დიმიტრი ტრენინი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთს, პრაქტიკულად, არაფერ
_ ევროკავშირმა, გაერო-მ და ეუთო-მ ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ დასავლეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებენ. . .
_ დიახ, ეს ასეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლაპარაკებები დიპლომატიური თამაშია. ერთი მხარე დიპლომატიური პროცესის გზით ცდილობს ისე წარმართოს საქმე, რომ მიაღწიოს ამა თუ იმ სუბიექტის საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიარებას. საბჭოთა დიპლომატიას ამის დიდი გამოცდილება აქვს, რის მაგალითადაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოდ აღიარებაც საკმარისია.
თავად დააკვირდით, რა ხდება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ. აქაც ცდილობენ ერთი მხარის იძულებას, რათა აღიაროს Mმთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მეორე მხარე სტეფანაკერტის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. ასეთ შემთხვევებს დიპლომატიის ისტორიაში ჰქონდა ადგილი და მომავალშიც ექნება.
_ ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართულმა მხარემ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თუ საქართველოს ამ რეგიონების სტატუსს აღარავინ აღარ ეკითხება?
_ ცხადია, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულმაშსტაბიან აღიარებაზე საუბარი შეუძლებელია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოები მხოლოდ მას შემდეგ გახდებიან, როცა თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის მიღწეულ იქნება შეთანხმება.
_ ევროკავშირი და საქართველო რუსეთისგან მოითხოვენ 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებასა და აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარის გაყვანას. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია რუსეთის მიერ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების იმ მუხლის შესრულება, რომელიც კონფლიქტის ზონიდან რუსული ჯარის გაყვანას უკავშირდება. . .
_ ჩემი აზრით, რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანას არ გეგმავს. მეტიც, მიღწეულია შეთანხმება ამ რესპუბლიკებში რუსული სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ.
ამაზე დღეს სერიოზულად საუბარი შეუძლებელია. რუსეთი არ გაიწვევს გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულია და გაწვევას არ ექვემდებარება. ძნელად წარმომიდგენია სიტუაცია, რომ რუსეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს და თქვას, აღიარება ვიჩქარეთო.
რაც შეეხება ჯარების გაყვანას, ეს საკითხი სხვა დონის არის. ამ საკითხში, შესაძლებელია, რაღაც დათმობებზე წასვლა და ამ რესპუბლიკების უსაფრთხოების სხვა ფორმის მოძებნა. ჩემი აზრით, რუსეთისთვის ეს საკითხი პერსპექტივაში, შესაძლოა, იყოს მოლაპარაკებების საგანი.
_ საომარი მოქმედებების დაწყებამდე თბილისი მოსკოვს აფხაზეთში ევროკავშირის, ხოლო სამხრეთ ოსეთში ეუთო-ს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციის ჩატარებას სთავაზობდა. რუსეთმა კონფლიქტის მოგვარების ამგვარი პერსპექტივა, პრაქტიკულად, ჩაშალა. აშკარაა, რომ მოსკოვისთვის ომის დაწყების ერთ-ერთი მიზანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზების დაკანონება იყო. . .
_ მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი აღიარა, რამდენიმეა. ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ რუსეთი იძულებული იყო, თავისი გამბედაობისა და სიმტკიცის დემონსტრირება მოეხდინა. ეს რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების გამო სჭირდებოდა.
მეორე მომენტია ავღანეთის შემდეგ ძალის პირველად გამოყენება. რუსეთის ხელისუფლება სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, რადგან საქართველოზე სამხედრო გამარჯვების შემდეგ სამხედროებს ვერ გააწბილებდა და ვერ ეტყოდა, რომ მათ მსხვერპლი ტყუილუბრალოდ გაიღეს. ამისათვის საჭირო იყო სამხედრო გამარჯვების დაკანონება.
მესამე მიზეზი იყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონების სურვილი, რისთვისაც საჭირო იყო სოხუმისა და ცხინვალის ფორმალური აღიარება. აი, ის სამი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
_ თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს რუსულ-ქართული ურთიერთობები?
_ ახლა საქართველოსა და რუსეთში მომხდარის განსჯის პერიოდია. რუსულ-ქართული ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია აქვს და ამ ურთიერთობების შეჩერება შეუძლებელია. აუცილებელია, რუსეთსა და საქართველოში ადამიანები დაფიქრდნენ, თუ რა მოხდა და რატომ. ახლა საჭირო არ არის ერთმანეთის ბრალეულობაზე საუბარი, ახლა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაა.
რა თქმა უნდა, შეიძლება, მომხდარში რუსეთის გაკრიტიკება. მომხდარი იმის შედეგია, რომ რუსეთმა ვერ შეძლო და არ მოისურვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარება.
შეიძლება იმის თქმაც, რომ რუსეთი ცდილობდა კონფლიქტების თავის საარგებლოდ გადაწყვეტას, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთს, პრაქტიკულად, არაფერი მოუგია. საჭირო იყო იმაზე დაფიქრება, რომ კარგი არ არის, როცა მეზობელ სახლემწიფოსთან ცუდი ურთიერთობები გაქვს.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
