ნაომარი ჟურნალისტის ჩანაწერები
საშინელ გუნებაზე გამეღვიძა, დედა მესიზმრა... ახლავე მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ ხვალ თუ არა ზეგ, აუცილებლად წავალ სასაფლავზე, რაღაც აუტანლად მომენატრა დედასთან საუბარი... მეც შვილი მქვია, რა, უკვე 3 თვეა, საგვარეულო სასაფლაოზე არ ჩავსულვარ, თუმცა დედა მაპატიებს, ახლა სხვა დღეები დაგვიდგა _ ანალიზის, განსჯისა და დაფიქრების, რა ხდება, ნეტა, ჩვენს თავს? ომი თუ არა, მაგარი ქოთი მაინც მოგვიწევს. ოჰ, ეს ოსები... რუსები... მომწყინდა, რაააა.
საღამოს სოფელში მივდივარ, ჩემი და მხვდება ჭიშკართან, შეშფოთებულია, ვითომ, უდარდელი ვესალმები, მაიჩკა, დაიჩკა, რავა ხარ? მოვედი, აბა, გებჟალია, ხო იცი, როგორ მომენატრა?!
გებჟალიასაც მიკეთებს ჩემი გამზრდელი და, რომელიც არაფერზე მეუბნება უარს და სხვა რაღაცეებსაც, მაგრამ ვხვდები და ხვდება, რომ ჩემი ფიქრები სხვაგან დაფრინავს, ზოგჯერ ვითომ, სხვათა შორის მეკითხება ჩვენი ზურას ამბებს, ჯარისკაცია, ძმიშვილი, ფოთში მსახურობს...
ვიცი, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უარესი იქნება, ქვეყანა ომის პირასაა. სხვები იარაღით ემზადებიან, მე კიდევ ჩემს იარაღს ვამზადებ... ღმერთო, რა იქნება?!
დაღამდა, როგორც იქნა, დაღამდა…
8. 08. 2008
მთელი ღამე არ მძინებია, რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ არა _ ომზე, არადა, ომი დაწყებულა ქვეყანაში. ტელევიზორს ვრთავ, პრეზიდენტი ზედმეტი თავდაჯერებით გვარწმუნებს, რომ ომი დაიწყო და სრული უპირატესობით ვიგებთ, რომ ქართული ჯარები მთლიანად აკონტრროლებენ ცხინვალს და მის მისადგომებს... არ ვარ ქვეყნის მოღალატე, მაგრამ აშკარად არ მომეწონა...
იმავე წუთს ტაქსის მძღოლს დავურეკე, ხვიჩას და ფოთისკენ წამოვედი. ვხვდები, რაღაც ისეთი ხდება, რაც ადრე არ ყოფილა, მაგრამ რა, ვერ ვხვდები... ყველაფერს მაშინ “გადავხარშე”, როცა ხვიჩას “ოპელი” მერიის შენობას მიაუახლოვდა...
აქამდე ამდენი ახალგაზრდა ერთად შეკრებილი არასდროს მენახა, ყველას თავისი ტვირთი მოჰქონდა, ყველას სახეზე რაღაც აუწერელი ბედნიერება ეწერა, ომში მიდიოდნენ ბიჭები და არავინ ეუბნებოდა, რა არის ომი, გავგიჟდი. ემირის დავუწყე ჩხუბი, რეზერვისტების გაწვევა ვისაც ეხება. კარგი ბიჭია ემირი, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამან გამაცოფა! ჩხუბის დრო სად მქონდა, უმალ ჩვენს ბიჭებს დავუბრუნდი, მათ სახეს რომ შევხედე, გავიზარდე, უფრო სწორად, ამაყი გავხდი, ყველა მიდიოდა, არავინ იცოდა, სად, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ისინი ომში მიდიოდნენ...
ეკა მოვიდა, ეკა ჩემი მეგობარია, “რუსთავი 2”-ისთვის რეპორტაჟს ამზადებდა და მეც რაღაცეებში გავერკვიე, მივხვდი, რომ ომი დაიწყო და ახლა გრძნობების გადმოფენის კი არა, მუშაობის განსხვავებული დრო დგებოდა... ვანოს ნომერი ავკრიფე, ვანო ჩემი მეგობარია, ახლა სააგენტოს ხელმძღვანელობს და სწორედ მას ვაუწყე პირველად, რომ ფოთში ომისთვის მზადება დაიწყო და რომ რეზერვისტები იკრიბებოდნენ... ეს არ იყო უბრალო ნიუსი, ეს ფოთში ომის დასაწყისის სიგნალი იყო!..
პირველი ნიუსი ვანოს მივეცი მოკლედ, რომ ფოთელი ბიჭები ომში მიდიან, რომ ბევრნი არიან და არაფრის ეშინიათ, სასწაული შეგრძნება იყო. გავოცდი!
რატომღაც დილიდან ამეკვიატა, რომ პორტი დაცული უნდა იყოს, ნიუსშიც ხაზგასმით მივანიშნე, რომ პორტი სტრატეგიული ობიექტია და რომ განსაკუთრებული დაცვა სჭირდება... ენამ მიყივლა?! არა, ეს ინსტიქტი იყო...
“მარშუტკები” ერთმანეთის მიყოლებით გადიან ფოთიდან, თან ჩვენი საჯიშე ბიჭები მიჰყავს, ფოთელები, ბედნიერად, ბიჭებო, _ ჩემთვის ვჩურჩულებ... ბოლოს, იმას მივხვდი, რომ მათთან ერთად ჩემს ზურასაც ვუსურვებდი მშვიდობას და ბედნიერებას, ზურა ჩემი გაზრდილია, სულიერად მაინც, ზურას 5 წლის შემდეგ დედა არ ჰყოლია, ამიტომ ყველაზე უფრო მის სულს ვუფრთხილდებოდი, ნეტა, რას დააკლებს მის სულს რუსული ჩექმა?! მე ჩემი მოსავალი უნდა მოვიმკა მასთან, ინვესტიცია, რომელიც ჩავდე _ გამძლეობა, სულგრძელობა და ქვეყნის სიყვარული.
8 აგვისტოც დაღამდა, საშინელი განწყობით მივუჯექი კომპიუტერს და მუშაობა დავიწყე, თან გონება ავტომატურად ერთიდაიმავეს იმეორებს: რა იქნება?
ამ ფიქრებით 8 აგვისტო ჩავამთავრე, უკვე ღამის 12 საათია, მაგრამ არ მეძინება, ან რა დამაძინებს... ისევ ვმუშაობ...”
(გაგრძელება იქნება)
