მებენზინეების ბევრი “ძვირი დოლარები” და ქართული ნავთობ-თამაშები
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ოფიციალურ ვერსიად ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება სახელდება, რომლის თანახმადაც, ნაციონალური ნავთობრეზერვები 5,6 მილიონი ბარელით (308 მილიონამდე) გაიზარდა. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ქართველი “მებენზინეები” საწავავის გაიაფებას არ ჩქარობენ.
ეკონომიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტების გაიაფება უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ, ათ დღეში დაიწყება. ამ მოსაზრებას ქართველი ნავთობ-ექსპერტებიც იზიარებენ. შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ნავთობ-მაგნატები მაღალ ფასს ხელოვნურად, უფრო სწორად, ხელისუფლების ცალკეულ წრეებთან შეთანხმებით ინარჩუნებენ.
საერთოდ, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ნავთობ-ბიზნესს სახელისუფლებო კლანები აკონტროლებენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ოჯახს ნავთობისადმი ინეტრესი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-70 წლებში გაუჩნდა. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ “ნავთობის თემით” ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინიც არის დაინტერესებული და ის ნავთობ-კომპანიებს ერაყში ფლობს(!).
ქართველ ოპოზიციონერებს თუ დავუჯერებთ, თავის დროზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ჯერ კატასტროფული გაძვირება და ახლა, ასევე, კატასტროფული გაიაფება სწორედ ჩეინისა და ბუშის, ანუ ამერიკის ადმინისტრაციის ფინანსური მაქინაციებია და მეტი არაფერი.
თუ ამ ვერსიას გავყვებით, საინტერესოა, რა მოიგეს ამერიკის პოლიტიკური ინსტემბლიშმენტის “სახეებმა” ნავთობის გაძვირეფბა-გაიაფებით? სხვათა შორის, ალბათ, ისიც ნიშანდობლივია, რომ “ნავთობის სკანდალი” ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო.
მოკლედ, ქართველ ოპოზიციონერთა ვერსიით, ნავთობის გაძვირებამ დოლარის გაუფასურება გამოიწვია, რითაც ნავთობ-მაგნატებს საშუალება მიეცათ, ბევრი, უფრო სწორად, ძალიან ბევრი იაფი დოლარი ეგდოთ ხელთ. ახლა კი, ნავთობის ფასის დაცემასთან ერთად, დოლარის მყარდება, რაც ობივატელის ენაზე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი “იაფი დოლარები” ძალიან ბევრ “ძვირ დოლარად” გადაიქცევა.
ეს მსჯელობა, შესაძლოა, მარტივია, მაგრამ აშკარად ლოგიკურია. ისიც ფაქტია, რომ ამ დიდი ნავთობ-თამაშებით ხელს ქართველი ნავთობ-მაგნატებიც ითბობენ. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციური სპექტრი ამაში დარწმუნებულია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ არსებობს ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ფასს გააკონტროლებს და რომელიმე კომპანიას ბაზარზე მონოპოლისტობის უფლებას არ მისცემს, თუმცა ეს საკითხის ერთი მხარეა.
რაც შეეხებათ ქართველ ნავთობ-მაგნატებს. ისინი თავს იმით იმართლებენ, რომ ნედლეული ძვირად აქვთ ნაყიდი და ვიდრე ეს მარაგი არ ამოიწურება, ფასს ვერ დააგდებენ. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში, ანუ როცა რუსული ინტერვენცია დაიწყო, სწორედ ეს ნავთობ-მაგნატები გვარწმუნებდნენ, რომ ნავთობის დიდი მარაგი (ანუ, იაფად შეძენილი) ჰქონდათ და ამ კუთხით ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნებოდა. მაშასადამე, გამოდის, რომ ნავთობ-თამაშებით ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის ხარჯზე დიდი ფული კეთდება?!
ვანო პავლიაშვილი
www.fact.ge
