ქვეყანა უმუშევრობისთვის ემზადება
დღეს საბანკო სექტორი საუკეთესო პოზიციაში ნამდვილად არ არის. თითქმის ყველა ბანკმა თანამშრომლების დიდი ნაწილი ან გაათავისუფლა, ან უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ანალოგიური მდგომარეობაა თითქმის მთელ კერძო სექტორში. რაც შეეხება საჯარო სამსახურს, ამ კუთხით, უმუშევრობის კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს უნდა ველოდოთ.
ემუქრება თუ არა საქართველოს უმუშევრობა, ძნელი სათქმელია. ახალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას, პარლამენტმა მთავრობას ქამრების შემოჭერა უბრძანა. მთავრობაც მორჩილად დაეთანხმა, რომ სოციალურ ვალდებულებებს წინა პლანზე წამოწევს. მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის” ფონზე, ხელისუფლება უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს და “საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები შეაქვს. პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლის ბედი მთლიანად ორგანიზაციის ხელმძღვანელზე იქნება დამოკიდებული.
სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში, სახელმწიფო სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა საკუთარი სიმართლე რომც დაამტკიცოს, არც სამსახურში აღადგენენ და ვერც განაცდურს აინაზღაურებს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ კანონს უკუქცევითი ძალა ექნება და მისი მოქმედება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოქმნილ დავებზეც გავრცელდება.
დღემდე, საქართველოში კრიტიკის ობიექტი მოქმედი შრომის კოდექსი იყო, ამიერიდან, მას კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი კანონი დაემატება, თუმცა როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ასეთი კანონი ერთით მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ეჭვს იწვევს
ეროვნული ბანკის ზაფხულში გათავისუფლებულ თანამშრომლებს იმედი ჰქონდათ, რომ სასამართლოს მეშვეობით, საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებდნენ. ეროვნული ბანკის ყოფილი თანამშრომელი, მადონა რაზმაძე აცხადებს, რომ მისთვის მთავარი არა სამსახურში დაბრუნება, არამედ სიმართლის დადგენაა. იმ დოკუმენტების მიხედვით კი, რაც ეროვნული ბანკის ყოფილმა თანამშრომლებმა მოგვაწოდეს, საერთოდ, რა ხდება ეროვნულ ბანკში, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს. სხვა თუ არაფერი, ისიც კი არ არის გარკვეული, ეროვნული ბანკის ახლანდელი პრეზიდენტი მართლა პრეზიდენტია თუ არა.
კონსტიტუციის 96-ე მუხლისა და ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუკი დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა, რითაც არსებითი ზარალი მიაყენა ეროვნულ ბანკს, ანდა, ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედითუუნაროდ ცნობის გამო. ყველა შემთხვევაში, გადამწყვეტი სიტყვა არა პარლამენტს, არამედ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.
გასული წლის 9 ოქტომბერს, პარლამენტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომან გოცირიძესა და მის მოადგილე ეკა გალდავას უფლებამოსილება 29 სექტემბერს შეუწყდათ. იმ დროისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრებისა და ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობა ჯერ უცნობი იყო. ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო, ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მის იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს, დავით ამაღლობელს დაეკავებინა.
როგორც ირკვევა, ამაღლობელი მოვალეობის შემსრულებლად 16 ოქტომბერს უკვე თანამდებობიდან გადამდგარმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ დანიშნა. შესაბამისი ბრძანების პროექტს თავად ამაღლობელი, ხოლო ბრძანებას, 29 სექტემბერს უფლებამოსილებაშეწყვეტილი გოცირიძე აწერს ხელს.
მადონა რაზმაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ამაღლობელს ეროვნულ ბანკში რეფორმის ჩატარებისა და თანამშრომლების დათხოვნის უფლება არ ჰქონდა. საინტერესო იქნება, რა დასკვნას გამოიტანს სასამართლო.
რაც შეეხება თავად ეროვნულ ბანკს, აქაც ისეთივე ქაოსია, როგორიც დღევანდელ საბანკო სექტორში. არავინ იცის, როდის და როგორ გახდა ამაღლობელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, მაგრამ ეს მას სულაც არ უშლის ხელს, ეროვნული ბანკის გარდა, სხვა ბანკებსაც უზედამხედველოს.
ერთი უცხოელისთვის დაწერილი კანონი
არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენელი რობერტ კრისტიანსენი დაინიშნა. საბჭომ სააგენტოს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს, სააგენტოს საქმიანობის კონტროლი განახორციელოს და ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვა უზრუნველყოს. საბჭოს უფლებამოსილებებში შედის ასევე, სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება. ზედამხედველობის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე, ხოლო სააგენტოს აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძეა.
კანონის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო პასუხისმგებელია კომერციული ბანკებისა და ფინანსური სექტორის სხვა მონაწილეებისთვის ლიცენზიების გაცემაზე. ლიცენზიის მიღების შემდეგ, ყველა კომპანია საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მონიტორინგს ექვემდებარება. ხოლო მონიტორინგის პროცესში ფინანსური კომპანიები ვალდებულნი არიან, დაიცვან სააგენტოს მიერ დაწესებული წესები და მოთხოვნები.
ახალი კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს ორი ფუნქცია აქვს - ინფლაციისა და ბანკების კონტროლი ევალება.
თუ ქვეყანამ ინფლაციის დადგენილი (12-პროცენტიანი) მაჩვენებელი არ შეინარჩუნა, პასუხს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა აგებს. როგორ უნდა აგოს პასუხი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ძნელი სათქმელია.
მეორე ფუნქცია ფინანსური ზედამხედველობაა. კანონით განისაზღვრა, რომ ამ სამსახურსაც ცალკე საბჭო ეყოლებოდა, რომელიც საბანკო, სადაზღვევო და ფასიანი ქაღალდების ბაზარს უზედამხედველებდა.
იმ ფაქტმა, რომ საბჭოს წევრები შეიძლება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ, პარლამენტში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც ჩანს, მთავრობას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ბანკების კონტროლს სწორედ იმ კრისტიანსენს ჩააბარებდა, რომელმაც სსფ-ს მისიის ხელმძღვანელობისას გაბედა და თქვა, რომ მთავრობა ბევრ ფულს ხარჯავდა და ინფლაცია ამის დამსახურება იყო.
მოკლედ, როგორც ეროვნული ბანკის ასევე, მთელი საბანკო სექტორის მიმართ საკმაოდ ბევრი კითხვა ჩნდება. ეროვნული ბანკის ყოფილ თანამშრომლებს გაცილებით მეტი აქვთ სათქმელი, რაც ეროვნულ ბანკში პროცესებს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ამაზე, ალბათ, მოგვიანებით მოგვიწევს საუბარი, თუმცა, როცა ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ბანკებს კი ისეთი უწყება ზედამხედველობს, სადაც ყველაფერი რიგზე არ არის, საზოგადოებაში შიში კიდევ უფრო იზრდება. ჩნდება კითხვა, რომელიც უკვე რიტორიკულად აღარ ჟღერს - ხომ არ გაკოტრდებიან ბანკები და მთელ საბანკო სექტორს მხოლოდ ერთი, მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფი არ გადაინაწილებს?
ფინანსისტები აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში საბანკო სექტორი გამართულად არ მუშაობს, ეკონომიკურ წარმატებებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. იმ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს, ნამდვილად ვერ ვიფიქრებთ, რომ ქვეყანა ეკონომიკური წარმატებებისთვის ემზადება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4510