“როცა ლევან ბერძენიშვილი გამოდის და ამბობს, რომ საქართველომ დაბომბა თავისი ტერიტორია, ეს ნაძირალა კა
_ უკვე გამოაშკარავდა, რომ რუსეთი კონფლიკტის მხარეა, აქედან გამომდინარე, რუსეთთან მოლაპარაკება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს პრობლემის, თუნდაც დე-ფაქტო მთავრობასთან მოგვარებას?
_ ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია, დე-ფაქტო ყაჩაღებს არ უნდა ელაპარაკო ისევე, როგორც _ ტერორისტს. მათთან ლაპარაკი კატეგორიულად გამორიცხულია. რუსეთი სახელმწიფოა, ამიტომ მასთან ლაპარაკი შეიძლება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დე-ფაქტო წარმომადგენლების გარეშე დასხდებიან. თუ ევროკავშირი, ევროსაბჭო ცნობს ამ რესპუბლიკებს, მაშინ მათთან ლაპარაკი შესაძლებელია. ახლა კი მათთან დალაპარაკება თითქმის ცნობის ტოლფასია.
_ თქვენ შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გაქვთ, როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?
_ ყველა მათგანის დამოკიდებულება ერთგვარია - საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელუხლებელია. ისინი აღიარებენ, რომ რუსეთი კონფლიკტის მხარეა და მოუწოდებენ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისკენ, მოთხოვნაა, რომ მათი საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება მოხდეს. ეს პროცესი ნაწილობრივ დაწყებულია, რადგან საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებლები უშუალოდ ეცნობიან შექმნილ ვითარებას. დროთა განმავლობაში, ისინი იმ მხარესაც მოიცავენ, სადაც დღეს კონფლიკტური ზონებია. რუსეთის გასვლისთანავე კონფლიქტი ავტომატურად მოგვარდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან კონფლიქტი სწორედ რუსეთის მიერაა ინსპირირებული. ეს დღეს არ დაწყებულა, რუსეთი მათ შეიარაღებას და დაფინანსებას წლების განმავლობაში ეწეოდა. საბოლოო ჯამში, რუსეთმა თვითონ აღიარა, რომ ის მხარეა.
_ ...როგორც ცნობილია, ბატონ ცაგარეიშვილთან ერთად, ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნით. რა იქნება პარტიის მიზანი და ვისგან დაფინანსდება?
_ დაფინანსებასთან დაკავშირებით ჯერ არაფერი ვიცით. კარგი იქნება, თუ დამფინანსებლები გამოჩნდებიან.
რაც შეეხება პარტიის მიზნებს, მიზანი, პირველ რიგში, იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ძირითადი და მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველოში აღსდგეს წესრიგი და დამყარდეს სტაბილურობა. ჩამოყალიბებულია უამრავი დემოკრატიული ინსტიტუტი. ჩვენი პარტიის სახით კი, სიახლე ის არის, რომ გვინდა, ნებისმიერი ჩვენი განცხადება იყოს ობიექტური, ჩვენი ამა თუ იმ კანონპროექტის ინიციატივა გვინდა, ეყრდნობოდეს პროფესიონალურ დასკვნებს, ჩვენთან იმუშავებენ პროფესიონალები, ზოგი პარტიის წევრიც იქნება, იქნებიან უპარტიოებიც, გვინდა, ყველა საპარლამენტო ინიციატივა გავახმაუროთ ბრიფინგებით... ამ ფორმით სიახლეა, რადგან პოლიტიკოსები განცხადებების გაკეთებისას იშველიებენ საკუთარ აზრს. ვფიქრობთ, ნებისმიერი მიმართულებით გაკეთებული განცხადებისას საჭიროა, არა მხოლოდ საკუთარი შეხედულება, არამედ პროფესიონალების დასკვნა. ჩვენი პარტია ამ მიმართულებით იმუშავებს. გვეყოლება დარგის კარგი სპეციალისტები.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართულები ვიქნებით, გვექნება ჩვენი ხედვა. სერიოზულ პროცესებში დღესაც ჩართულები ვართ, მე გახლავართ ანტიკრიზისული საბჭოს თავჯდომარე, გია ცაგარეიშვილიც ამ საბჭოს წევრია, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ძირეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
_ პროფესიონალები ახსენეთ. ვინ არიან ეს ადამიანები?
