კახა გოგოლაშვილი - აფხაზური მხარის წინადადება თბილისისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შეთა
საერთაშორისო მმართველობის შემოღების პირობებში უფრო ნათლად უნდა იყოს გააზრებული დევნილთა დაბრუნების პროცესი და მათი უსაფრთხოების საკითხები, შემდგომ დემოკრატიული უფლებების განხორციელება და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს დაბრუნების უფლება. დღეს აფხაზეთს უმცირესობაში მყოფი აფხაზური ეთნოკრატია მართავს, აფხაზურ პარლამენტში თითქმის მხოლოდ აფხაზები არიან, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ასეთივე მდგომარეობაა და აფხაზეთს აფხაზური ეთნოკრატია აკონტროლებს. შესაძლებელია თუ არა მმართველობის ორგანოებში აფხაზეთში მცხოვრები ყველა მცხოვრების მონაწილეობა. ამ საკითხებს სერიოზული დამუშავება სჭირდება. თუ ქულისა და გრჟიჩის იდეას მხარს რუსული მხარე დაუჭერდა, მის ირგვლის საუბარი და ბჭობა შესაძლებელია.
_ ქულისა და გრჟიჩის პროექტის ამერიკულ ჟურნალში გამოჩენა უცნაურად დაემთხვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნობის ერთ-ერთ კანდიდატად რიჩარდ ჰოლბრუკის დასახელებას, რომელიც კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში ბალკანეთში, ბოსნიასა და კოსოვოში განხორციელებული პოლიტიკის ავტორად ითვლება. როგორი შესწორებების შეტანა არ უნდა მოხერხდეს ქულისა და გრჟიჩის პროექტში, ხომ არ არსებობს იმის ალბათობა, რომ აფხაზეთის შემთხვევაშიც კოსოვოს პრეცედენტის განმეორება გახდეს შესაძლებელი.
_ აფხაზეთში საერთაშორისო მმართველობის იდეა ახალი არ არის, მასზე წინა წლებშიც ხშირად იყო საუბარი, ამიტომ ამ იდეის რიჩარდ ჰოლბრუკის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნას ვერ დავუკავშირებ.
ჩემი აზრით, ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ ბალკანეთსა და აფხაზეთში განვითარებულ პროცესებს შორის პარალელების გავლება. კოსოვო სერბეთს კი გამოეყო, მაგრამ იქ სერბებმა კოსოვოელების წინააღმდეგ განახორციელეს ეთნიკური წმენდა, აფხაზეთში კი ყველაფერი პირიქით მოხდა, ეთნიკურმა უმცირესობამ მოსახლეობის უმრავლესობის, ამ შემთხვევაში ქართველების ეთნიკური წმენდა მოახდინა და ახლა მართავენ აფხაზეთს. შეუძლებელია, რომ აფხაზეთში საერთაშორისო მმართველობის იდეის განხორციელებამ იგივე შედეგი გამოიღოს, როგორც ეს კოსოვოში მოხდა. თუ, რა თქმა უნდა, საუბარი იქნება დევნილების დაბრუნებაზე და აფხაზეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.
ამ იდეაში საკმაოდ ბევრი დადებითი არგუმენტია საიმისოდ, რომ ჩვენ მის განხორციელებას დავეთანხმოთ, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ.
_ ქართული მხარე კი აყენებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროკავშირისა და ეუთოს მონაწილეობით სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების საკითხს, მაგრამ, თქვენი აზრით, ამ მოთხოვნაზე რუსეთი არასოდეს დათანხმდება?
_ ჩემი აზრით, ამ იდეის რეალიზაციას პრობლემებს შეუქმნის. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა და მათი უსაფრთხოების გარანტორად გამოდის, სრულად აკონტროლებს ამ ტერიტორიებს და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნება, რომ მას ამ რეგიონებში არაფერი ესაქმება. ქულისა და გრჟიჩის პროექტი რუსეთს აფხაზეთში პოზიციებს აკარგვინებს და ამაზე მოსკოვი რომ არ წავა, გასაკვირი არ უნდა იყოს.
