რეპორტაჟი მუხათგვერდის უცნობი გმირების სასაფლაოდან
ერთადერთ შვილს დედა ვერ ელევა და შუაგზიდან უკვე მესამედ ბრუნდება. “ორი თვეა, აქ წევხარ, შვილო, და კიდევ აქ როგორ დაგტოვო?!” ბოლოს, მაინც მიდის... ზაური აქ რჩება, სახლიდან ძალიან, ძალიან შორს...
მეორე უცნობი ჯარისკაცი ვალერი გოგნაძე აღმოჩნდა, რომელიც მეორე ბრიგადაში მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვინაობა დადგინდა, საფლავს კვლავ უცნობი ჯარისკაცი აწერია... საფლავზე ერთადერთი გვირგვინია წარწერით: “ვალერის მეგობრებისგან”. ეს ყვავილები უკანასკნელია, რაც მეგობრებმა ვალერის უსახსოვრეს. ჯარისკაცები, მისი თანამებრძოლები, რომლებიც ომში გმირულად იბრძოდნენ, თვალცრემლიანი ემშვიდობებიან მეგობარს.
ზაზა ფერაძე მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, უფროსი სერჟანტის მოვალეობას ასრულებდა... 35 წლის იყო. იგი შვილი დაბადებას ვერ მოესწრო. მისი დამახინჯებული ცხედარი გაჭირვებით ამოიცნო ძმამ. რამდენიმე კვირაში კი გაჩნდა პატარა ფერაძე, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ მამამისი გმირია, ოღონდ უცნობი კი არა, ყველასთვის კარგად ნაცნობი გმირი!..
მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა მცხეთელი რევაზ ახალკაციც, მისი ოცდარვაწლიანი სიცოცხლე რუსის ნასროლმა ხელყუმბარან დაასრულა. რევაზის საფლავზე თითქმის ყოველდღე ამოდიან ახლობლები და მეგობრის დაკარგვით გამოწვეულ ნაღველს თითო ჭიქა ღვინით იქარვებენ.
გიორგი ბერიკაშვილის საფლავზე, ყვავილების გარდა, შავი მანდილიცაა. ალბათ, რომელიმე ჭირისუფალმა დატოვა. გიორგი ბერიკაშვილის საფლავს ერთი თვეა, რაც უცნობი ჯარისკაცი აღარ აწერია. მისმა ახლობლებმა უკვე იციან, რომ გიორგი ის ერთ-ერთია ორმოცდაათიდან, რომელიც უცნობი ჯარისკაცის სახელით მიაბარეს მიწას.
...პატარა მარიამი იმიტომ ტირის, რომ თვალცრემლიან დედას ხედავს. მამამისი, მერაბ ახობაძე მეოთხე ბატალიონის კაპიტანი იყო, მისი ვინაობა 29 სექტემბერს დადგინდა დნმ-ის ანალიზის საშუალებით. მას შემდეგ დედა-შვილი ყოველ დღე მოდის მუხათგვერდის სასაფალაოზე... დედა ტირის, მარიამიც ტირის, თან დედას სთხოვს, ნუ ტირი, მამას ეწყინებაო...
უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ხალხის ნაკადი არ წყდება. მოდიან ნაცნობები და სრულიად უცნობები. სანთელს ანთებენ და... მიდიან. საღამოს ხალხის რაოდენობა იკლებს, სასაფლაო ცარიელდება. ხვალ, ალბათ, ისევ მოვლენ და სხვა უცნობ ჯარისკაცს დაუბრუნებენ საკუთარ სახელს. ჯერ-ჯერობით ასეთი მხოლოდ შვიდია. დანარჩენები კი ისევ უცნობი გმირები არიან!..
ანი კიკონიშვილი
www.fact.ge
