სამაჩაბლოს რუსულ კოშმარში სძინავს
ელგუჯა წიკლაური, სამაჩაბლოს მკვიდრი: ”დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში ახლა კოკოითის სეპარატისტული მილიციის ნაცვლად, რუსული უშიშაროების ნაწილები დგას. რამდენიმე ქართველმა არაერთხელ სცადა ხეობაში გადასვლა, მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი თავიანთ სახლებში არ შეუშვან. სოფლები დანგრეული და გადამწვარი კი არის, მაგრამ ხალხს მაინც აინტერესებს, საკუთარი ეზო-კარი რა დღეშია და შესვლას რისკავენ. სამი დღის წინ, ორი პატარა ბიჭი გადავიდა ხეობაში. დილის 6 საათზე გადაიპარნენ და მელევე გადმოვიდნენ. სოფელ კეხვამდე შევიდნენ, მაგრამ კარგი ვერაფერი ნახეს. ყველაფერი ბოლომდეა გაპარტახებული. სამწუხაროდ, აქ არავის გაახსენდა, მათთვის ფოტოაპარატი გაეტანებინა, თორემ ყველა ნახავდა, რუსებმა ქართულ სოფლებში რაც ჩაიდინეს”.
როგორც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული სოფლებში ამბობენ, სახლებისა და დაწესებულებების ნაწილი დაქირავებულმა კაზაკებმა მხოლოდ იმიტომ გადაწვეს, რომ ლამაზად გამოიყურებოდა. დამპყრობელს კი, პირველ რიგში, სწორედ გამორჩეული შენობების განადგურება სურს. დიდი ლიახვის ხეობაში 7 სკოლა იყო. მთლიანად გორის რაიონში კი, 66 სკოლა ფუნქციონირებდა. ამ დროისთვის, მთლიანად კონფლიქტის ზონაში 25 სკოლაა დაზიანებული. განათლების სამინისტრო აღწერას ატარებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ომის დროს და შედგომ პერიოდშიც, ქართველების დიდმა ნაწილმა საკუთარი სახლები დატოვა და თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარა. სოფლებში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოკუპაციის პერიოდში, აგრესორებმა ორი კარალეთელი მოხუცი მოკლეს. ერთი მაშინ, როცა სოფელში შემოსულ რუსებს საკუთარი ეზოდან უყურებდა. მეორე კი, საღამოს გზაზე გადადიოდა და მთვრალ ოკუპანტებს რატომღაც, თვალში არ მოუვიდათ.
ზაზა ფიჩხაძე, კარალეთის მკვიდრი: ”რუსების მიერ მოკლული გიორგი ბიბილაშვილი 60 წლის იყო. მე აქ არ ვიყავი, მაგრამ როგორც თქვეს, სოფლის ბოლოში ცხოვრობს. რუსები და ოსები რომ შემოსულან, ეტყობა, რაღაც უთხრეს. ამან კიდე, რაღაც არასასიამოვნოდ უპასუხა და ეგრევე მჯდომარესვე ესროლეს და მოკლეს. ახლობლებმა იქვე, ეზოში დაასაფლავეს და ეს უბედურება რომ დამთავრდა, მერეღა გადაასვენეს სასაფლაოზე.
მეორე მოხუცი კაცი კი, სოფლის თავში ცხოვრობდა. 70 წელს გადაცილებული ვახტანგი გურგენაშვილი თავისი სახლიდან გამოდიოდა, რათა მეზობლის ძროხებისთვის ეჭმია. ქუჩაზე გადადიოდა და იქ მოკლეს. ამის მერე, მეუღლეც გარდაიცვალა და ერთად დაკრძალეს ეზოში. სოფელში, სულ, 32 სახლია გადამწვარი. ჩემი მაღაზიაც და სახლიც დაწვეს. კიდევ კარგი, მეორე სახლიც მაქვს, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობს და იქა ვცხოვრობ ახლა. ამ დამწვარ-დანგრეულ სახლებს ასუფთავებენ და გვპირდებიან, გაგიკეთებთო და რა ვიცი...”
დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის ცხრა სოფლიდან დღეს მხოლოდ ნანგრევები, გადამწვარი სახლები და გავერანებული ბაღებიღაა დარჩენილი. ხეობიდან სიკვდილს გამორიდებული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა თავი გორისა და ქარელის რაიონის ქართულ სოფლებს შეაფარა.
ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ტყვიების ზუზუნში ცხოვრობდნენ, მაგრამ საკუთარი სახლების დატოვება არასოდეს უფიქრიათ. ახლა კი გადამწვარი და დანგრეული საკუთარი სახლებისა და სოფლების შესახებ, მეზობლებისაგან, ახლობლებისაგან და ოსი ნაცნობებისაგან იგებენ.
