გორში თავისუფალი აზრის გამოთქმა საშიშია
გორში გამომავალ ადგილობრივ გაზეთ ”ქართლის ხმას” პროფესორმა ზურაბ ტიელიძემ ინტერვიუ 2008 წლის ივლისში მისცა. აღნიშნული ინიტერვიუ შემდეგი სათაურით; ”ნისლიანი რეფორმები გორის უნივერსიტეტში” - გამოქვეყნდა. რამდენიმე ხანში გორის უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, ინტერვიუს შინაარსით აღშოთებულმა უნივერსიტეტის თვითმმართველობის ახალგაზრდა თავმჯდომარემ ომარ ყაყიტაშვილმა შემდეგი შინაარსით მიმართა:
”წავიკითხე გაზეთ ”ქართლის ხმის”-თვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ბატონი ზურაბ ტიელიძე შეურაცხყოფას აყენებს უნივერსიტეტს და მის იმიჯს. მიმაჩნია, რომ პროფესორის მიერ გამოთქმული შეფასებები სერიოზულ განხილვის საგანს საჭიროებს” - სწუხს უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე ომარ ყაყიტაშვილი.
ეთიკის კომისიამ ”დაუსწრებლად” განიხილა ზურაბ ტიელიძის მიმართ შესული განცხადება და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტიდან არჩეული პროფესორის ზურაბ ტიელიძის განთავისუფლების შესახებ. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას რექტორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ”ვიზა” მისცა და აღსრულებაში მოიყვანა.
ახლა ვნახოთ, მაინც რა განცხადებების საფუძველზე გაათავისუფლეს პროფესორი: (გაზეთი ”ქართლის ხმა”, რომლის მცირე ნაწილი პარალელურად ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ვებ-გაზეთ www.humanrights.ge-ზე გამოქვეყნდა).
ზურაბ ტიელიძე: (ციტატის დასაწყისი) - ”ბატონ ზაზა ცოტნიაშვილთან უკმაყოფილება კი, მაგრამ პირადული დაპირისპირება არა მაქვს. პირიქით, მადლობის მეტი რა მეთქმის. არაერთხელ შემომთავაზა თანამდებობაც კი. თუმცა, ამის ნაცვლად შუამავლით მთავაზობდა თვალები დამეხუჭა იმ დარღვევებზე, რომელთა გამო შევიტანე საჩივარი განათლების სამინისტროში და გამომეტანა ეს საჩივარი, ან არ გამოვცხადებულიყავი ზეპირ მოსმენაზე. დარღვევები კი გაცილებით ბევრია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს დარღვევები ქმნის არასამართლებრივ გარემოს უნივერსიტეტის სინამდვილეში, რომელშიც ყოფნა ნორმალური, თავმოყვარე ადამიანისათვის მიუღებელია.
არასამართლებრივი გარემოა მაშინ, როდესაც უნივერსიტეტის სხვადასხვა დონის მართვის ორგანოები, კერძოდ, ფაკულტეტის საბჭოები დაკომპლექტებულია არაკანონიერი წარმომადგენლებით და უნივერსიტეტის აკადემიური თუ წარმომადგენლობითი საბჭოები კი არჩეულია კანონდარღვევებით. არაერთხელ, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით მივმართე შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ვინ გისმენს? უნივერსიტეტში კანონი არ მოქმედებს. სამაგიეროდ მოქმედებს პიარი - ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობას ტიელიძე არ სცნობს და მაგას ამ საბჭომ ხმა როგორ უნდა მისცესო. სიმართლეს იტყვი და სტუდენტებს გიპირისპირებენ, ხედავთ? ზურაბ ტიელიძე ფაკულტეტის საბჭოებში 74 სტუდენტის, ანუ თქვენი შეყვანის წინააღმდეგია და სამაგიერო მიუზღეთო და ა. შ. რა თქმა უნდა, ხშირად ადრესატები პროვოკაციებს წამოეგებიან ხოლმე.
უნივერსიტეტში ტერორი მოქმედებს. აკადემიური პერსონალის კარზე მომდგარი არჩევნების წინ, არაოფიციალურად, უკვე წინასწარაა შედგენილი ასარჩევ პროფესორთა სია (ამას ხელმძღვანელობა არც მალავს). ვინც ერთი ”ზედმეტ” სიტყვას გაბედავს და საკუთარ აზრს დააფიქსირებს, რომელიც არ ემთხვევა რექტორისას, ამ სიაში ვეღარ მოხვდება. ამის გამო მთელი აკადემიური პერსონალი დუმილს ამჯობინებს, მათ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობისთვის, ხმა ამოიღონ უკეთურობის წინააღმდეგ, აღარ სცალიათ.
