დევნილებს, შესაძლოა, ერთჯერადი სახლები შერჩეთ
უკვე ხშირად ვრცელდება ინფორმაციები დევნილთათვის განკუთვნილი სახლების უხარისხობაზე. მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე პირი ადასტურებს, რომ სახლებს მხოლოდ 40-50 სმ-ის სიღრმის საძირკველი უკეთდება, რომელსაც გაშრობასაც არ აცლიან, ისე ამოჰყავთ კედლები.
თავად კედლები ე.წ. ნახევარი ბლოკით შენდება, რომლის სისქე 15-20 სანტიმერია და სასწრაფოდ ილესება. სახლს შიგნიდან ეკვრება თაბაშირ-მუყაო (“გიფსო-კარდონი”) - სითბოს შესანარჩუნებლად. გადახურვა ხდება თხელი ფიცრების გამოყენებით, რომელიც სახურავის სიმტკიცეს ვერ უზრუნველყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობა მიმდინარეობს მაქსიმალურად სწრაფი ტემპით და სახლების უმრავლესობის ჩაბარება დაგეგმილია ნოემბრის შუა რიცხვებამდე, ხოლო მშენებლობა 15 დეკემბრისთვის დამთავრდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ დევნილების პრობლემების მოგვარება სწორედ ამ სამინისტროს დაევალა და არა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
სწრაფი ტემპით აშენებული შენობების მაგალითები კი საქართველოში მრავლად გვაქვს. მაგალითად, მარად უსახურავოდ დარჩენილი ქვეყნის უმთავრესი აეროპორტი და თბილისში არსებული შენობების დაობებული ფასადები.
აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში მიმდინარე სამშენებლო პროცესში მონაწილე სამშენებლო კომპანიები ხარისხზე კი არა, პროექტში მითითებულ ნორებზე აგებენ პასუხს.
“სახლების მშენებლობა ხორციელდება დამკვეთის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, მშენებლობას ვახორციელებთ საპროექტო დოკუმენტაციასთან სრულ შესაბამისობაში, რაზეც სრულად ვაგებთ პასუხს”, - აღნიშნა სამშენებლო კომპანია “აქსისის” პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ახვედელიანმა, მას შემდეგ რაც “რეზონანსისაგან” მოინმინა კითხვა - პასუხს აგებთ თუ არა მშენებლობის ხარისხზე?
მისივე თქმით, კომპანია სახლების მშენებლობისთვის იყენებს ცემენტის ბლოკს, გადახურვა ხდება მოთუთიებული ფოლადის ფურცლებით. საძირკვლის პარამეტრები: სიღმე - 1 მეტრი, სიგანე - 50 სმ (ლენტური საძირკველი), რაც სავსებით საკმარისია პროექტით გათვალისწინბულ ერთსართულიანი ნაგებობის შემთხვევაში. სახლები ბარდება როგორც შიგნიდან, ასევე გარედან გალესილი, მეტალო-პლასტმასის კარფანჯრით.
მშენებლების განცხადებით, საძირკველის გაშრობას ამჟამინდელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით მინიმუმ 20 დღე სჭირდება, ზაფხულში, თაკარა მზეში კი საძირკველის გაშრობის პერიოდი 14 დღეზეა გათვლილი. აქვე აღსანიშნავია, რომ კომუნისტების ეპოქაში სახლს საძირკველის ჩასხმის შემდეგ 28-30 დღის შემდეგ აშენებდნენ.
20 დღეში კი დევნილების სახლები მთლიანად დასრულებულია.პროექტის მიხედვით საძირკველი 1 მეტრის სიღრმისაა. მშენებლების განცხადებით, შეუძლებელია ერთ მეტრიანი საძირკველი სტანდარტი იყოს.
სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გრუნტებია, ზოგ შემთხვევაში 1,5-2 მეტრიანი საძირკველია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კედელმა დაიწიოს და გადაიხსნას.
ქარელის რაიონის სოფელ მოხისის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ხდება ცემენტის დაზოგვა.
“ეს სახლები დევნილებს ამ ზამთარს თუ გადაატანინებს, არა მგონია მომავალ წლებსაც გაუძლოს”, - გაგვანდო ერთმა მუშამ, რომელმაც, ბუნებრივია, თავისი სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის (მშენებლობის დამკვეთი ეს ფონდია) ხელმძღვანელის ლაშა გოცირიძის განცხადებით, თუ დევნილებს სახლის ხარისხიანობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები შეექმნა, სამშენებლო კომპანიები არიან პასუხისმგებლები ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორებაზე.
“თუ კომპანია რაიმეს უხარისხოდ აკეთებს, ისევ იმ კომპანიას მოუწევს ნებისმიერი ხარვეზის გამოსწორება. თუმცა, რასაც ვუყურებ, ამის არანაირი საფრთხე არ არსებობს. უამრავი სახლი შენდება და შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები, რომ ვინმემ ცემენტი მოიპაროს და სხვა. სახლები აბსოლუტურად, მყარი და ხარისხიანია, მშენებლობა მიმდინარეობს ზუსტად იმ ვადებში, რა ვადებიც ტექნოლოგიურად სახლის აშენებას სჭირდება”, - ამბობს ლაშა გოცირიძე.
