სტილი და ელიტა
ანუ, არა მხოლოდ და არა უბრალოდ «ძველი ბიჭები», არამედ სწორედ თბილისელი ანუ «სვეტსკი ძველი ბიჭები». აი ისინი, რომლებიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე უნივერსიტეტის ბაღსა და ვერის ტრუბებთან «აბირჟავებდნენ», „პიისატტრეტი“ ან „პიისატპიატი“ ჰქონდათ დამთავრებული, პრესტიჟულ უმაღლესებში სწავლობდნენ, მაგრამ «ძველბიჭობდნენ», იმავდროულად (ახალი ტერმინოლოგიის შესაბამისად) «სვეტსკაობდნენ» და «იზმანებოდნენ», თუმცა არც «ქეშაობაზე» ამბობდნენ უარს, არც „გულავზე“, მაგრამ ყოველთვის, სიღრმისეულად, გარკვეული პერსპექტივის შენარჩუნებით.
მხოლოდ და სწორედ ამ სოციალურ ფენას (ანუ «სვეტსკი ძველბიჭობას» – ძმები რურუების, ძმები კოდუების, ძმები მაჭავარიანების, კეზერაშვილების და სხვათა სოციალური ტიპის პერსონაჟებს, იმდროინდელ ქართველ „ტომ სოიერებსა“ და „რებეკა ტეტჩერებს“, მაშინდელ ნორჩ ვაკელებსა და ვერელებს), ჰქონდა საკმარისი ძალა, თავდაჯერებულობა, თავხედობა, ცინიზმი და „გამკეთებლობის“ უნარი, რათა 1988-1993 წლების საზარელი მარცხისა და მრავალწლიანი შემდგომი ჭაობის მდგომარეობიდან ქვეყანა გამოეყვანა, შესაბამისი საფრთხეები არც თუ უმტკივნეულოდ დაეძლია, ახალი საერთონაციონალური პროექტი შეექმნა, საკუთარი თავხედობისა და «ნაგლობის» სოციალური ოპტიმიზმის ფენომენში სუბლიმირება მოეხერხებინა, განეხორციელებინა მოდერნიზაცია, იმედი დაემკვიდრებინა და მთლიანობაში, ქვეყნისთვის განვითარების პერსპექტივა შეენარჩუნებინა.
სწორედ მან (ანუ 70-80-იანი წლების «ახალგაზრდა ვაკე-ვერელ-საბურთალოელთა კასტამ») დაამკვიდრა 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ახალი «სტილი» - «რუსთავი-2» ის მეშვეობით; მანვე წარმოაჩინა და გააძლიერა თანდათანობით ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მოვიდა კიდეც ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად.
დავაკვირდეთ: რატომ იწვევდნენ ზვიად გამსახურდია და მისი უბადრუკი მომხრენი, - «ზვიადიზმი» ზოგადად, ხსენებული სოციალური ფენის (იგივე «ჯინსების თაობის») სიძულვილს, ზიზღსა და გაღიზიანებას? - ჩამოთვლილი პერსონაჟებიდან ზოგიერთნი ხომ უშუალოდაც კი მონაწილეობდნენ გამსახურდიას დამხობასა და სამოქალაქო ომში?
- იმიტომ, რომ სწორედაც სოციალური მოტივაციის და სტილის თვალსაზრისით, «ზვიადი», «ზვიადისტები» და ზვიადიზმი» კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმ სტილს, შესაბამის ღირებულებებს (რაკი სტილი ღირებულებათა ფასადია) რომელსაც ხსენებული ნორჩი ელიტა აღიარებდა და მისდევდა.
ვიყენებ ტერმინს «სტილი» ყველაზე ფართო გაგებით. მათ შორის იგულისხმება ისიც, რაც აღინიშნება ტერმინით «მოდურობა», მაგრამ არა მხოლოდ – იგულისხმება ასევე კომუნიკაცია ამ ცნების ყველაზე ფართო გაგებით: ქცევა-ჩვევანი, დამოკიდებულებების, გამოხატვისა და მიმართებების ფორმა, მანერები, სოციუმში პოზიციონირების ხასიათი, თვითრეალიზებისა და თვითაქტუალიზების ხერხები, მეთოდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ . . .
«მოდურობა» ამ ურთულესი ფენომენის ყველაზე მარტივი, გარეგნული გამოხატულებაა – თუმცა კი ძალზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი.
და ისევე, როგორც «ზვიადიზმი», მისი თანამდევი «სოფლური» და «გოიმურად აღქმული», «ყანა», «რქიანი» ფენომენი აღიზიანებდა ამ მზარდ, მძლავრ და ამბიციურ ფენომენს, ასევე, 90-იანი წლების ბოლოდან, უკვე შევარდნაძე და მისი ფენომენი, ისევე, როგორც შევარდნაძის მიმდევარი სოციალური ფენა (ე.წ. «ელიტარული ინტელიგენცია») აღიქმებოდა უკვე «გოიმობად» «არამოდურად» და «არაპრესტიჟულად».
ამავე კონტექსტში დავაკვირდეთ, რომ მაგალითად «დარდუბალაში», რომელიც ამ საინტერესო პროცესის სიმპტომად და ასახვად იქცა, ყურადღება ექცეოდა შევარდნაძის «გოიმურ ჩაცმულობას» - მის წითელ «ბეზრუკავკას» და ასე შემდეგ.
