რატომ წამოვიდა გიორგი მოლოდინი ”იმედიდან”
- ეგ დღე არასოდეს მავიწყდება. გასული წლის შვიდ ნოემბერს საღამოს ცხრა საათზე ჩემთვის უცხო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საოცარი სურათი იყო, ჩემს კოლეგებთნა ერთად იატაკზე წამოწოლილი ვუყურებდი როგორ დაბრძანდებოდა ტელეკომპანია იმედში ნიღაბჩამოფხატული სოსო თოფურიძე, რომელიც ყველამ ვიცანით და გაბრაზებულმა ბოლოს გამოაჩინა სახე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბესლანის კადრები მახსენდება ხოლმე...
იყვნენ ადამიანები, რომლებსაც, ცოტა არ იყოს და, ჩემთვის გასაკვირი მოწიწებითა და რიდით ექცეოდნენ ნიღბოსნებიცა და მათი უფროსებიც. ხოლო ზოგიერთი საერთოდ გაქრა ტელევიზიიდან, და მოგვიანებით, ძალიან გვიან მოვიდა. ვერავის ვერაფერს დააბრალებ, მაგრამ მე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს.
პრესაში რამდენჯერმე გაჟღერდა თქვენი გვარი გიორგი თარგამაძესთან კავშირში. ერთი თემა ეხებოდა სიუჟეტს, რომელიც ეთერში თითქოსდა შეგნებულად არ გაუშვეს, მეორედ კი თარგამაძის კაბინეტში მომხდარ ინციდენტს...
- არ ვიცი, რას ეძახით ინციდენტს მაგრამ ორივე შეკითხვაზე გიპასუხებთ. პირველი - სატელევიზო სიხშირეების თემაზე მე მართლაც მოვამზადე სიუჟეტი, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ თემის გამოძიება თითქმის ერთ დღეში მოვახერხეთ. ჩავწერე მთავარი მოწმე რომელიც ხელს ადებდა ციხიდან საპროცესო გარიგების საფუძველზე ახალგამოსულ ქიტოშვილს და ამბობდა, რომ ის ახდენდა მასზე ზეწოლას. ასახელებდა დროსა და ადგილს სად და რა ფორმებში მიმდინარეობდა ზეწოლა. მოკლედ, სიუჟეტი იყო მზად...
გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ უნდა დავლოდებოდით კვირას და ”დროებაში” გაგვეკეთებინა. შემდეგ, მახსოვს მისი სიტყვები: პოლიტიკური კონინქტურიდან გამომდინარე უმჯობესია, რომ ახლა გავჩერდეთ... ამის მერე სულ გაგვაჩერეს. მე არ მაქვს საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ გიორგი თარგამაძეს ჩემი სიუჟეტის დაბლოკვაში დავდო ბრალი. გიყვებით ფაქტებს და თქვენ გამოიტანეთ დასკვნები.
რაც შეეხება კაბინეტში მომხდარ ინციდენტს... მე ამას ინციდენტს ვერ დავარქმევდი. უბრალოდ, იყო ძალიან გაურკვეველი და დაძაბული ფონი, ადამიანების ნაწილი მართლა გაურკვევლობაში იყო... სწორედ მაშინ გავიგე, რომ ბადრი პატარკაციშვილთან აპირებდნენ საუბარს გიორგი თარგამაძე და კიდევ რამდენიმე კაცი. უბრალოდ, ავედი კაბინეტში და ვთხოვე რომ იმ ადამიანთან ჩემი სახელით არ ელაპარაკათ, რადგან მე არ ვიზიარებდი მის მოსზრებას. რა არის ამაში უცნაური?
რატომ წამოხვედი ”იმედიდან”?
- უკეთესი სამსახური ვიშოვე.
თუმცა, ხელფასი გაცილებით ნაკლები გაქვს...
- არ მიმაჩნია, რომ შემოსავალი განსაზღვრავს სამსახურის ვარგისიანობას. ახლა იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მინდა, როგორც მინდა და ვისთანაც მინდა. დღეს დევნილების უბედურებასაც ვაშუქებ, დეზერტირებად შერაცხული გმირი ჯარისკაცების ისტორებსაც ვყვებით, როგორ ვიომეთ, ვინ იყო ბრძოლის ველზე, ვინ - წითელ ხიდთან და ა.შ.
და ის ადამიანები, რომლებიც ”იმედზე” დარჩნენ, გინდა თქვა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები არიან?
- მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი გმირობაა იყო დღეს “იმედზე” და მოახერხო ობიექტურ, ჯიუტ ჟურნალისტად დარჩენა, და გეუბნებით, რომ ასეთია “იმედელების” უმრავლესობა. მე კარგად ვიცი, რის ფასად ახერხებენ ეს ადამიანები თითოეული კომენტარის ეთერში მოხვედრას, რესპოდენტის მოძებნას და ჩაწერას... თითოეული სიტყვა არის საბრძოლი და ვინც ამაში მომედავება, მზად ვარ ნებისმიერ დროს საკადრისი პასუხი გავცე.
ბოლო დროს ეთერში აღარ ჩანდა შენი სიუჟეტები. გქონდა რაიმე განხეთქილება ხელმძღვანელობასთან?
- უბრალოდ მათ გადაწყვიტეს, რომ ჩემი მთავარი ფუნქცია მხოლოდ მიკროფონის ხელში დაჭერა და რესპოდენტისთვის მიშვერა იყო. ასე, რომ ...
დაბრუნდებით ”იმედზე”?
- დავბრუნდები მაშინ, როდესაც მას კანონიერი მფლობელი დაიბრუნებს და დაიბრუნებს ყოველგვარი პირობებისა და გარიგებების გარეშე და დავბრუნდები კიდევ მაშინ, როდესაც იქ აღარ იქნებიან ის ხელმძღვანელი პირები, რომლებისთვისაც ჟურნალისტიკა, ჩემს უფროს მეგობარს დავესესხები, მხოლოდ გიგი უგულავას პენალტების პირდაპირ ეთერში ჩვენებაა.
