ქართული სოფლის მეურნეობა თურქეთის აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის პირისპირ
საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა, საქართველოსთვის საკმაოდ რთულ პერიოდში მიიღეს. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კონკრეტულ გარიგებას, რაც გარკვეული ბიზნესების ლობირებაში გამოიხატება. მსგავსი შემთხვევები საქართველოს ახსოვს, როცა ცალკეული ბიზნესების ლობირებისთვის იმპორტსა თუ ექსპორტზე ქვეყნის ბიუჯეტისთვის საზიანო შეღავათები წესდებოდა.
ეჭვებს ბადებს ისიც, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება, თურქეთიდან ელჩის გამოწვევა და გაპრემიერება თითქმის ერთდროულად მოხდა. მთავრობის განახლების თემამ თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი გადაფარა.
ხელშეკრულება როცა მზადდებოდა, ჩვენი მთავრობის მთავარი მოტივი იყო, თურქეთში არსებული მაღალი საბაჟო ტარიფებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის გაზრდის სერიოზულ შანსი ყოფილიყო. განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობის სფეროში. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეჭვებს სწორედ ეს სფერო იწვევს.
დღეს მთავრობა თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლება. თუმცა, როცა თურქეთთან (არა მხოლოდ თავისუფალ) ვაჭრობაზე იყო ლაპარაკი, ექსპერტები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ დიდი ყურადღება უნდა დათმობოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, რადგან თურქეთიდან დემპინგური (თვითღირებულებაზე დაბალი) ფასით შემომავალი იმპორტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას ხელს უშლიდა.
ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, შარშან საქართველომ ნულოვანი საბაჟო განაკვეთები როცა აამოქმედა, ე.წ დაცული საქონლის სიაში სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც შევიდა, ანუ მის იმპორტზე საბაჟო გადასახადი არ განულებულა. დღეს ხელისუფლება არაფერს ამბობს, ქართული პროდუქციის დაცვის რა მექანიზმს გვთავაზობს, სამაგიეროდ, გვამშვიდებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ქვეყანა ფეხზე დადგება.
თავის დროზე ცნობილი იყო, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სამრეწველო საქონლით ვაჭრობის სრული ლიბერალიზაცია და ამავე დროს, სერიოზული შეღავათები სასოფლო სამეურნეო სფეროში. დღეს ხელისუფლება არ აკონკრეტებს, რა შეღავათებზეა საუბარი. ითქვა მხოლოდ, რომ თურქეთში დაიბეგრება ქართული პროდუქციის 14 სახეობა, ხოლო საქართველოში 8 საქონლის პროდუქციის ჯგუფსა და სასურსათო პროდუქციის 21 სახეობაზე დაწესდება შეღავათები.
თავის დროზე, დოკუმენტზე მუშაობისას შემდეგი შეღავათები იყო განსაზღვრული: 70%-იანი ტარიფის ნაცვლად 0%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა 1 250 000 ბოთლი ქართული ღვინის იმპორტი თურქეთში, 54%-იანი ტარიფის ნაცვლად, 0%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა 4000 ტონა ფორთოხლისა და მანდარინის იმპორტი, 60%-იანი ტარიფის ნაცვლად, 0%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა 2000 ტონა ვაშლის იმპორტი, 58,5%-იანი ტარიფის ნაცვლად 20,5%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა 4’000 ტონა ხილის წვენების იმპორტი.
ძველ დოკუმენტში გამონაკლისის სახით, გათვალისწინებული იყო შეზღუდვები გარკვეული რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. საქართველოს მხრიდან ნუსხაში იყო ჩასმული რძე და ნაღები, პომიდორი, ციტრუსის ნაყოფი, ნატურალური თაფლი, კაკალი, ყურძენი, ვაშლი, ჩაი, ხილისა და კაკლის კონსერვები, ბოსტნეულის კონსერვები, თამბაქოს ნედლეული, სიგარეტი და სხვა თამბაქოს ნაწარმი. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში აღნიშნული პროდუქციის იმპორტზე არ გავრცელდებოდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები.
დღეს კი, როცა დოკუმენტი უკვე მიღებულია, ამ ჩამონათვალზე არავინ საუბრობს. ეს კი ნიშნავს, რომ ან მსგავსი ჩამონათვალი ჯერ არ არსებობს, ან ხელისუფლებას გარკვეული მიზეზების გამო მისი გამხელა არ სურს.
