნას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს აბსურდული ციფრია და ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა.
სასამართლომ კი დაადგინა: ”აეკრძალოს ”ტელეკომს” ”კავკასუს ონლაინისთვის” მომსახურების ნაწილობრივ, ან სრულად შეწყვეტა”. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ”ტელეკომს” ეს სულაც არ ანაღვლებს. კონკურენტის ქონების განადგურებაც სწორედ ამის დასტურია, მაგრამ ეს ყველაფერი როდია…
პრესა.გე ”კავკასუსის” რამდენიმე აბონენტს ესაუბრა, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავენ მომხდარის გამო.
- ”წარმოუდგენელია, კერძო პირს სახლში მაკითხავენ და მარწმუნებენ, რომ ”კავკასუს ონლაინის” ინტერნეტ-მომსახურება არ აღდგება და ამიტომ, ”ტელეკომის” ინტერნეტში უნდა ჩავერთო. ”კავკასუსში” კი მიმტკიცებენ, რომ ეს მხოლოდ დივერსია იყო და ყველაფერი მოგვარდება. ვერაფერი გავიგე. მე რიგითი მომხმარებელი ვარ და სულ არ მაინტერესებს, რა ხდება ამ ორ კომპანიას შორის. მე ინტერნეტი მინდა და არ უნდა დავზარალდე,” - ასეთი პასუხი გაგვცა ყიფშიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ერთ-ერთმა აბონენტმა კი, მას შემდეგ, რაც სახლში ”ტელეკომის” წარმომადგენლები ესტუმრნენ და მათი კომპანიის ინტერნეტ-მომსახურება შესთავაზეს, თავად გააკეთა დასკვნა: -”მე მგონი ”ტელეკომს” აბონენტების მოზიდვა უჭირს და ამიტომ დადიან კარდაკარ. ახლა, იმით სარგებლობენ, რომ ”კავკასუს ონლაინი” გაითიშა, რადგან, როგორც ვიცი, რამდენიმე ჩემი მეზობლის გადაბირება შეძლეს.”
მოკლედ, ინტერნეტბაზარზე ვითარება მართლაც გართულდა და, როგორც ჩანს, ”კავკასუსს” წინ რთული გზა ელის. და, ეს სწორედ მაშინ, როცა კომპანია საკუთარ მმართველობაში ახალი პარტნიორის ჩართვას გეგმავს. როგორც ცნობილია, მომავალი წლის დასაწყისიდან ”კავკასუს ონლაინის” გაძლიერებაზე ევროპის განვითარების ბანკი იზრუნებს. ბანკის დირექტორთა საბჭომ ინტერნეტ-პროვაიდერს 30 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი უკვე გამოუყო.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4402