თვითმხილველთა ჩვენებები ქართული სოფლების დაბომბვას ადასტურებს
თბილისი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ჯარების შეყვანა რუსული აგრესიისგან თავდაცვის მიზნით იყო განპირობებული.
თვითმხილველთა მონათხრობიც ემთხვევა 5 აგვისტოს სამმხრივი მონიტორინგის ჯგუფის დასკვნას, რომელიც მოიცავს რეგიონში ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მტკიცებულებებს.
დასკვნის მიხედვით, რომელიც რუსი სამშვიდობოების გენერლის, მარატ კულახმეტოვის მიერაა ხელმოწერილი, რამდენიმე ქართული სოფელი მძიმე არტილერიის დაბომბვის ქვეშ იმყოფებოდა, რაც 1992 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ამჟამად უცხოური მედიის ყურადღება მიპყრობილია ცხინვალზე და იმ ბრალდებებზე, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის განურჩევლად დაბომბვა 7-8 აგვისტოს ღამეს დაიწყეს.
“მშვიდობის” დარღვევა
- “ძლიერი შეტევა 7 აგვისტოს დაიწყო, თუმცა ჩვენს სოფელზე წინა დღეებშიც იყო შეტევები”, – ყვება გოჩა პეტრიაშვილი სოფელ ნულიდან, - დაბომბვა 2 აგვისტოს დაიწყო, როცა მეზობლის სახლს ჭურვი დაეცა და მთლიანად დაიწვა. ეს სასწაულია, რომ იქ არავინ დაიღუპა. მშობლებმა როგორღაც მოახერხეს თავიანთი 4 თვის ბავშვის გამოყვანა ეზოში.” და დასძენს, რომ ასევე დაინახა, ქალებითა და ბავშვებით სავსე მინი ავტობუსს როგორ გაუხსნეს ცეცხლი.
პეტრიაშვილმა ნული 10 აგვისტოს დატოვა, მოგვიანებით გაიგო, რომ მისი სახლი სრულიად დაიწვა.
ნულის სხვა მცხოვრები, ბელა ჭავჭავაძეც ამბობს, რომ დაბომბვა 2 აგვისტოს დაიწყო, რის შედეგადაც ადგილობრივი პოლიციელის სახლი განადგურდა, ხოლო შეტევა გაძლიერდა 6-7 აგვისტოს.
- “6 აგვისტოს საღამოს იყო სროლა და დაბომბვა. დაახლოებით შუაღამისას ყველაფერი შეწყდა, მაგრამ კვლავ გაგრძელდა დილით ადრე,” – ამბობს ჭავჭავაძე, “ჩვენ გაგვიმართლა, რომ სოფელი მანამ დავტოვეთ, სანამ გზები ჩაიკეტებოდა”.
ხოლო ქართულ სოფელ ერგნეთში, რომელიც გორის რაიონს ეკუთვნის, მისი მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ძლიერი დაბომბვა აგვისტოს დასაწყისშივე დაიწყო.
ახალი მტკიცებულებები
სამმხრივი მონიტორინგის ჯგუფმა იპოვნა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ქართული სოფლები ნული, ერედვი, ზემო ნიქოზი და ზემო ფრისი დაბომბვის ქვეშ 7-8- აგვისტოს შეირაღებული კონფლიქტის დაწყებამდე მოყვნენ.
- “სხვადასხვა ტიპის კალიბრის იარაღის კვალი ნაპოვნი იქნა სოფელ ზემო ნიქოზის საცხოვრებელ სახლებში”, – ამბობს დასკვნა.
- “ნულის, ერედვის და ზემო ფრისის დასახლებებში დამკვირვებლებმა 82- მილიმეტრიანი ფრაგმენტი იპოვნეს, რაც მიანიშნებს, რომ საცხოვრებელი სახლები ჭურვების შედეგად დაინგრა. სამხედრო ექსპერტები ერთობლივი საკონტროლო კომისიიდან სარაბუკის მიმართულებით ინტენსიური სროლის თვითმხილველნი გახდნენ, სადაც ქართული სამშვიდობოების პოსტია, ნაპოვნია 120 მილიმეტრიანი ჭურვის და ერთი 100 მილიმეტრიანი ნაღმის კვალი.
