სოსო ცინცაძე - აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის მუშაობის ღია ეთერში ტრანსლირება ხელისუფლების არასერიოზული ნაბიჯია
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომების ღია ეთერში ტრანსლაციას ხელისუფლების მიერ დადგმულ "უნიჭო სპექტაკლად" და "ორთქლის გამოშვების" მცდელობად მიიჩნევს.
ცინცაძის განცხადებით, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე და ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში სხვებისაგან განსხვავებით ცოტა მაინც გაეგება, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის მუშაობის ღია ეთერში ტრანსლირებას ხელისუფლების არასერიოზულ ნაბიჯად აფასებს.
"სხდომას შეგნებულად, იმის გამო არ ვუყურე, რომ ამგვარ მოსმენებზე ჭერშმარიტების დადგენა ყოვლად გაუგონარი უვიცობაა",- აღნიშნა მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ცინცაძე დარწმუნებულია, რომ კომისიის სხდომაზე მიწვეული თანამდებობის პირები მხოლოდ იმას იტყვიან, რისი გაგონებაც სურთ კომისიის წევრ პარლამენტარებასა და დიასახლისებს.
პოლიტოლოგის მტკიცებით, მსოფლიოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამა თუ იმ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომა რომელიმე ქვეყანაში ღია ეთერში გადაეცათ.