_ მე არ მაქვს უფლება, მათი სახელები გავახმაურო, რადგან მათგან ამის ნებართვა არ ამიღია. რაც მთავარია, ჯერ არ ვიცი, წევრი ვინ იქნება, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
_ როგორია თქვენი შეხედულება 2009 წლის ბიუჯეტზე. დაუჭერთ თუ არა მხარს? თქვენი აზრით, ყველაზე დიდი ყურადღება რომელ სფეროზე უნდა იყოს გამახვილებული?
_ იქ არის საკითხები, რომელსაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, გვაქვს ჩვენი წინადადებები, მაგალითად, ჯანდაცვის, განათლების სფეროზე, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებითაც, არის ბევრი მიმართულება, რაზეც ჩვენი მოსაზრება გვაქვს და თუ მინისტრთა კაბინეტი ჩვენს ხედვასა და შეხედულებას გაიზიარებს, კარგი იქნება, თუ _ არა, შეიძლება, მხარი არ დავუჭიროთ, მაგრამ ძირითადად, მხარს მაინც დავუჭერთ.
_ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აგვისტოს მოვლენების დროს შექმინილი კრიზისიდან გამოსავალს პრეზიდენტის გადადგომაში ხედავს, თქვენ როგორ აფასებთ ამ საკითხს?
_ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით მე ძალიან მკვეთრი და ნათელი პოზიცია მაქვს - ეს იყო ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ, ამაში რუსეთის გარდა, ვერავის ვადანაშაულებ. წლების განმავლობაში ისინი ცდილობდნენ, განეხორციელებინათ მსგავსი ფაქტი და, საბოლოოდ, მიაღწიეს კიდეც _ მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია. აგვისტოს მოვლენებში საქართველოს ხელისუფლება რომაა დამნაშავე, ეს მოსაზრება უსაფუძვლოა. 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტისახელმწიფოებრივი პროცესი, რომელიც 1993 წელს დაიწყო, რუსეთმა სეპარატისტული რეჟიმის გამაგრებას შეუწყო ხელი, დააფინანსა, გადასცა იარაღი. მე კითხვას სხვანაირად დავსვამდი: მან, ვინც ამ მოსაზრებას გამოთქვამს, დამისახელოს რომელიმე ცივილიზებული ქვეყანა, სადაც შეიჭრა მეზობელი ქვეყნის რეგულარული არმია, დაიკავა ტერიტორიები, დაიწყო სოფლების დაბომბვა და მათ ადეკვატურად არ უპასუხეს? უდავო ფაქტია, რომ ქვეყანაში უცხო ჯარი შემოჭრა და ეს ავტომატურად ომის გამოცხადებას ნიშნავს. ომი, რა თქმა უნდა, დაიწყო მან, ვინც შემოიჭრა. მე კიდევ ერთი კითხვა მიჩნდება: როდესაც რუსეთის რეგულარული არმია შემოვიდა საქართველოს ტერიტოარიაზე, რა უნდა ექნა ასეთ ვითარებაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს? არ ეპასუხა და თბილისში წამოსულიყვნენ ბაზებზე? მაშინ როგორ შეაფასებდნენ ჯარის მსგავს ქმედებას? პირადად, მე, შევაფასებდი როგორც მოღალატეობრივ ქმედებას. კითხვები თუ უჩნდებათ საქართველოს მისამართით, კითხვები რუსეთის მისამართით უნდა გაუჩნდეთ. რატომღაც ვერ ვისმენ პოლიტიკური პარტიებისგან რადიკალურ და პრინციპულ მოთხოვნას, რომ ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია, როგორც აგრესორებმა, როგორც ოკუპანტმა. ასეთ განცხადებებს, სამწუხაროდ, არ აკეთებენ. მიკვირს პოლიტიკური პარტიების, რომლებიც არ აკეთებენ პრინციპულ განცხადებებს, პირიქით, გვესმის, რომ რუსებმა მოახდინეს ტერიტორიის ოკუპირება და ამის გამო ხელისუფლება უნდა წავიდეს.
_ რუსეთისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის შეხედულეებები და მოთხოვნები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. ამ საკითხს როგორ აფასებთ?
_ რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოში პრორუსული ლიდერი მონახოს. რაც შეეხება უკვე არსებულ ქმედებებს, შემიძლია, მოსახლეობას მოვახსენო, რომ როდესაც რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იყო შემოსული, მათ ნიღბოსნები დაყვებოდნენ, რომლებიც, სამწუხაროდ, ქართველები იყვნენ და მტერს ინფორმაციას აწვდიდნენ. რუსეთი შეეცდება, ასეთი კატეგორიის ხალხი პოლიტიკურ წრეებშიც იპოვოს.
რაც შეეხება აზრების დამთხვევას. ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, როდესაც შენს მიერ გამოთქმული მოსაზრება ემთხვევა პუტინის და მედვედევის აზრებს. ეს, როგორც მინიმუმ, სამარცხვინოა, ხოლო მაქსიმუმ _ უცხო ძალებთან თანამშრომლობა. საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა – ეს რუსეთის გეგმაა. როცა ლევან ბერძენიშვილი გამოდის და ამბობს, რომ მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგომისკენ და საერთაშორისო თანამეგობრობაში, სადაც სერიოზული მხარდაჭერა გაგვაჩნია, გზავნის წერილებს, რომ საქართველომ დაბომბა თავისი ტერიტორია, ეს ნაძირალა კაცის გაკეთებული განცხადებაა. როდესაც შენს ქვეყანას ძირს უთხრი, ეს ნაძირლობაა. როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე, შეიძლება იყოს პრობლემები, მაგრამ როდესაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დრღვევაში, ოკუპაციაში, ხელისუფლებას ადანაშაულებ და ვერ ხედავ რუსეთის როლს, მოსახლეობას აწვდი ცრუ ინფორმაციას ქვეყნისა და მოქალაქეების დაბომბვასთან დაკავშირებით, ასეთ ადამიანებს არანაირი საქმე არ აქვთ პოლიტიკაში. ეს ხალხი პირდაპირ იმეორებს პუტინისა და მედვედევის სიტყვებს და ეს ჩემი შეფასება არაა.
_ კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს ანტიკრიზისული საბჭო?
_ საბჭო ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს: ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები, დემოკრატიის განვითარებასა და მედიის თავისუფლებასთან და ასე შემდეგ. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დებატები “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” აღსდგა, იყო საუბარი “მაესტროზე”, რომელზეც ასევე მოხდა პოლიტიკური შეთანხმება. საუბარი იყო პარტიების დაფინანსებაზე, რომლებიც ახლა ილანძღებიან, ასეთი პარტიების დაფინანსებაზეც ვიზრუნეთ და ამ შეთანხმებასაც მივაღწიეთ.
_ როგორ აფასებთ ნინო ბურჯანაძის დღევანდელ პოლიტიკურ საქმიანობას? თქვენი აზრით, ხომ არ ემსგავსება მისი როლი უკრაინაში ტიმოშენკოს როლს, ვგულისხმობ რუსეთის მთავრობასთან ურთიერთბებს?
_ ორ ფაქტს ვიტყვი: პირველი ისაა, რომ გალის რაიონში დადიან რუსები და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერ პროკლამაციებს ავრცელებენ. ამბობენ, რომ ის გამოკვეთილი ლიდერია და ქალბატონ ნინოს ხოტბას ასხამენ. ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია. მეორეც, ისინი დაინტერესებულნი არიან მისი რეიტინგით. მე პირდაპირ პარალელს ტიმოშენკოსთან არ გავავლებ იმიტომ, რომ ტიმოშენკომ პირდაპირ ეთერში ღიად გააკეთა განცხადებები, პუტინთან ჩავიდა და იქაც მწვავე განცხადებები გააკეთა, მან ნიღაბი ჩამოიხსნა. ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით სხვა ტიპის კითხვები მებადება: როდესაც 6 წლის მანძილზე პარლამენტის თავჯდომარე იყო, როდესაც იყო ქვეყნის მეორე პირი, რა გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსთვის თავიდან აერიდებინა ის პრობლემები, რაზეც ახლა თვითონ საუბრობს. 45 დღის განმავლობაში ის პრეზიდენტი იყო, რა ნაბიჯი გადადგა ამ ხნის განმავლობაში? ის ახლა დემოკრატიაზე საუბრობს, საარჩევნო სისტემის უვარგისობაზე, რა შეცვალა 45 დღის განმავლობაში? პარლამენტი გადააქცია ნოტარიუსად და პარლამენტის უფლებები დააკნინა. კითხვებს რომ უსვამს ახლა ხელისუფლებას, თვითონ რატომ არ უსვამს იმავეს საკუთარ თავს? მას უნდა, თავიდან დაიწყოს ყველაფერი და წარსულს ივიწყებს? ვერ დაივიწყებს, მათ შორის, _ ვერც ქართველი ხალხი, როდესაც უამრავი პრობლემა იყო ქვეყანაში, რომელ ერთს მოუარა? გამოვიდა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მსგავსი განცხადებები, როდესაც ხელისუფლებაში იყო მისგან არაფერი მოგვისმენია.
_ უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს საგრძნობლად უმცირდება დაფინასება და ეს მაშინ, როცა 2 თვის წინ საქართველოში ომი იყო, ამაზე რას ფიქრობთ და რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ხმა იარაღის უკანონოდ შეძენის თაობაზე?
_ ეს აბსურდია, რადგან უკარიანა-საქართველოს მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ორი ქვეყნის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, იდებოდა ხელშეკრულება და შემოდიოდა იარაღი. აქ არალეგალური არაფერია, ვინ კითხავს პუტინს, უკრაინა როგორ ხელშეკრულებას დადებს საქართველსთან და რა იარაღს გადასცემს? ყველა იარაღის სახეობა, რაც საქართველოში შემოვიდა, ჩვენ გვეკუთვნოდა და გადაჭარბებით არაფერი შეგვიძენია. პირიქით, შეგვეძლო მეტიც მიგვეღო.
რაც შეეხება ბიუჯეტს. ის, ბევრი მიზეზის გამო, მცირდება, ქვეყანაში ზოგადად კრიზისია. ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით, კითხვებიც გვაქვს და დავსვამთ კიდეც. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირების მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ახლა თანხების დიდი ნაწილი ლტოლვილების უზრუნვლეყოფაზე, ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ადამიანების დასაბინავებლადაა მიმართული.
_ ნოემბრის მოვლენების განმეორების შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზოცია, შეუერთდებით თუ არა აქციებს?
_ წინა ნოემბრის გამოსვლებისას, პირველ დღეებში, არ ყოფილა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, არამედ, იყო თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა. ნოემბრის მოვლენები დიალოგის არარსებობით იყო გამოწვეული, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ დაიწყო დიალოგი. ქალბატონ ბურჯანაძესთან დაიწყო რაღაც დიალოგი, მაგრამ მან ეს პროცესი ჩაშალა. არც ერთი შეპირება არ შეასრულა, არ ვიცი, ეს მიზანმიმართულად კეთდებოდა თუ, უბრალოდ, მას ძალა არ შესწევდა. სწორედ ამიტომ გამძფრდა დამოკიდებულება. ჩვენ, ოპოზიციის არც ერთი წევრი არ შევსულვართ სააკაშვილთან და არ გვქონია მოლაპარაკებები. ამის საშუალება ქალბატონ ნინოსთან გვქონდა. მოთხოვნები, რომელსაც ვაყენებდით, არ სრულდებოდა, ეს მასაც უნდა ჰკითხოთ, რატომ? ყველას აქვს უფლება, გამოვიდეს და მისთვის მიუღებელი მოვლენა გააპროტესტოს, მე უნდა ვნახო, რა პროცესები, მოთხოვნები იქნება და შემდეგ გადავწყვეტ. ვფიქრობ, დღეს საქართველოში მიტინგების დრო არ არის, ჩვენ უმძიმეს პირობებში ვიმყოფებით, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია, მთავარი ახლა რუსული ჯარის გაყვანაა. ამიტომ ვფიქრობ, დღეს საქართველოში არეულობის, ვადამდელი საპრეზდენტო და საპარლამენტო არჩვენების მოთხოვნის დრო არ არის. ეს ხელს შეუწყობს კრიზის გაღრმავებასა და რუსეთის გეგმის განხორციელებას. ამიტომ ასეთი მოთხოვნები თუ იქნება, არ შეუერთდები.
ესაუბრა ელისო გიორბელიძე
www.fact.ge
