კრემლის მითითებით, აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე სვანურ და მეგრულ ავტონომიებს ქმნიან?!
ასე, მაგალითად, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ რუსი იდეოლოგების მითითებით, აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთისა და კოდორის ხეობის ტერიტორიაზე ე.წ. სვანური და მეგრული ავტონომიების შექმნას გეგმავენ. მართალია, ეს ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ოკუპანტები და აფხაზი სეპარატისტები ზემო აფხაზეთის მოსახლეობას რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ... ეს, ფაქტია, სეპარატიზმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
სვანური და მეგრული ავტონომიების შექმნას აფხაზეთიდან დევნილი, არასამთავრობო მოძრაობის _ “აფხაზეთის მშვიდობა და აღორძინება” კოორდინატორი, პროფესორი ლორიკ მარშანია ჭორს და “რეალობასთან შეუსაბამოს” უწოდებს, თუმცა “ფაქტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ანალოგიური ხმა 5-6 წლის წინაც გავრცელდა.
“სვანებმა და მეგრელებმა კარგად იციან, ვის მახეშიც მოხვდებიან და არ დაუშვებენ, რომ საქართველოს გამოეყონ და რაიმე სხის ავტონომია ჩამოაყალიბონ,” _ აცხადებს მარშანია.
მართალია, ლორიკ მარშანია არ აკონკრეტებს, თუ ვის ინტერესში შედის მსგავსი ჭორების გავრცელება, თუმცა უდავოა: ყველა გზა კრემლამდე მიდის და ამას მარშანიას ნათქვამიც მოწმობს: “აფხაზებს არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად რაიმე მოიმოქმედონ, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე უმცირესობაში არინ. მოკლედ, აფხაზები იმას აკეთებენ, რასაც რუსები უბრძანებენ. აფხაზებს თავიანთი სახე დაკარგული აქვთ და მშვიდად შეჰყურებენ თუ როგორ ნადგურდება თავიანთი სახელმწიფო. ისე, ავტონომიებად დაყოფილი აფხაზეთი არც რუსებს აწყობთ.
_ აბა, ასეთი ხმის გავრცელება ვის წისქვილზე ასხავს წყალს?
_ ყველაფერი მოგონილია. ერთხელ, ისიც ითქვა, აფხაზები და ქართველები ერთიანდებიან და აფხაზურ-ქართულ სახელმწიფოს ქმნიანო, მაგრამ დღეს, როცა მსოფლიომ ჩვენი ვინაობა და ისიც გაიგო, რუსმა რა დაგვმართა, ამაზე, მგონი, არავინ წავა, თან ყველაფერი ეს არც მეგრელებს, არც აფხაზებს, არც სვანებს და, მით უმეტეს, რუსეთს არაფერს მისცემს. ისე, რამდენიმე წლის წინ მოსკოვში, პაოვლოვსკის, პუტინის მრჩეველს, ვკითხე, კი ეს უბედურება ელცინის დროს დაგვემართა და პუტინს რამე ახალი მიდგომა ხომ არა აქვს, რომ ხანძრები ჩააქროს-მეთქი. მან მიპასუხა: პუტინი არ არის ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც გვერდით კიდევ ერთი სახელმწიფოს ყოფნა სურდესო.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ნატო-ს ჯინაზე აღიარა. იცით, რატომ დგანან რუსები ახალგორში? იმიტომ, რომ როცა ჩვენთვის მეპ-ის მინიჭების დრო მოვა, შეიძლება, თბილისისკენ წამოვიდნენ, როგორც ეს აგვისტოში უნდოდათ, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ დაუშვებს.
აფხაზებს ჰგონიათ, რომ რაკი რუსეთმა აღიარა, უკვე სახელმწიფო აქვთ. ჟენევის მოლაპარაკებებიც ამიტომ ჩაიშალა.
_ რას გულისხმობთ?
_ რას და, ჟენევაში ქართულმა დელეგაციამ ყველაფერი შეასრულა, რაც პროტოკოლით ევალებოდა. პლენარულ სხდომაზეც დროზე მივიდა და როცა ჩვენ და აფხაზეთის დელეგაცია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დავმსხდარიყავით, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დრო იხელთა და სულელური წინადადება წამოაყენა, ჩვენ თქვენთან ისე უნდა ვისაუბროთ, როგორც სახელმწიფომო. აფხაზეთი არ არის სახელმწიფო და ვერც ვერასდოეს იქნება! ისე, შამბას საქციელი გამო უკმაყოფილება რუსებმაც გამოთქვეს, რადგან მათთვის ეს პრესტიჟის საკითხი იყო. ვფიქრობ, რომ აფხაზებსა და რუსებს ჩვენთან სალაპარაკო არ ჰქონდათ. მაგრამ დასკვნა ისტორიიდან უნდა გავაკეთოთ და ჩვენ და აფხაზები მაინც უნდა დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან ჩვენ დაქუცმაცება არ გვაწყობს. უბედურბაა, რომ თავზე ურჩხული დაგვაჯდა და ბაღაფშს კარნახობს, თუ რა უნდა თქვას. ეს კი ძალიან შორს წაგვიყვანს. მაქვს ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე გალის რაიონი რუსეთის სამხედრო ქალაქი უნდა გახდეს. ეს იქნება ბუფერული ზონა ენგურსა და ოჩამჩირეს შორის, რაც იმას ნიშნავს იმას, რომ რუსები სამუდამოდ გვართმევენ ჩვენს ძირძველ მიწა-წყალს.
_ ბატონო ლორიკ, გამოსავალს რაში ხედავთ?
_ იცით, რა? პრეზიდენტები მიდიან და მოდიან, ხალხი და სახელმწიფო კი რჩება. პუტინი ყოველთვის ხომ არ იქნება?! მომავალმა პრეზიდენტებმა აუცილებლად უნდა მონახონ საერთო ენა. მართალია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ის ჩვენი მუდმივი მეზობელია და სტაბილური ურთიერთობა უნდა გვქონდეს, რადგან საქართველოს ვერ ავიღებთ და სხვაგან ვერ გადავდგამთ. კი, ბატონო, ვიმეგობროთ ამერიკასა და ყველა ქვეყანასთან, მაგრამ ასეთი არადიპლომატიური, არაპოლიტიკური და არაკონსტრუქციული ურთიერთობა, როგორიც რუსეთთან გვაქვს, არც მათ სჭირდებათ და არც _ ჩვენ.”
თიკო ნერგაძე
www.fact.ge