სამშენებლო კომპანიებში მიაჩნიათ, რომ ცემენტის დაზოგვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას მხოლოდ არაპროფესიონალი გაავრცელებს, ვინაიდან სამშენებლო პროცესში ცემენტის დაზოგვა არ არსებობს. არ არის გამორიცხული, რომ ის მუშა, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, არაპროფესიონალი იყოს, ვინაიდან იმის გამო რომ ათასობით სახლის აშენება ერთდროულად მიმდინარეობს, მშენებლობის პროცესში უამრავი არაპროფესიონალია დასაქმებული.
არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოცდილებას დევნილების სახლების მშენებლობისას იღებენ. მათი აშენებული სახლები კი როგორი იქნება, ამას დრო აჩვენებს.
ამ ეტაპზე კი, 7000 დევნილისთვის განკუთვნილი კოტეჯების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. კოტეჯების მშენებლობის უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია და ნოემბრის დასაწყისში ყველა სახლი ჩაბარდება. 7000-მდე დევნილის შესახლება კი ნოემბრის ბოლომდე მოესწრება. რაც შეეხება იმ დევნილებს, რომელთა სახლების მშენებლობა ზამთრამდე ვერ მოესწრო, მათ კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში გამოაზამთრებენ.
ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს შემდეგ რაიონებში, გორის რაიონში მიმდინარეობს 1036 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სოფლებში ბერბუკი (134 სახლი), კარალეთის მეურნეობა (500 სახლი), სკრა (86), ხურვალეთი (139) და შავშვები (177).
ქარელის რაიონში 158 საცხოვრებელი სახლი შენდება, მათ შორის ახალსოფელში 100 სახლი და მოხისში 58 სახლი. კასპის რაიონში 90 სახი აშენდება სოფელ თელიანში 55 სახლი, ხოლო სოფელ მეტეხში - 35 სახლი. მცხეთის რაიონში 2700 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ყველაზე ბევრი დევნილი სოფელ წეროვანში განთავსდება - 2 ათასი ოჯახი, სოფელ წილკანში - 400 სახლი, სოფელ ფრეზეთში 300 სახლი.
ამავდროულად მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში, წინამძღვრიანთკარში, ხაშურში, სურამში, და ქარელში მიმდინარეობს საერთო საცხოვრებელი კორპუსების რემონტი. სულ აღნიშნულ რეგიონებში სახელმწიფოს მიერ შეკეთდება 411 ბინა.
ქვემო ქართლის რაიონში - გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო და ბოლნისი შეკეთდება და დაზარალებულებს გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 784 ბინა. ხოლო კახეთის რეგიონში - საგარეჯო, თელავსა და ლაგოდეხში შეკეთდება 86 ბინა, ხოლო ბაზალეთში შეკეთდება 102 ბინა.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ რეგიონებში გზების გაყვანას და არსებულის შეკეთებას. ანუ თითოეულ სოფელს უნდა ჰქონდეს შიდა მისასვლელი გაზა და გამართული წყალმომარაგების სისტემა.
ამჟამად მიმდინარეობს ჭაბურღილების გაბურღვა 60-100 მეტრის სიღრმეზე. დამატებიც უნდა მოხდეს ოსფლებში დაზიანებული წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. სულ მშენებლობაზე დასაქმებულია 30 სამშენებლო კომპანია და 5 ათასი ადამიანი.
ყველა სოფელში სახლები ერთი სტანდარტით შენდება. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ შავშვებში მიმდინარეობს 177 სახლის მშენებლობა, რომელშიც 700-მდე იძულებით გადაადგილებული პირი განთავსდება.
სახლები იქნება სტანდარტული ზომის (65 კვადრატული მეტრი), ხოლო სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული მათგანის მშენებლობის ღირებულები 28 ათას ლარს შეადგენს. ყველა სახლს ექნება 600 კვადრატული მეტრი საკარმიდამო ნაკვეთი, ხოლო ყოველ ოჯახს გადაეცემა 0,5-1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი. დასახლებებში უნდა გავიდეს 15800 კვადრატული მეტრი ფართობის გრუნტის გზა.
რაც შეეხება წყლით უზრუნველყოფას, ასევე სამინისტროს ინფორმაციით, დასრულებულია 150 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი და მიმდინარეობს 2 ცალი 50 ტონიანი რეზერვუარის მშენებლობა.
ასევე მოხდება წყლის საქაჩის, ფილტრებისა და ბაქტერიციდული გამწმენდების დამონტაჟება, რათა მოსახლეობამ უსაფრთხო და გაწმენდილი სასმელი წყალი მიიღოს. წყლის მილები იქნება დათბილული, რათა ზამთრის ყინვას გაუძლოს, ხოლო სასმელი წყლის ონკანები ყოველ 100 მეტრში განლაგდება. მთლიანობაში სოფელ შავშვებში სახლების მშენებლობაზე დაიხარჯება 5 მილიონ ლარამდე, ხოლო წყლისა და გრუნტის გზის გაყვანაზე დამატებით 500 ათასი ლარი.
თავიდან უნდა აშენდეს 3’981 სახლი, ხოლო 1’736 ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი. სახელმწიფო საკუთარი სახსრებით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის 500 საცხოვრებელ ბინას შეიძენს კახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4604