_ ჟენევაში აფხაზურმა დელეგაციამ დევნილთა დაბრუნების თავისი გეგმა წარადგინა. სოხუმი დაბრუნებული დევნილებისაგან აფხაზეთის მოქალაქეობის აღიარებას მოითხოვს. რამდენად მისაღები შეიძლება იყოს აფხაზური მხარის მოთხოვნა.
_ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე პირობაა. თუ საქართველო დათანხმდება ასეთ გარიგებაზე, მაშინ ის პრაქტიკულად ცნობს აფხაზურ სახელმწიფოს. თუ ცნობ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის არსებობას, მაშინ იმასაც აღიარებ, რომ ეს სახელმწიფო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მე მგონია, რომ ფანდი სწორედ ამაშია ჩადებული. ეს წმინდა ინსტიტუციონალური ხრიკია. აფხაზური მხარე შეეცდება ქართული მხარე ამ შეთავაზებაზე დათანხმდეს. უარის თქმის შემთხვევაშიც მათ საშუალება ექნებათ თქვან, რომ სოხუმის მცდელობის მიუხედავად ქართული მხარე დევნილთა დაბრუნებას აფერხებს. ჩემი აზრით, ამ წინადადებაში ამ დონის ინსენუაციებს აქვს ადგილი.
მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ, დევნილთა დაბრუნებაზე საუბარი შეუძლებელია. დევნილთა დაბრუნება მათი მოვალეობაა და დევნილთა დაბრუნება ყოველგვარი პირობის გარეშე უნდა განხორციელდეს. დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთადერთი საკითხი, რომელიც შესაძლებელია იქნას განხილული, ეს მათი დაბრუნების უსაფრთხოების საკითხებია. ნებისმიერი სხვა საკითხი, რომ დაბრუნებულებმა აფხაზურ დროშას აკოცონ, აფხაზურ კონსტიტუციაზე ფიცი დადონ, საქართველოს პასპორტი საჯაროდ დახიონ და თან ისე, რომ ეს გეგმა მათ საქართველოს მთავრობამ მოუწონოს, ეს წინადადება ცინიკურის გარდა ქართული მხარისათვის აბსოლიტურად მიუღებელია. აფხაზური მხარის წინადადება, აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ დევნილთა დაბრუნების შესახებ, სოხუმის მხრიდან თბილისისათვის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შეთავაზების შეფარული ფორმაა.
_ "ლეიბორისტების" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან იწყებს ურთიერთობების მოწესრიგებასა და დიალოგს. იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ქართულ-რუსული ურთიერთობებია, რა ფორმით შეიძლება წარიმართოს დიალოგის აღდგენა ქართულ და რუსულ პოლიტიკურ ელიტებს შორის?
_ რუსეთთან დიალოგი ჯერჯერობით შეიძლება წარიმართოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ რეგიონებში სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების თაობაზე. სანამ სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების საკითხი არ მოგვარდება, რუსეთთან სრულმასშტაბიანი დიალოგის აღდგენა წარმოუდგენლად მიმაჩნია. მაშინ როცა რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე, ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტზე ან სხვა საკითხებზე საუბარი შეუძლებელია. დიალოგი არსებობს მრავალმხრივი, დიალოგის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
თუ ჩვენ დავიწყებთ მოთხოვნას ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორ ვითანამშრომლოთ სპოტისა და კულტურის სფეროში, როგორ ჩავლენ და სად იმღერებენ ჩვენი მომღერლები, ეს ყველაფერი ფარისევლობას დაემსგავსება. ჯერ უნდა გადაწყდეს რუსეთ-საქართველოს შორის უმნიშვნელოვანესი საკითხები და მერე სხვა საკითხები. თუ ცალკეულმა პოლიტიკურმა წრეებმა მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა ცალცალკე დაიწყეს, არ გამოვრიცხავ, რომ მათი ასეთი ნაბიჯი მოსკოვში, შესაძლოა, არღქმული იყოს ისე, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას შეეგუა.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