ახალი პრემიერი, გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელსაც თურქეთთან მრავალწლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებს, აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ქართული ექსპორტის მნიშვნელოვან სტიმულირებას ახდენს.
თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ”ლეიბორისტები” აპროტესტებენ და მის ამოქმედებაში მგალობლიშვილს ადანაშაულებენ. მათი თქმით თურქეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია აღარ დაიბეგრება, რაც დიდ კონკურენციას გაუწევს საქართველოს სასოფლო პროდუქტებს და გლეხების შრომა არარენტაბელური გახდება.
”ლეიბორისტები” აცხადებენ, რომ თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ხელისუფლებამ გადასახადი უნდა დააწესოს მეზობელი ქვეყნიდან იმპორტირებულ იმ პროდუქციაზე, რომელიც საქართველოშიც იწარმოება, რათა თურქულმა იაფფასიანმა პროდუქციამ ქართული სოფლის მეურნეობა საბოლოოდ არ გაანადგუროს.
”ლეიბორისტების” შიში უსაფუძვლო არ არის, თუმცა, მათ დააგვიანეს, რადგან ხელშეკრულება ორივე მხრიდან რატიფიცირებულია. საქართველომ ამ დოკუმენტის რატიფიცირება თურქეთზე ადრე მოახდინა. ამდენად, ორ-სამ კვირიან შუალედში შესაძლებელი იყო, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ამ საკითხზე ქვეყნებს შორის საბოლოო შეთანხმებამდე გამოეთქვა საკუთარი მოსაზრებები. ქართული მხრიდან კი დოკუმენტის რატიფიცირება სწორედ იმ პარლამენტმა მოახდინა, სადაც ”ლეიბორისტები” არ მუშაობენ, მაგრამ ხელფასი, როგორც პარლამენტარებს, ერიცხებათ.
თურქეთის აგრესიული პოლიტიკა ახალ ბაზრებზე შესვლისას მრავალი წელია, ცნობილია. თურქეთის ხელისუფლება თურქ მეწარმეებს ავალდებულებს და სპეციალურ შეღავათებსაც უწესებს, რათა თურქული პროდუქცია სხვა ქვეყნების ბაზრებზე გავიდეს და დამკვიდრდეს. ამდენად, ქართულ მხარეს, ხელისუფლება იყო თუ ოპოზიცია, თავის დროზე უნდა ეფიქრა ამ თემაზე.
”საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ექსპორტში არ ითვალისწინებს სტრატეგიულ პროდუქციას, როგორიცაა: ყურძენი, ციტრუსები და ვაშლი. თურქეთიდან კი, როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოდის და ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, ამ პროდუქტის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული სასურსათო პროდუქციის დაბლოკვა ჩვენი გლეხების სიმწრით მოპოვებულ პროდუქტს ”დაახრჩობს”. ეს კი მოწმობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამოძირკვოს გლეხობა საქართველოში”, _ აცხადებენ ”ლეიბორისტები”.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, საბაჟო გახსნილობა დამღუპველია. ზოგიერთის აზრით კი, შეიძლება ბაზრის გახსნით საქართველომაც მიიღოს სარგებელი. თუმცა, ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული და როგორი აღმოჩნდება თურქეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება _ დამღუპველი თუ პირიქით, ამ ეტაპზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება.
ჯერ გასარკვევია, რომელ თურქულ ბიზნესს ლობირებს ხელისუფლება. გვაქვს როგორც წარმატებული ასევე, წარუმატებელი პროექტები ნავთობსადენებისა და თბილისის აეროპორტის სახით. ამდენად, ვიდრე არ გამოიკვეთება, ამ რეჟიმის ამოქმედებას რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა, გადაჭრით რამის მტკიცება შეუძლებელია.
ამ ეტაპზე, ეჭვებს ბადებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ პროდუქციის ჩამონათვალი ხელმისაწვდომი არ არის. ეს კი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში თურქეთიდან გაუკონტროლებლად შემოვა გენმოდიფიცირებული და სხვა უხარისხო პროდუქცია, რითაც საფრთხე შეექმნება აგრარულ სექტორსა და მრეწველობის სხვა დარგებს. სხვათაშორის, რუსეთმაც არცთუ დიდი ხნის წინ სწორედ ამ მოტივით შეაჩერა თურქეთთან ვაჭრობა. საქართველოს კი რომელსაც პროდუქციის ხარისხის კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, შესაძლოა, ბევრად სერიოზული პრობლემები შეექმნას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4658