სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მალე გათავისუფლდება
სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მალე გათავისუფლდება
| [”ინტერპრესნიუსი”] სომალელ მეკობრეების ტყვეობაში ერთი თვის განმავლობაში მყოფი გემ ”ჯენიუსის” ეკიპაჟი გათავისუფლებული იქნება და გემი 25 ნოემბრისთვის დუბაიში შევა. ამის თაობაზე განცხადება დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის უფროსმა ეთერ ყამარაულმა გააკეთა. მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება გემის მფლობელ კომპანიასა და სომალელ მეკობრეებს შორის მძევლების გამოსასყიდად შესაბამისი თანხის გადახდის თაობაზე, თუმცა თანხის რაოდენობა არ სახელდება. გემის ბორტზე იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე. ესენი არიან: კახა სარჯველაძე, ალექსანდრე კაკაბაძე, ლევან მალაყმაძე, ზაზა სარჯველაძე, ნუგზარ ხინკილაძე და ჯუმბერ ფხალაძე. არსებული ინფორმაციით, ყველა მძევალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვთ საკვები და სასმელი წყალი. ”ჯენიუსი” ნიგერიის დროშის ქვეშ დაცურავს. რაც შეეხება დანარჩენ ორ გემს, რომელზეც ასევე იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, ”აქსიონსა” და ”CEC future”-თან დაკავშირებით მოლაპარაკება გრძელდება. ”აქსიონზე” იმყოფება საქართველოს 17 მოქალაქე, ხოლო ” CEC future”-ზე საქართველოს ერთი მოქალაქე. ასევე, საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. |
