მოემზადეთ გაღარიბებისთვის!
საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტების დასკვნებით, ყველაზე ცუდი პერიოდი 2009 წლის პირველი ნახევარი იქნება, როდესაც სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდება.
ექსპერტების თქმით, ევროპაში რეცესია სწორედ ახლა იკრებს ძალებს და მომავალი წლის მეორე ნახევრამდე მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის. მათი აზრით, ყველაზე მეტად დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და იტალიის ეკონომიკები დაზარალდება, რისი მიზეზიც წარმოების შემცირება გახდება.
შედეგად, მომავალ წელს მოსახლეობის შემოსავალი მნიშვნელოვნად დაიკლებს, ღარიბების რაოდენობა კი გაიზრდება.
ასეთ გლობალურ კრიზისს ვერც საქართვლეო გადაურჩება. საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ მსოფლიო პროცესებს “მშრალად” ვერ დაუვძრება. პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოზეც აისახება, რადგან ეს სიტუაცია ინვესტორებს შეეხება.
- “რა თქმა უნდა, ჩვენ ვიგრძნობთ ამ კრიზისს, რადგან ის ინვესტორებზე აისახება, როდესაც შემცირდება მათ მიერ ნებისმიერ პროექტში ფულის ჩადების მზადყოფნა, და არა მარტო საქართველოში”, - განაცხადა პრემიერმა.
გურგენიძის თქმით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს არჩეული კურსი, გაამახვილოს ყურადღება ეკონომიკურ განვითარებასა და რადიკალურ რეფორმებზე. მისი თქმით, დღეს, ქართულ-რუსული კონფლიქტის შემდეგ, ქვეყნის ასაღორძინებლად საჭიროა 3,2 მლრდ აშშ დოლარი. გუშინდელი “წარმატების” შემდეგ საქართველოს უკვე 4,5 მილიარდის დაპირება გააჩნია.
ეკონომიკური ექსპერტის, დემურ გიორხელიძის აზრით, 2009 წელი ქართული ეკონომიკისთვის გაცილებით რთული იქნება, ვინაიდან პრობლემები შეექმნა, ისეთ აქტიურ ბიზნესებს, როგორიც არის მშენებლობა და ტურიზმი.
- “ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკური აქტივობა საერთოდ შემცირდა. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკურიაქტივობა 60%-ით დაეცა. გარდა ამისა, 2009 წელს მშპ-ს მხოლოდ 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ეს მიუთითებს, იმაზე, რომ სამშენებლო ბიზნესი, ტურიზმი, რესტორნების ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ვინაიდან, მთელს მსოფლიოში მოსალოდნელია საკვები პროდუქტების გაძვირება, ხოლო საქართველო იმპორტზეა ჩამოკიდებული”.
- ”მთავრობამ ეკონომიკის განვითარებისთვის სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. ვგულისხმობ კრედიტების დაზღვევას, სახელმწიფოს მხრიდან კრედიტებზე პროცენტების თანადაფინანსებას. რაც შეეხებამ ცირე და საშუალო ბიზნეს, ამ სფეროს ისედაც პრობლემები ჰქონდა, ვინაიდან მათთვის ფინანსური რესურსები ნაკლებად ხელმისაწვდომია, გარდა ამისა ამ ბიზნესის განვითარებას სახელმწიფოს პოლიტიკაც არ უწყობს ხელს”, - აცხადებს გიორხელიძე.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4480