“თანასწორობის ინსტიტუტი” უთანასწოროდ დანაწევრდა
- ”თანასწორობის ინსტიტუტის” დამფუძნებელი ვარ და ვიცი, რაც ხდება შიდა სამზარეულოში. ეს ორგანიზაცია არ დაშლილა. მხოლოდ მე გადავდექი”.
პოლიტიკურ სპექტრს “მოძრაობა 7 ნოემბერი” შეემატა. მისი წევრები ყოფილი “თანასწორობის ინსტიტუტის” წარმომადგენლები არიან. გამოდის, “თანასწორობის ინსტიტუტი” დაიშალა?
- არ მაინტერესებს, “7 ნოემბერია” თუ “პირველი მაისი”, “თანასწორობის ინსტიტუტის” რამოდენიმე წევრმა, პარტიის შიდა განაწესი დაარღვია და გავრიცხეთ. ამ ფაქტს გიდასტურებთ. ხოლო რაც შეეხება თავად ორგანიზაციას, ჩემსა და გოგა ხაინდრავას გარეშე აგრძელებს ცხოვრებას.
გოგა ხაინდრავა რატომ გამოგეთიშათ?
- ჩემო კარგო, ვიცი, ვის მიერ არის გამოწვეული ეს ვაკხანალია, ყველაფერს კარგად ვხვდები.
ვის მიერ?
- ვისი და, თავიდან შევცდი, არ ვიცოდი, ვინ იყო ბატონი ხაინდრავა... ახლა თქვენ მაგის ნათქვამებს ახმოვანებთ და ხაინდრავას მითითებას ასრულებთ.
“თანასწორობის ინსტიტუტს” ხაინდრავასთან კონფლიქტი აქვს?
- დიახ, თავიდანვე შევცდი, რომ ГРУ-ს კადრი ავიყვანე. ამ დღეებში, განცხადებას გავაკეთებ პრესისთვის და ყველაფერი გაირკვევა. თავად დავწერ და გამოვაქვეყნებ კიდეც.
მაინც, რას აპირებთ?
- რას ვაპირებ? რას უნდა ვაპირებდე? გოგა ხაინდრავას ვამხელ. უკვე ვიცი, რომ იარაღის გამყიდველ რუს ოლიგარქ ბერეზოვსკისთან თანამშრომლობს და კრემლის ინტერესების სასარგებლოდ, იარაღის ბიზნესშია ჩართული. ასეთ ხალხთან საერთო არაფერი მაქვს. დანარჩენს წერილობით შეიტყობთ. კომენტარს აღარ ვაკეთებ.
როდიდან მიიტანეთ ეჭვი ხაინდრავას დანაშაულებრივ ქმედებებზე?
- იმ წუთიდან, როცა ბერეზოვსკის ფონდის თავმჯდომარე, ალექს გოდფარბი დაგვიკავშირდა და საიდუმლო გარიგებაზე სურდა “თანასწორობის ინსტიტუტის” დათანხმება. კიდევ ვიმეორებ, “თანასწორობის ინსტიტუტს” გამოვეთიშე, რადგან გრუს აგენტ გოგა ხაინდრავასთან ვერ მოვრიგდები. თუკი გარკვეული, უფრო სწორად, გაურკვეველი რეპუტაციის პოლიტიკანებისთვის მთავარი ღირებულება მილიონობით დოლარად გაყიდული სახელმწიფოა, ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება ჩემს მიზნებს, “თანასწორობის ინსტიტუტს” გამოვეთიშე. ახლა კი, დადგა დრო, გრუს გენერალიტეტი ხუთმილიონიან გარიგებაში ვამხილო.
2003 წლის შემდეგ პრეზიდენტის ბიძამ, თემურ ალასანიამ მის ამერიკელ მეგობართან, გუდისთან ფარული გარიგებით წამოიწყო იარაღით ვაჭრობა. ახლა კრიმინალების წრე გაფართოვდა და ბერეზოვსკის დამქაშმა, გოგა ხაინდრავამ, ვითომდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, იარაღის ბიზნესს მიჰყო ხელი. ამასთანავე, ოლიგარქს 5 მლნ დოლარად გაურიგდა და ამ თანხის მოზიდვა “თანასწორობის ინსტიტუტში” განიზრახა.