ანუ, თანდათან დგებოდა ეპოქა, რომლის ერთ-ერთი სტილური გამოხატულება (ანუ ელიტის თვისებრიობისა და თვითდამკვიდრება-აქტუალიზებისა თუ თვითრეგულირების მექანიზმი) ხდებოდა ის კონსტრუქტი, რაც დიდი ხანია აქტუალიზებულია დასავლეთში.
მათ შორის მაგალითად: მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ და არა იმდენად იმას, რას ლაპარაკობს პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე, არამედ უფრო იმას, თუ როგორ გამოიყურება ის, ვინც ლაპარაკობს; აქედან შემდგომ გამომდინარე როგორ აცვია იმას, ვინც ლაპარაკობს.
თუ გამოიყურება «გოიმურად», თუ არ აცვია «სტილურად» (აქვე: აი, რაც არასდროს ეშლება ჩვენს «ახალ ელიტას», - ვინც «მიშასთან» ერთად მოვიდა) - მაშინ მისი აქტუალიზება ეჭვ ქვეშ დადგება სწორედ ელიტის სტილური იდენტობის თვალსაზრისით.
დავაკვირდეთ ასეთ ფენომენს: «ახალი ქართული ელიტის», ანუ საქართველოს «ახალი ისტებლიშმენტის» მრავალი წარმომადგენელი (მაგალითად ლაშა ბუღაძე, ნინია კაკაბაძე, დათო მაღრაძე, ეკა კვესიტაძე და სხვანი) ხშირად მწვავედ აკრიტიკებენ მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც კი შალვა ნათელაშვილის ან ბადრი პატარკაციშვილის მსგავს თვისებრივ ალტერნატივაზე მიდგება საქმე, უეჭველად მასვე უჭერენ მხარს.
რატომ? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათი სოციალური იდენტობისაა, შალვა ნათელაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი კი – არა.
სხვა (მათ შორის პოლიტიკურ) მომენტებთან ერთიანობასა და მთლიანობაში ეს ფენომენი (ელიტის სოციალური, სტილური იდენტობა) განმსაზღვრელი ხდება.
სწორედ ამიტომ ვიმეორებ მტკიცედ ზემოთთქმულს, რომ მყარი და სტაბილური სახელისუფლებო სისტემის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პირობით, როდესაც და თუკი ხელისუფალი არის იმ სოციალური ფენის (ელიტის) იდენტობისა, რომელიც ქმნის ამინდს საზოგადოებაში.
ელიტა მიგიღებს და გაღიარებს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შენ აღიარებ მის სტილს, შესაბამისად მის ღირებულებებს და ამას მანიფესტირებ კიდეც შენი პირადი სტილით, მათ შორის გარეგნობით, უფრო ვიწროდ კი, დიხაც, ჩაცმულობითაც.
სხვაგვარად შენი «გენიალური აზრები» და შენი ადამიანური თვისებრიობა არც არავის აინტერესებს – შეგიძლია შენთვის შეინახო, - რაკი ამით ვერ აქტუალიზდები.
ეს არის ელიტის სტილური თვითდამკვიდრების, «გაცხრილვის» და სოციალური მოტივაციის ის მექანიზმი, რომელიც სინამდვილეში საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა და მასთან ბრძოლას დიდმა იმმანუილ კანტმა «უდიდესი არასერიოზულობა და სიბრიყვე» უწოდა. სწორედ კანტს მიაწერენ სიტყვებს: «მხოლოდ ძალზე შეზღუდული და ბრიყვი ადამიანი შეიძლება ღიზიანდებოდეს და იბრძოდეს მოდისა და სტილის წინააღმდეგო».
სინამდვილეში ამ ფენომენში არანაირი ნეგატივი არ ძევს, რაკი ბოლოს და ბოლოს, თუკი საზოგადოების მართვა და ცხოველმყოფელობა ელიტის გარეშე შეუძლებელია, მაშინ ელიტასაც აქვს და უნდა ჰქონდეს «იდენტიფიცირების მექანიზმები», რათა პიროვნების შერჩევისას და მისი აქტუალიზებისას ღირებულებითი შეცდომები არ დაუშვას.
ხოლო თუ აღწერილი ფენომენის ექსტრაპოლირებას მოვახდენთ ჩვენს განსახილველ საკითხზე, მაშინ ძალიან მოკლედ და მარტივად შეიძლება ასეც ითქვას, რომ «ახალმა ელიტამ» (დიახ, დიახ, სწორედ იმან, რომლის ჩანასახი 1982 წელს ვერის ტრუბებთან «ბირჟაობდა» და უნივერსიტეტის ბაღში «მარიაჟობდა») ახალი საუკუნის დამდეგს სოციალური და სახელმწიფოებრივი თვითაქტუალიზება შეძლო, «ძველი ელიტა» საბოლოოდ «გააფარჩაკა», შესაბამისი პიროვნებაც (პოლიტიკოსი და მისი გუნდი) გამოკვეთა და თუ ხელისუფლებათა ცვალებადობის (სოციალური ორთქლის გამოშვების) ქმედითი მექანიზმის შემუშავებასაც მოახერხებს – ამ ახალი ისტებლიშმენტის ძლევამოსილება ურყევი იქნება, რაკი ეს «სტილი» თანამედროვე მსოფლიო ელიტის სტილის თანამდევია და მისივე რესურსებით ისაზრდოებს მარად.

