მცირე ბიზნესი ომის შედეგებს იმკის
როგორც წიგნებით მოვაჭრეები აცხადებენ, შემოდგომა წიგნების გაყიდვების მხრივ ტრადიციულად პიკია, რადგან სწავლა და სტუდენტები საჭირო ლიტერატურას აქტიურად ყიდულობენ, თუმცა წლევანდელი წელი შარშანდელისგან რადიკალურად განსხვავებულია და მყიდველი თითქმის არ ჰყავთ. ამის მიზეზი აგვისტოს მოვლენები და მსყიდველუნარიანობის შემცირებაა.
პრობლემებია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბიზნესში. მაღაზიათა ქსელ “შოდი პლიუსში” 10%-იანი ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს, თუმცა გაყიდვები სასურველი მაჩვენებლისგან მაინც შორს არის.როგორც ქსელის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, “შოდი პლიუსის” მაღაზიებში საშემოდგომოდ ახალი კოლექცია შემოიტანეს, მაგრამ კლიენტები თითქმის არ ჰყავთ, რასაც მენეჯმენტი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შემცირებით ხსნის.
მისგან განსხვავებით კლიენტურის სიმცირეს არ უჩივის მისი კონკურენტი “სევენ ჰილი”. როგორც ჩვენთან საუბარში “სევენ ჰილის” კონსულტანტებმა განაცხადეს, მათთან ფასდაკლება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და კოლექცია ყოველთვიურად ახლდება.
მაღაზიებს კიდევ რა უჭირთ, გაცილებით უარეს დღეში არიან თავად მომხმარებლები. ზამთარი კარსაა მომგარი და ოჯახის შემცირებული შემოსავლები ამდენ ხარჯს ვეღარ აუდის. ბავშვების სასკოლოდ მომზადება, ზამთრისათვის პროდუქტების მომარაგება, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა, გამათბობლებისა თუ სათბობი საშუალებების მოძიება - ეს იმ საკითხების ზოგადი ჩამონათვალია, რომელიც ნებისმიერმა ოჯახმა ოქტომბერ-ნოემბრეში უნდა გადაწყვიტოს.
საქართველოში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობა კი ნებისმიერ ოჯახს ხარჯების შემცირებისაკენ და თავისთავად პრობლემების გადაუჭრელობისაკენ უბიძგებს.
ადამიანთა კვალდაკვალ გაუგებრობაში მოყვნენ ჩვენი ოთხფეხა თუ ფრთიანი მეგობრები, თუმცა ამ პრობლემებისა მათ არა გაეგებათ რა და ესეც მათი პატრონების პრობლემადაა ქცეული.
საქართველოში, ზოოლოგიურ მაღაზიებში რუსული პროდუქციის დეფიციტია. როგორც დედაქალაქში მოქმედი ზოოლოგიური მაღაზიების კონსულტანტებმა განაცხადეს, ქვეყანაში ცხოველების რუსული საკვების იმპორტი აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეწყდა. აქამდე შემორჩენილ მარაგს ჰყიდიდნენ, თუმცა დღეს ზოომაღაზიებში რუსული პროდუქციის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით რუსული “ვისკასი” და “სობაჩკა” სარგებლობდა. “ვისკასი” კატების საკვებია და კილოგრამი 5 ლარი ღირს, “სობაჩკა” კი ძაღლებისთვის არის განკუთვნილი და მისი ფასი 6 ლარია. კონსულტანტების ინფორმაციით, დღეს მათი ჩანაცვლება რუსულთან შედარებით დაბალი ხარისხის უკრაინული პროდუქციით, ასევე ძვირიანი გერმანული და ესპანური საკვებით ხდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4448