სეპარატისტები გაზით და დენით მომარაგებას გვავალდებულებენ
სატირალია, რომ აგვისტო-სექტემბრის მოვლენების შემდეგ სეპარატისტულ რეჟიმებთან ენერგეტიკული ბიზნესპარტნიორობა გვიწევს. აფხაზები ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს მოიხმარენ, არაფერს გვიხდიან და იქეთ გვაშანტაჟებენ - სადაცაა ენგურჰესს გავყიდითო. ოსმა სეპარატისტებმა პატიოსანი გადამხდელების როლი მოირგეს და ”რესპუბლიკის” გაზმომარაგებას აქამდე დადგენილი ბიზნესურთიერთობის საფუძველზე ითხოვენ.
ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება საქართველოსგან ბუნებრივი აირის მიწოდებას ელის. ე.წ. სამხრეთ ოსეთის გაზის დე ფაქტო სახელმწიფო გაერთიანების ”ენერგეტიკის” ხელმძღვანელის მოადგილის ალან პლიევის განცხადებით, ”სამხრეთ ოსეთმა ქართულ მხარეს საომარი მოქმედებების დაწყებამდე ორი თვის განმავლობაში მოხმარებული აირის საფასური უკვე გადაუხადა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია პასუხი იმაზე, როდის გაუშვებს საქართველო ”რესპუბლიკაში” ბუნებრივ აირს”.
”ქართულ-რუსული კომპანია ”იტერა-საქართველოს” წინაშე არსებული დავალიანება, რომელიც 10 მლნ რუბლს შეადგენდა, უკვე დაფარულია, თუმცა ქართული მხარისგან ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი იმაზე, როდის აღდგება გაზის მოწოდება”, - აღნიშნა პლიევმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების დროს ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამ დრომდე ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თხევად აირის მოიხმარს.
კომპანია ”იტერა-საქართველო” ცხინვალის გაზმომარაგებაზე ვერაფერს ამბობს. ”იტერა-საქართველოში” აცხადებენ, რომ ცხინვალისკენ არსებული გაზსადენის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის ირაკლი ნიკოლაიშვილის თქმით, ”იტერას” თანამშრომლებს გაზსადენთან მისვლის საშუალება არ აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ის დაზიანებულია.
ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკულ კომპანიას ”იტერა-საქართველოს” წინაშე არსებული დავალიანება სრულად დაფარული არ აქვს.
”იტერა-საქართველოსა” და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ენერგეტიკულ კომპანიას შორის პირდაპირი კონტაქტი არ არსებობს.
ამასთან, როგორც ცნობილია, რუსეთი სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთ ოსეთიდან ახალ გაზსადენს აშენებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ რუსეთი ცხინვალის რეგიონს გაზს პირდაპირ მიაწვდის.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4575