რამინი გოგიაშვილი, სოფელ კეხვის მკვიდრი, ჯარისკაცი: ”ჩვენი სახლი რომ გადაწვეს და მამაჩემი მივიდა სახლის სანახავად, დენმა დაარტყა და კინაღამ იქვე დაიწვა. კიდევ კარგი გადარჩა. აქამდე თბილისში, საბავშვო ბაღში მყავდა ცოლ-შვილი და მშობლები. ახლა ჩვენი სოფლიდან რუსები რომც გავიდნენ და გვითხრან, შეგიძლიათ, დაბრუნდეთ თავ-თავიანთ სოფლებშიო, ამით რა?! სახლი აღარა გვაქვს. მე ჩემს სიმამრთანა ვარ, ჩემი მშობლები ჩემ დასთან. ღია ცის ქვეშა ვართ დარჩენილები”.
სოფელ ტყვიავის მოსახლეობა ომზე, დახოცილებზე, ტყვიების ზუზუნზე და სხვა უბედურებებზე ისე საუბრობენ, დაუკვირვებელი ადამიანიც კი მიხვდება, რომ ომის საშინელებები მათთვის ლამის ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული. ეს მათი არჩევანი არ ყოფილა. მთელმა ამ უბედურებათა კასკადმა ყველაზე მეტად ადგილობრივი, უბრალო მოსახლეობის მხრებზე გადაიარა.
შოთა ოქრუაშვილი, ტყვიავის მკვიდრი: ”10 აგვისტოს დაიბომბა სოფლის ზემოთა მხარე და მინდორი და 11 აგვისტოს თავად სოფელი. ახლაც თვალწინ მიდგეს ის საშინელებები, რაც აქ ხდებოდა. მთელი სოფელი ზოგი სად იმალებოდა და ზოგი სად. მარტო ტყვიავში, სადაც 1000 კომლამდე ცხოვრობს, 37 სახლია დამწვარი და 64 დანგრეული. დატოვებულია ნაღმები. გამნაღმველებს დღესაც ველოდებით. მშვიდობიანი მოსახლეობიდან 9 ადამიანი მოკლეს.
ვინც გარეთ კარში გამოიხედა, ყველას ესროლეს. ეზოში ზოგის თავი კარს აქეთ, ქუჩაში ეგდო, ტანი - ჭიშკრის შიგნით. შიშით მიცვალებულებს ვერ აპატიოსნებდნენ და იქვე სარდაფებში მარხავდნენ. კაცები რომ აღარ იყვნენ, ქალები ეზოში ცოტას ამოჩიჩქნიდნენ მიწას და იქ მარხავდნენ. ჩვენი სოფლიდან დაიღუპნენ ჯარისკაცებიც, რომლებიც ომში იბრძოდნენ.
ახლა პრეზიდენტის რწმუნებული ხშირად მოდის აქ. დღესაც იყო და დაგვპირდა, რომ მალე შემოვლენ ექსპერტები და მშენებლები და ყველა ოჯახს ინდივიდუალურად დაეხმარებიან”.
მიუხედავად იმისა, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შემდეგ, უკვე 8 ოქტომბრისათვის, რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ჩრდილოეთისაკენ გადაიწია, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ რეგიონში რუსული გავლენა რაიმენაირად შემცირდა. რუსები ახლა კვლავ აკონტროლებენ პატარა ლიახვის ხეობის ჩრდილოეთით მდებარე და დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის სოფლებს. ოკუპანტების ასევე დგანან ფრონის ხეობის აღმოსავლეთით და ახალგორის რაიონში, საიდანაც ჯერ-ჯერობით ფეხის მოცვალას არ აპირებენ.
ახალგორის რაიონზე ქარული იურისდიქცია, პრაქტიკულად, არ ვრცელდება. ახალგორის შესასვლელთან მდგომმა ქართველმა ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ რუსულ ბლოკ-საგუშაგოებზე ყოველდღიუირად მეტი და მეტი ოკუპანტი იკავებს პოზიციას და ისინი ადგილობრივ ქართველებს ძალიან ავიწროვებენ.
ახალგორში (სადაც მოსახლეობის 90% ეთნიკურად ქართველია) ოკუპანტების მიერ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო, ქართველები რაიონს ყოველდღიურად ტოვებენ. თითქმის ყოველდღე ახალგორიდან გამოდის ავეჯითა და სხვა საყოფაცხოვრები ნივთებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი.
ადგილობრივები ცდილობენ, რაიმენაირად გაერიდნონ იმ ხიფათს, რაც შეიძლება მომავალში უფრო და უფრო რეალური გახდეს. სეპარატისტები კი ამ დროს, ახალგორის ჩრდილოეთით არსებული შემოვლითი გზის გაყვანას კვლავ აგრძელებენ. არადა, მათაც მშვენივრად იციან, რომ კარსმომდგარი ზამთრის პირობებში, ამ ახალ გზაზე მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4416