რომელ პარტიას ეკუთვნის კაჭკაჭიშვილი და კომპანია?
“თანასწორობის ინსტიტუტში” შიდა დუღილმა პოლიტიკურ ავანსცენაზე გადაინაცვლა. კაკაბაძიდან დაწყებული ე.წ. კომპრომატების ჯაჭვში წელიწადნახევრის წინ ორგანიზაციის გამგეობიდან დათხოვნილი მიხეილ კაჭკაჭიშვილი და მისი მეუღლე, ნინო პეტრიაშვილი ჩაება. ისინი აქამდე ორგანიზაციის წევრებად მაინც რჩებოდნენ.
ნინო პეტრიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “თანასწორობის ინსტიტუტში” კვლავ გრძელდება ბერეზოვსკის ხალხთან არალეგალური კავშირ-ურთიერთობები: “შეიჰმა აბდულმა ბინ ზაიედ ალ შაქრ ალნაჰინმა 5 მლნ დოლარი შემოგვთავაზა. “თანასწორობის ინსტიტუტმა” ეს თანხა არ აიღო. შეიჰმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ხსენებული თანხა გოგა ხაინდრავამ აიღო. ახლა დადგა დრო, “თანასწორობის ინსტიტუტმა” გრუს აგენტი ამხილოს. ეს თანხა ხაინდრავას თითქოსდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში უნდა ჩაედო”.
კაჭკაჭიშვილმა და პეტრიაშვილმა ხაინდრავას წინააღმდეგ “თანასწორობის ინსტიტუტის” სახელით გაილაშქრეს. ამიტომ მათ პრესკონფერენციას მალევე მოჰყვა ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება.
“თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წევრი, რომელიც ამავდროულად ამ ორგანიზაციის გამგეობაშია აცხადებს, რომ მიხეილ კაჭკაჭიშვილი და ნინო პეტრიაშვილი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდნენ ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე, რომ ცოლ-ქმარია და, როგორც ჩანს, პოლიტიკური დივიდენდების მიღების რეცეპტი სახლში მოიფიქრეს: “ასეთი ტიპის გამოხდომებისთვის, კერძოდ, გამგეობასთან შეუთანხმებლად მოქმედებისა და აგვისტოში საკუთარი ინტერპრეტაციით, წერილობითი მიმართვის გამოქვეყნებისთვის “თანასწორობის ინსტიტუტიდან” უკვე სამი წევრი გავრიცხეთ. ახლა კაჭკაჭიშვილისა და პეტრიაშვილის საკითხსაც დავაყენებთ”.
ჯიშკარიანი და მისი “რაზმი”
როგორც ირკვევა, აგვისტოში “საკუთარი ინტერპრეტაციით” განცხადება ჯაბა ჯიშკარიანმა გაავრცელა. ამ წერილში დაგმობილია საქართველოს ხელისუფლების კურსი, რამაც “ქვეყანა ომამდე მიიყვანა”. ცოტა ხანში ჯიშკარიანი “თანასწორობის ინსტიტუტის” მიღმა აღმოჩნდა. მას უკან სხვებიც მიჰყვნენ. მალევე იშვა ახალი ორგანიზაცია, მოძრაობა “7 ნოემბერი”, რომელშიც ჯიშკარიანის გარდა, ლევან გოგიჩაიშვილი, დათო დალაქიშვილი გამოჩნდნენ. დამატებით, შეკითხვებით “ვერსია” ჯაბა ჯიშკარიანს დაუკავშირდა.
ჩვენ გვაინტერესებს, დაიშალა თუ არა, “თანასწორობის ინსტიტუტი”?
- ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. არ დაშლილა. უბრალოდ, აზრთა სხვადასხვაობა იყო და სამი კაცი - მე, ლევან გოგიჩაიშვილი და დათო დალაქიშვილი წამოვედით.
როგორ აფასებთ კამპანიას გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ?
- ჩვენ ვიხილეთ არალეგიტიმური სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებით გაშუქებული ვიდეომასალები. ეს ნაცმოძრაობის სახეების გამოსვლა იყო. მათ არც ინტელექტი აქვთ. ამ კამპანიას თუ აწარმოებენ, მაშინ დადონ დოკუმენტი, როგორ არის ბორის ბერეზოვსკისთან შეკრული ხაინდრავა, ჯაბა ჯიშკარიანი ან ლევან გოგიჩაიშვილი, ან რა იარაღით ვაჭრობენ. ეს არის სრული კრეტინიზმი. ეს ადამიანები გაგიჟდნენ, ან მეორე ვარიანტია - ვანო მერაბიშვილის დაკვეთით მოქმედებენ. კაკაბაძე ან კაჭკაჭიშვილი, ალბათ, ვანო მერაბიშვილმა მოისყიდა.
გარდა ამისა, მიხეილ კაჭკაჭიშვილსა და ნინო პეტრიაშვილს “თანასწორობის ინსტიტუტის” სახელით განცხადებების გაკეთების უფლება არა აქვთ. სხვათაშორის, არც ირაკლი კაკაბაძეს აქვს ეს უფლება, რადგან მან გამგეობა დატოვა. ეს გამგეობასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.
“წვერებიანი” ხაინდრავას ფაქტორი
ირაკლი კაკაბაძის კვალდაკვალ, გოგა ხაინდრავა “თანასწორობის ინსტიტუტისგან” გამიჯვნას ამჯობინებს და ყოფილი თანამებრძოლების განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს: “თუკი მე წვერებიანი ორგზის მინისტრი და პოლიტიკური მეძავი ვარ, ჩემი ე.წ. ოპონენტი შიზოფრენიკია. როგორც ჩანს, სააკაშვილი და მისი გუნდი შიზოფრენიის უკანასკნელ სტადიაში არიან... ირაკლი კაკაბაძემ პუბლიცისტიკაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა. დაწერეთ, რომ ექსტრემისტი გოგა ისკანდერ ბინ ლადენი ვარ. ადეკვატურ შეფასებებს მაინც ვეღარ აკეთებენ”.
საფრანგეთში გადახვეწილი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა აღიარებს, რომ ბორის ბერეზოვსკისთან მეგობრული ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს და დასძენს, რომ პირადი ურთიერთობები მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
ვინ არის მეოთხე?
მეოთხე თვითონ, “თანასწორობის ინსტიტუტია”. ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრობას დღემდე ინარჩუნებს: ლაშა ჩხარტიშვილი, ზვიად ბოკუჩავა, ზურაბ მახაშვილი და ზურაბ რთველიაშვილი. “ვერსია” ლაშა ჩხარტიშვილს ესაუბრა.
რამდენიმე დღის წინ თქვენი ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდა პრესკონფერენცია და თქვენ საქმის კურსში არ იყავით, რატომ?
- ეს პრესკონფერენცია არ ჩატარებულა “თანასწორობის ინსტიტუტის” გამგეობის წევრებთან შეთანხმებით, რაც მიუღებელია და წესდების დარღვევაა. გამგეობის არც ერთი მოქმედი წევრი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. ჩვენ კი, ოთხნი ვართ.
ორგანიზაციას ცნობადი სახეები - ჯაბა ჯიშკარიანი, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვები რატომ გამოეთიშნენ?
- მათ გადაწყვიტეს, ახალი ორგანიზაცია შეექმნათ. მას “დემოკრატიის ინსტიტუტი” ჰქვია. ამ ეტაპზე კი, მოძრაობა “7 ნოემბრის” ფარგლებში განაგრძობენ საქმიანობას.
