ინტენრეტ-ფორუმების მიმოხილვა: ჟამი კირთებისა
| [მურმან ეკალაძე] რუსები ისევ ჩვენს ტერიტორიაზე ბაირამობენ. ჩვენი ხელისუფლება ყოველდღე წუწუნებს, რომ სიტუაცია დაძაბულია. ევროპელი და აშშ-ს ექსპერტები იძახიან რომ საჩხერის რაიოინის სოფელი პერევი რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და პროვოკაციებს უნდა ველოდოთ მათი მხრიდან. რუსები ცხინვალში დიდ სამხედრო ბაზას აშენებენ, რომელიც წლის ბოლოს დამთავრდება. 7 ნოემბერი კარგ გასართობად იქცა. რუსული ესტრადა ქართველ ხალხს გულის სიმებს უთრთოლებს. რესტორნებში მწვადი გაძვირდა. რონალდიონის კვლავ ვარსკვლავად თვლიან. მოკლედ, ბოლო დროს კარგს ვერაფერს გაიგებს კაცი. არადა, არც მარადიული დარდი და ოხვრა-კვნესაა მოსაწონი. ქართულ ინტერნეტფორუმებზე ვერ ვიტყვით რომ მაინცა და მაინც ნიჰილიზმი მძვინვარებს, მაგრამ გულდაწყვეტრილობის სინდრომი ნამდვილად შეინიშნება. Sindiofalacheqmebshi: ”საქართველოში ანტიამერიკულ კი არა ანტირუსულ განწყობებსაც კი ვერ ვგრძნობ! ”პოპულიში” შევალ, მიდის რუსული მუზონების რაძგა-რუძგი ერთი მაგათი არტ მენეჯერის... მარშუტკაში რუსული ესტრადა უბერავს. მანქანებშიც ყველას რუსული ესტრადა აქვს ჩართული. რაც ყველაზე გულისამრევია რესტორნებში უკვეთავენ რუსულ მუსიკებს... ამასწინათ ჩავთვერით და იმ დონეზე გავაჩმახეთ, რომ დამკვრელები ფანდურებით დაგვადგენ თავზე და სულ დიდოუ ნანას და ჩემი ხატია სამშობლოს გვიმღეროდენ უფასოდ!” რუსულ სიმღერასაც გააჩნია ახლა... დიმა ბილანსა და ვიქტორ ცოის ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. უხერხულია უბრალოდ... ჯერ კიდევ დიდი მარ ფრანსუა არუე ამბობდა: თუკი ვინმეს ქება გინდა, ყველა აძაგე და მათ შორის ოდნავ უკეთესად საქები ადამიანი წარმოაჩინეო. დაახლოებით ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ერთ-ერთი ფორუმელი, რომელიც ”რესპუბლიკელებად” წოდებულ პარტიას სხვა პარტიების ფონზე საუკეთესოდ განიხილავს. Svansky: ”ოპოზიციის მიერ გაერთიანებაზე საუბარი ბლაჰ, ბლაჰ და ხალხის დაბოლების მცდელობაა. ოპოზიცია ვერ გაერთიანდება და ეს კანონზომიერიცაა ვინაიდან: - ქვეყანაში გვყავს თუნდაც მცირე დოზით მაგრამ ჩემი შეხედულებით ინტელექტუალური ოპოზიცია რესპების სახით; - სვეცკად გამომყურალმოშიმშილემობლატავე ახლები; - თარგამაძეზე და მისნაირებზე ლაპარაკი არ ღირს; - შალიკომ ჯერ უნდა დაამტკიცოს რომ ფსიქიურად ყველაფერი რიგზე აქვს; - კაკაბაძე და ხაინდრავა უკვე ერთმანეთს დაერივნენ და როგორც გაიასნდა თურმე ფული ვერ გაიყვეს; - ნაჭყებიამ გუშინდელ პრესაში გამოაცხადა რომ გაჩეჩილაძე ლიდერი არ ყოფილაო, საპრეზიდენტო არჩევნებზე მე გელანდებოდით თანაფორუმელებო და ვერ გაიგეთ ჩემი ფოკუსი. - ქალბატონი ”ვოგი”-ზე სერიოზულად როგორ ვილოაპარაკოთ, ნიჭი უნდა იმის მოხერხებასაც რომ ყველას ერთნაირად ეზიზღებოდე. როგორ წარმოგიდგენიათ ამგვარი სუმბურის