ბურთი და ბრძოლის ველი
მოხდა ისე, რომ გულშემატკივრებით სავსე გემებმა, ურუგვაიში ჩასვლა მხოლოდ ფინალური მატჩის დამთავრების შემდეგღა მოახერხეს. ამას ისიც დაემატა, რომ ურუგვაის მთავრობამ, მტრულად განწყობილი ქვეყნის რამდენიმე ათასი მოქალაქე დედაქალაქში არ შეუშვა. ფინალში დამარცხებული არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებმა, ჯერ იქვე, ურუგვაის პორტში, საშინელი დებოში ატეხეს, რის გამოც, ურუგვაის სამხედრო კატარღებმა, მათ გემებს ცეცხლი გაუხსნეს და ასე გამოაძევეს მონტევიდეოს პორტიდან. არგენტინელმა გულშემატკივრებმა, სამშობლოში ჩასვლისთანავე არგენტინეს მთავრობის, კერძოდ ქვეყნის პრეზიდენტ იპოლიტო ირიგოენის გადადგომა მოითხოვეს. თავდაპირველად, მთავრობა ამ გამოსვლებს ირონიით უყურებდა, მაგრამ, შემდგომში, ურუგვაიდან დაბრუნებულ გულშემატკივრებს, სხვა ათასობით ფეხბურთის ფანი შეუერთდა. სპეცდანიშნულების რაზმმა მიტინგი რამდენჯერმე დაარბია და ამ მოვლენებს ორასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, საბოლოოდ კი, 9 სექტემბერს, დაახლოებით 10’000-მა გულშემატკივარმა, პრეზიდენტის სასახლე შტურმით აიღო და იპოლიტო ირიგოენი უბოდიშოდ გამოაპანღურა. როგორც ამ საოცარ რევოლუციაზე დაწერილი ერთადერთი წიგნიდან - ”ნიკეს ცხრა გაზაფხული”-დან ჩანს, ამ მოვლენებში, ქვეყნის პრეზიდენტზე მეტად, დამნაშავე მისი ძმისშვილი, იმ დროს არგენტინის ფეხბურთის პრეზიდენტი ხორხე ირიგოენი იყო, მაგრამ მოსიყვარულე ბიძამ ის დაკავებული თანამდებობიდან არ გაანთავისუფლა და გამძვინვარებული ფანების მსხვერპლი თავად გახდა. 1969 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, ერთმანეთს სალვადორისა და ჰონდურასის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში გაიმართა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ძირითადი მოვლენები მეორე მატჩში, ელ სალვადორში განვითარდა. ეს შეხვედრა სალვადორმა 3:0 მოიგო. მასპინძელთა გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე ჰონდურასის დროშა დაწვეს, რასაც დიდი ჩხუბი მოჰყვა, შედეგად, დაახლოებით 500-მდე კაცი დაიჭრა და 50-მდე დაიღუპა. თუმცა, ეს კიდევ არაფერი. მესამე მატჩი, ანუ გადათამაშება, მეხიკოში შედგა. პირველი ტაიმი ჰონდურასმა 2:1 მოიგო, მაგრამ, მეორე ტაიმში სალვადორმა ანგარიშის გათანაბრება, დამატებით დროში კი მატჩის მოგება შეძლო. ექსცენტრული ჰონდურასელთათვის ეს უკვე დიდი მიზეზი იყო და მათ სალვადორელთა ტრიბუნებისაკენ ხელყუმბარები ისროლეს, რაც საშინელ სისხლისღვრაში გადაიზარდა. მეორე დღეს, სალვადორის სახელმწიფომ, ჰონდურასსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო 17 ივლისს, ჰონდურასის ტერიტორიაზე შეიჭრა. ომი ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდა და პრაქტიკულად, ჰონდურასელების გამარჯვებით დასრულდა. დაზავების პრიოდში, სალვადორის ჯარი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე კი იმყოფებოდა, მაგრამ, ჰონდურასის არმიამ, მთლიანად მოსპო მტრის ავიაცია და ააფეთქა მათი ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სალვადორი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და კაპიტულაცია გამოეცხადებინა. გარდა ამისა, ჰონდურასიდან 150 ათასზე მეტი სალვადორელი იქნა განდევნილი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთი ამ ქვეყნის ნაკრები ვერ გაემგზავრა, ამ უაზრო ომის შედეგად კი, დიდ მსხვერპლთან ერთად, უზარმაზარი ფინანსური ზარალიც ნახა. ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტი უგო ჩავესი, რამდენიმე თვეა იმუქრება, რომ - კოპა ამერიკის გათამაშებაში, ვენესუელის ნაკრების დამჩაგრავთ, სულ მალე საკადრის პასუხს გასცემს. ჩავესი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ ვინ დაჩაგრა ვენესუელა და რატომ, მაგრამ ჩავესის მსგავსი ექსცენტრიული ადამიანისაგან, ახალი ლათინოამერიკული საფეხბურთო ომის წამოწყება, გასაკვირი სულაც არ იქნება. |
