ზარალის ოდენობა ნელ-ნელა იკვეთება
ზარალს ვერც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ლიდერი, სანაქებო და ხელისუფლების სამაგალითო საბანკო სექტორი გადაურჩა. მოქალაქეებსა და ბანკებს შორის ურთიერთობების გაუარესებაზეც აქტიურად საუბრობენ.
მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს რა მდგომარეობაში დღეს საქართველოს საბანკო სექტორი შემოგთავაზებთ მაგალითებს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ მომზადებული ეკონომიკურ ანალიზიდან.
«ბანკების უკვე გამოკვეთილი დანაკარგებიც აშკარაა. საომარი მოქმედებების დროს მარტო სისტემის ორი ლიდერი ბანკიდან, რომლებიც სექტორის 60%-მდე აკონტროლებენ, კლიენტებმა 265 მილიონი დოლარის დეპოზიტები გაიტანეს (”საქართველოს ბანკი” - 165 მილიონი ანუ მთელი დეპოზიტების 10 პროცენტი, ”თი-ბი-სი ბანკი” - 100 მილიონი) სულ მთელი სექტორიდან 300 მილიონი დოლარის დეპოზიტები გავიდა, რამაც ბანკებს ფულადი რესურსები ძალიან შეუმცირა.
კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა იპოთეკურ და საკრედიტო ნაწილში. ამ მხრივ ბაზარი, პრაქტიკულად, პარალიზებული. თუ ახალმშენებარე სახლებში ბინების შესყიდვა სწორედ ამ მეთოდებით ხდებოდა, დღეს ეს რესურსი სრულიად ხელმიუწვდომელია”.
ეკონომიკური ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ სიტუაცია არასახარბიელოა. ამასთან ერთად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რეკომენდაციებს აძლევს საქართველოში მოქმედ კერძო ბანკებს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, გაამკაცრონ კონტროლი სესხების გაცემაზე. ეს კიდევ უფრო მეტად აიძულებს ბანკებს თავი შეიკავონ კრედიტების გაცემისგან.
პრესა.გე ზემოთ ნახსენები ეკონომიკური ანალიზის ავტორს, ეკონომიკის ექსპერტს რეზო საყევარიშვილსაც ესაუბრა. მისი განცხადებით ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა იმ სფეროებს რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დიდწილად განაპირობებენ. მაგალითად, მშენებლობა.
- ”დადასტურებული ინფორმაციით, აგვისტოში სამშენებლო ბაზრის ორი ლიდერიდან ერთ-ერთმა - ”აქსისმა” მხოლოდ 1 ბინის გაყიდვა მოახერხა, ”იბერიამ” - ვერც ერთის, დანარჩენ კონტრაქტებზე მყიდველებმა უარი განაცხადეს”, - აცხადებს საყევარიშვილი. ექსპერტი ამბობს, რომ უკეთეს მდგომარეობაში არც მრეწველობაა.
- ”რუსული ჭურვები ჩამოიყარა, მაგალითად, თბილისის საავიაციო გაერთიანებაში, რომელიც წინა წლბში ქართული ექსპორტის დაახლოებით 10 პროცენტს უზრუნველყოფდა. თურქულმა ”ეფესმა” ”ყაზბეგს” უკვე ოფიციალურად აცნობა, რომ მათ შორის მოლაპარაკება, სულ მცირე, 6 თვით გადაიდო”.
- ”მრეწველობითვის მოსალოდნელი უფრო გრძელვადიანი ზარალი ცალკე საუბრის თემაა. წინასწარი მონაცემებით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილი ხანძარი ”ბორჯომის” და ხეობის სხსვა მინერალური წყლების თუ აგრარული პროდუქციის ხარისხზე მოახდეს გავლენას რაც მოგვიანებით მათ საბაზრო ფასზე აისახება”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა მილიარდებით შეფასდა. საქართველოს ეკონომიკის აღდგენას და კალაპოტში ჩაყენებას კი როგორც სენატორ რიჩარდ ლუგარის ოფისში აფასებენ, სამიდან ოთხ მილიარდამდე დასჭირდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4460