ერთად თავმოყრა? მე არ წარმომიდგენია. ვინც უფრო ნეტარი ხართ, ყველას გაგიმარჯოთ” საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელსაც არჩევნებში ხმას უპრობლემოდ და დაუფიქრებლად მივცემდი. ვინაობის დასახელებისაგან თავს შევიკავებ. მხოლოდ გეტყვით, რომ მისი სახელი ასო”ჯ”-ზე იწყება. ერთ-ერთმა ფორუმელმა ერევნიდან მეტად მნიშვნელოვანი წერილი მიიღო. გული როგორ მომითმენს ეს წერილი რომ არ გაახლოთ... მომავლის ჭვრეტა მხოლოდ ლელა კაკულიას როდი ხელეწიფება. ამას ფორუმელებიც მშვენივრად ახერხებენ და სხვათა შორის, საკმაოდ დამაჯერებლადაც. Codex: ”აღსანიშნავი ფაქტია, რომ უკვე ანგლო-ამერიკული მას მედიაც კი ალაპარაკდა სააკაშვილის მიერ საომარი ოპერაციების დაწყებაზე. თანამედროვე მსოფლიოში უბრალოდ არაფერი არ ხდება. მიხეილ სააკაშვილი გათავებულია. ეს თვითონაც კარგად იცის. ახლა მიდის ახალ ”მეფის კარზე” ფავორიტობისთვის ბრძოლა. ყველაზე რეალური შემცვლელი, რომელზეც ამერიკა გააკეთებს ”სტავკას”. პრეზიდენტობის კანდიდატები სავარაუდოდ იქნებიან ალასანია და ბურჯანაძე. უახლოესი დროის პროგნოზია: - ობამას ადმინისტრაციისთვის მისაღები ფიგურის არჩევა; - სიტუაციის სტაბილიზაცია; - საარჩევნო ბაზის, გარემოს და ამომრჩევლის მომზადება; შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი მეგობრების ”თხოვნით” დატოვებს თანამდებობას და ახალ არჩევნებში ქართველი ხალხი აირჩევს ახალ ”ფავორიტს”. ახალი პრეზიდენტის მოსვლით კი გაიხსნება ახალი რაუნდი ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებისა კავკასიაში”. და იყო ჟამი კირთებისაი, ოდეს კაცი იგი ოქიტაანთ დათუია, განაშორეს მერიასა თბილისასასა და ვიქმენთი ბნელში ვითარცა ლუციფერ... Gia Buga: ”ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულა მერიის სტრუქტურით, აუცილებლად შენიშნავდა რომ ერთი შეხედვით ერთიანი სისტემა დაყოფილი და დაქსაქსულია არაფრისმაქნისი სამსახურებით. უაზროდ გაბერილი შტატები და მათზე არავითარი კონტროლი, არაპროფესიული ნიშნით შერჩეული სამსახურის უფროსები, ფიქტიური საკრებულო და სხვა. არადა მახსოვს, თუ მაღალპროფესიონალი დათო ოქიტაშვილი რარიგ კარგად უძღვებოდა მინდობილ საქმეს, რამდენი ნაცნობ-მეგობარი შეიძინა კულტურულ თუ ელიტარულ წრეებში, რამდენი ოჯახის კარი გაიღო მისთვის, ახლა კი...” როგორც ჩანს, ამ კაცს ფუტკრებივით მომუშავე მერიის თანამშრომლები ჯერ არ უნახავს. ვისაც სურს, იხილოს, თუ რაოდენ ”მაღალპროფესიონალურად” მუშაობენ მერიის თანამშრომლები, ვურჩევ, გამონახოს დრო და ყოველ საღამოს, საბურთალოზე მდებარე რომლიმე კორპუსის სახურავზე ავიდეს, სადაც საკუთარი თვალით ნახავს, თუ როგორი ”პატრიოტული შემართებით” და დიდი გულმოდგინებით ჭრიან ”კაუკასუსის” კუთვნილ კაბელებს. ჭრიან და თან ”ხმალი მომე და ხანჯალიო” ღიღინებენ... ასეთი ადამიანების ხელში, საქართველოს გადაგვარება არ უწერია! |