7 ნოემბერს The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების მიერ “ახლად მოპოვებული დასკვნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული მხარის მიერ მრავალჯერ გაჟღერებულ მტკიცებულებას, რომ მათი ქმედება თავდაცვით იყო განპირობებული”.
დამკვირვებლებმა - ფინელმა მაიორმა, ბელორუსმა საავიაციო კაპიტანმა და პოლონელმა სამოქალაქომ დიპლომატებს ორ კონფიდენციალურ ბრიფინგზე უამბეს, როგორ დაესხნენ ქართველები თავს ცხინვალს 7 აგვისტოს “განურჩეველი საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლით”. სტატია ასევე ამბობს, რომ დამკვირვებლებმა “ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ქართული სოფლები ძლიერი დაბომბვის ქვეშ იყვნენ იმ საღამოს, რითაც ეჭვქვეშ დადგა სააკაშვილის მთავარი გამამართლებელი მტკიცებულება შეტევის დაწყებაზე.”
ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ეჭვი შეტანეს დასკვნაში. მოსკოვი აღფრთოვანებით შეხვდა და ეუთოს მოპოვებულ მასალებზე უფრო ფართო გამოძიების ჩატარება სთხოვა.
საქართველო დიდი ხანია ითხოვს საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სანქცია გასცეს გამოძიების დაყებაზე და შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი დანიშნეს ხელმძღვანელად, რომელიც ადრე გაეროს საქართველოს მისიის ედგა სათავეში.
ეუთოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტუბმა 12 ნოემბერს მოსკოვში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის შეასრულებს რუსეთის თხოვნას, მაგრამ აღნიშნა, რომ დამკვირვებლების ზოგიერთ მტკიცებულებაში ეჭვი ეპარება.
სტუბი ამბობს, რომ დამკვირვებლების მცირე კონტინგენტს ცხინვალში არ შეეძლო გამოერკვია, ვინ დაიწყო ომი.
ეუთოს მონიტორები
The New York Times-ში მოყვანილი მტკიცებულებები ძირითადად ეუთოს ანონიმ ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. ერთი ოფიციალური პირი ასახელებს თავის ვინაობას - რაიან გრისტი, ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო თბილისში, როცა ომი გაჩაღდა.
ეუთოს წარმომადგენლები ყვებიან, რომ გრისტი ცხინვალში რამდენიმე დღის შემდეგ გაემგზავრა, როცა საქართველომ ჯარები გაგზავნა და მან ყოველგვარი უფლებამოსილების გარეშე დაიწყო ინტერვიუების მიცემა რუსული მედიისთვის, რომელიც ძალიან კრიტიკული იყო საქართველოს მისამართით. როცა ის თბილისში დაბრუნდა, როგორც ეუთოს ოფიციალური პირები იუწყებიან, გრისტს საყვედური გამოუცხადეს, ჰქონდა ცხარე კამათი თავის უფროსთან, რის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა.
გრისტი მიუწვდომელი აღმოჩნდა ჟურნალისტებისთვის, ხოლო ეუთომ უარი განაცხადა ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთებაზე.
Radio Free Europe/Radio Liberty–სთან ინტერვიუში ეუთოს სპიკერის მოადგილე ვირჯინ კოულოუდონი ამბობს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაასრულეს “მონიტორინგის დასკვნაზე” მუშაობა, რომელიც ყოველდღიურ რეპორტებს ეყრდნობა. ორგანიზაციის დასკვნა 56-ივე წევრ ქვეყანას დაეგზავნება.
- “ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა ეუთოს მონიტორები, რომლებიც ცხინვალში იმყოფებოდნენ შეტევის დაწყების დროს. თუმცა, ეუთოს შესაძლებლობებს აღემატება განაცხადოს, თუ ვინ დაიწყო ომი და რა ხდებოდა 7-8 აგვისტოს ღამის წინა დღეს”.
თბილისმა გარკვეული დაბნეულობა თავად შეიტანა ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მალევე, როგორც კი ქართული ჯარი ცხინვალში შევიდა, ქართველმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს სეპარატისტულ რეგიონში “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” შესახებ.
მოგვიანებით, საქართველომ განაცხადა, რომ რუსული ძალები ცხინვალში 7-8 აგვისტოს ღამით შევიდნენ და საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა შეიარაღებული მოქმედებების დაწყებისა.
