რუსები ლაგამის მიშვებით მომენტალურად სარგებლობენ
“ქართველი პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე ისინი იძულებულნი გახდნენ, მუჟავა დაეტოვებინათ და დისლოკაციის ადგილს დაბრუნებოდნენ”, - აცხადებენ შსს-ში.
ამის შემდეგ აფეთქება მოხდა გალის რაიონის სოფელ თაგილონში. აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა თაგილონისა და ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონას დამაკავშირებელი სარკინიზო ხიდი ააფეთქეს. რამდენიმე დღის წინ კი, სეპარატისტებმა ამ სოფლებს შორის არსებული საავტომობილი ხიდიც გამოიყვანეს მწყობრიდან. ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდით, ასეთი დივერსიული აქტებით აფხაზები და რუსები ცდილობენ, ქართულ მოსახლეობას გალის რაიონში გადასასვლელი გზები შეუზღუდონ.
კიდევ უფრო დაძაბულია მდგომარეობა რუსების მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში. აქ მდომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდეა. რუს ჯარისკაცებს რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის ნაკვეთებისა და ყანების გავლით 8-კილომეტრიანი გზა გაჰყავთ. ქართულ დასახლებულ პუნქტთან რუსული შეიარაღებული ძალების კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი დგას. პარალელურად რუსები სანგრების თხრას განაგრძობენ.
როგორც ცნობილია, ბოლო ერთი კვირის მანძილზე ახალგორის რაიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობა პერმანენტულად იზრდება.
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კი აცხადებს, რომ “ქართული მხრიდან აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში ლენინგორში მცხოვრები თავისი მოქალაქეების ღვთის ანაბრად მიტოვებას არ აპირებს”.
როგორც კოკოითმა დღეს დე-ფაქტო სამინისტროების მეთაურებთან შეხვედრაზე განაცხადა, “ლენინგორის რაიონში არსებული სიტუაცია სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს”.
“ქართული მხრიდან რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის სერიოზული განზრახვა არსებობს. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მოქალაქეები, ეროვნების მიუხედავად, უყურადღებოდ დავტოვოთ. ჩვენ მათ უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ”, - განაცხადა კოკოითმა.
რაც შეეხება ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რაიონის მოსახლეობას ზამთრის მარაგის გათვალისწინებით ყველაფერი მიეწოდება და შესაბამისი დავალება სპეციალურ კომისიას აქვს მიცემული.
ამასთან, კოკოიტმა განაცხადა, რომ “რაიონის მოსახლეობამ უნდა მიიღოს პენსიებიც და ხელფასებიც, ისე, როგორც მთელს რესპუბლიკაში მცხოვრებმა მოსახლეობამ”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4499