საქართველოში არავის აქვს პასუხი კითხვაზე: რა მიზნით გაიწვიეს რეზერვისტები ომში
ბექა: _ “ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ გორამდე ჩასვლაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი ჯარის მიერ აღებული სოფლების გაწმენდა იყო, თუმცა იმის მაგივრად, რომ რეზერვი დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ ოსურ სოფლებში, ორი ღამე უაზროდ გვამყოფეს გორში.~
ბექას თქმით, ამ ორი დღის განმავლობაში ბატალიონს ხალხი თანდათან აკლდებოდა. მაშინ კი, როცა გორის დაბომბვა დაწყებულა, პანიკა დათესილა. 502-ე ბატალიონის ერთ-ერთ წევრს შიშისგან ინფრაქტი დამართნია, ზოგი გაქცეულა, ზოგს კი არეულობის გამო საკუთრი ბატალიონის ასავალ-დასავალი დაუკარგავს. ეს კი არადა, ერთმანეთს, თურმე, მეთაურებიც ვერ უკავშირდებოდნენ. სწორი ინფორმაციის არქონამ ხელი ჭორების გავრცელებას შეუწყო. ამბობდნენ, თითქოს ქართული ჯარი მთლიანად განადგურდა და წინა ხაზზე გადაყვანას რეზერვისტებს უპირებდნენ, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, _ ამბობენ ბიჭები.
ბოლოს, 502-ე ბატალიონის 157 რეზერვისტიდან 31 დარჩენილა. სწორედ ამ დროს შტაბიდან ბრძანება მოსულა, ბატალიონი წინაგარაში გამაგრდესო, მაგრამ ბატალიონის მეთაურს ბრძანება არ შეუსრულებია და დარჩენილი 31 კაცი ვაზიანში დაუბრუნებია.
406 ჯავშან-სატანკო ბატალიონში ასეთი სავალალო სიტუაცია არ ყოფილა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი ლ. აღნიშნული ბატალიონის რეზერვისტია. მისი თქმით, ეს ბატალიონი, რომელიც 60 კაცისგან შედგებოდა, სამხედრო ბაზაზე 18-დღიან სპეც-მომზადებას გადიოდა. ამის გამო ჩვენთან უფრო მეტი ყურადღება და მობილიზება იყო. ჯავშანჟილეტებიც გვქონდა, მაგრამ ჩემს ჯავშანს უკანა ე.წ. ფილა არ ჰქონდა. საერთოდ, ტანსაცმელი, აღჭურვილობა სულ არეული იყო, ვის რა ეცვა, არავინ იცოდა და დაბნეული ჯარისკაცები სასაცილოდ გამოიყურებოდნენო, _ ამბობს გიორგი.
406-ე ბატალიონის რეზერვისტებისათვის არავის უთქვამს, სად მიჰყავდათ და როცა გაიგეს, უკვე გორში იყვნენ. გიორგის აზრით, სხვებთან შედარებით მათი, ასე თუ ისე, მოწესრიგებულობა, სწორედ იმისი დამსახურება იყო, რომ მეთაურები წინასწარ ამზადებდნენ და ეუბნებოდნენ, თუ ომი იქნება, უნდა იომოთო. ისე, გიორგის ტყვიამფრქვევის დაშლა და აწყობა გორში, ყვითელ ავტობუსში ასწავლეს და უთხრეს, მეტყვიამფრქვევეს ადგილი უნდა დაიკავოო.
_ “მოსახლეობა ტაშით, ხელის ქნევით გვაცილებდა, თავი გმირები გვეგონა~_ იხსენებს გიორგი.
_ “იმაზე ფიქრი, რომ შენი ძმაკაცები წინა ხაზზე არიან, მათკენ ჯაჭვივით გეწევა,~ _ ამბობს დიმა.
_ “შვებულების და შეთავაზების მიუხედავად, რომ ვაზიანის ბაზაზე დარჩენილიყო, ჩემი ძმა ყველანაირად ცდილობდა, ცხინვალში წასულ თავის ბატალიონს შეერთებოდა, ეს ჩემთვის მაგალითი იყო,~ _ ამბობს ბექა.
მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად, ამ ბიჭებს ერთი მიზანი ჰქონდათ: სამშობლო მტრისგან დაეცავთ! ისინი იბრძოდნენ საქართველოსთვის. მათ ტყუილად არ უომიათ, ისინი მართლები არიან!
მარიამ ქვლივიძე
www.fact.ge

