რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა ჩასახლება გარდაბანში დღეს დაიწყო
რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა ჩასახლება გარდაბანში დღეს დაიწყო
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარდაბანში 121 ოჯახი დაიდებს ბინას.
ტყეშელაშვილის განცხადებით, დევნილთა ჩასახლების პროცესთან დაკავშირებით პრაქტიკულად იწყება მნიშვნელოვანი ფაზა. როგორც მან განაცხადა, ანალოგიური პროცესები დაწყებულია შიდა ქართლში, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში, სადაც 35 ოჯახი დასახლდება.
მისი თქმით, ჩასახლების პროცესი 10-15 დეკემბრამდე დასრულდება.
ტყეშელაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე გუბერნატორებსა და გამგებლებს, იმ თვალსაზრისით, რომ მათ იმუშაონ რესურს-ცენტრებთან, რათა განათლების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
ასევე, როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე დღეში, დევნილთა ჩასახლების ადგილებში დაზარალებულებზე ფულადი დახმარების გაცემა დაიწყება. ეს იქნება ერთ სულზე 200 ლარის ოდენობა, რათა დევნილებს ჰქონდეთ ელემენტარული თანხა, რომელსაც საჭიროებისამებ მოიხმარენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის წევრების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა უნდა შედგეს, რათა ამ პროცესის კოორდინაცია უკეთესად განხორციელდეს.