ვიღაცამ ხმა ხომ უნდა ამოიღოს? თუმცა უკეთესია სამსახური დავკარგო, ვიდრე უსიტყვოდ ვითმინო ამათი თვითნებობა და უკანონობა, ხოლო შემდეგ გული გამისკდეს. ამათი დევიზი ცხადია: ”მე ვარ ბატონი და შენ კი-მონა ჩემი. არ დამემორჩილები? გაგანადგურებ!
...”ვერჩი” ბატონ ზაზა ცოტნიაშვილს სასწავლო დაწესებულების მართვაში სერიოზული შეცდომების დაშვებისათვის და გენინსპექციას კიდევ ვადანაშაულებ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ ამ შეცდომების დაშვებაში ხელშეწყობისათვის და ა. შ.
უნივერსიტეტში საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს, შეწყდეს საწინააღმდეგო აზრის დევნა, თანამშრომელთა უმრავლესობის მიმართ ტერორი, უნდა მოისპოს ურთიერთუნდობლობის, შიშისა და ეჭვიანობის სინდრომი. განა შეიძლება ხელქვეითის მიერ საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის, თუნდაც მასთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ ხელმძღვანელმა პირმა სასამართლოებში, პოლიციასა თუ ეთიკური და დისიპლინარულ კომისიებზე საჩივრები აფრინოს, არიქა მიშველეთ თანამშრომლები მოკვლას მიპირებენო? შექმნილი ვითარების გამო უნივერსიტეტის პირველ პირთან ორი-სამი ხელქვეითისა და თითო-ოროლა გარეშე პირთა გარდა თავისუფლად ვეღარავინ შედის. არ გჯერათ? შეგიძლიათ გადაამოწმოთ. (ციტატის დასასრული. გაზეთი ”ქართლის ხმა” (2008 წელი - 21-29 ივლისი)
ზურაბ ტიელიძე ამტკიცებს, რომ ეთიკის კომისიის წინაშე საკითხის დაყენების უფლება არ ჰქონდა თვითმმართველობის თავმჯდომარეს - სტუდენტ ომარ ყაყიტაშვილს. ”თუ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩებოდა ჩემი ინტერვიუს წყალობით, ეს უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი, ჩემი განცხადებები მიმართული იყო იქითკენ, რომ უნივერსიტეტში რეფორმები ნორმალურად გატარებულიყო, რაც სტუდენტებისთვის, მათ შორის ომარ ყაყიტაშვილისთვის სასარგებლო იქნებოდა. ამდენად ისიც გაუმართლებელია, რომ გაზეთში მიცემული ინტერვიუს გამო არჩეული პროფესორი აკადემიური საბჭოს გარეშე ”გადაარჩიო”. ერთი სიტყვით, ყველა პიროვნება რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩემს განთავისუფლებაში წარდგენილი იქნება სასამართლოს წინაშე.” - გვითხრა ზურაბ ტიელიძემ.
სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ გაზეთ ”ქართლის ხმის” რედაქტორსაც დაიბარებენ. რედაქციაში აცხადებენ, რომ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე დაუკავშირდნენ რექტორს ზაზა ცოტნიაშვილს, რომელიც იმ პერიოდში ოქსფორდის უნივერსიტეტში ლონდონში იმყოფებოდა. ცოტნიაშვილი გაეცნო ზურაბ ტიელიძის ბრალდებებს, რაზედაც თქვა, რომ ტიელიძეს პასუხს ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გასცემდა.
”მიგვაჩნია, რომ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედება მიმართულია თავისუფალი აზრისა და სიტყვის გამოთქმის წინააღმდეგ. ბოლო ხანებში გაზეთ ”ქართლის ხმის” წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მხარის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილთან ერთად მისი მეგობარი ზაზა ცოტნიაშვილიც ჩაერთო. ამას წინათ რექტორმა ცოტნიაშვილმა გუბერნატორ ვარძელაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ცოტნიაშვილი ვარძელაშვილთან ერთად ცდილობს ”ქართლის ხმა”-ს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამით საზოგადოებას აცნობს, რომ ვინც ”ქართლის ხმასთან” ითანამშრომლებს მას აუცილებლად პრობლემები შეექმნება. როგორც ცნობილია, გუბერნატორის მოადგილემ ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა თავის თანამშრომლებს უბრძანა, რომ ვისაც დაგინახავთ ”ქართლის ხმა” -სთან ახლოს, ყველა პასუხს აგებთო.” - აცხადებენ რედაქციაში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4418