საწვავზე 2 წლის წინანდელი ფასები აღდგა
საქართველოში საწვავი ასე იაფი ბოლო ორი წელია აღარ ყოფილა. აზერბაიჯანული ბენზინის ყიდვა ალაგ-ალაგ 1,10 ლარადაც არის შესაძლებელი. არც ევროპული საწვავია მანც და მაინც ძვირი. “ვისოლის” ქსელში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1,30 ლარია, “ლუკოილი” კი საკუთარ პროდუქციას 1,25 ლარად ასაღებს.
იგივე მდგომარეობაა დედამიწის ყველა წერტილში. ნავთობის გაიაფებამ საწვავზე მასობრივი ფასდაკლებები გამოიწვია. ასეთი ტენდენცია კი არაფრად ეპიტნავებათ ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს. მარტო ოპეკის წევრ-სახელმწიფოთა დანაკარგებმა უკვე 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
აშშ-ის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ავტოგასამართ სადგურზე, 2007 წლის მარტიდან მოყოლებული, დიზელზე ყველაზე დაბალი ფასია. იგივე მდგომარეობაა ბენზინის საცალო გაყიდვების კუთხითაც - ასეთი დაბალი ფასები ბენზინზე 2005 წლის მარტიდან აღარ ყოფილა.
2008 წლის 24 ნოემბრის მონაცემებით, ყველაზე ძვირი დიზელი მსოფლიოში ინგლისში, ყველაზე იაფი კი მექსიკის ყურის სანაპიროებზე იყიდება.
საქართველო მხარს უბამს მსოფლიო ტენდენციას. მიუხედავად აგვისტოს ომის გამოძახილისა და ლარის დევალვაციისა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასთა კლების ტენდენცია არ შეჩერებულა.
ეს განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან შემოტანილ საწვავზე აისახება. 1 ლიტრი “მეზობლური” ბენზინის ფასი 1,15-1,20 თეთრია, თუმცა დედაქალაქში მოქმედ ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე იგი 1,10 თეთრადაც იყიდება.
ევროპულ საწვავზე ორიენტირებულმა კომპანიებმა ერთხანს ითრიეს ფეხი საწვავის გაიაფებაზე, მაგრამ ბოლოს კონკურენციას ვერ გაუძლეს და 5-10 თეთრობით პროდუქციის გაიაფებას მიჰყვეს ხელი. ამჟამად 1 ლიტრი ევროპული ბენზინის ფასი საქართველოში 1,25-1,30 ლარის ფარგლებშია.
თუკი ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცოტათი ამოისუნთქეს, ესქპორტიორებმა წუწუნს უმატეს. ოპეკის მორიგი სხდომის წინ, მის წევრ ქვეყნებს შორის ნავთობის მოპოვების კვოტის შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეულ უთანხმოებაა. მსოფლიო ბაზარზე ბარელ ნავთობის საბაზრო ფასი, უკვე 50-დოლარიან ნიშნულზეა, რაც კარტელის წევრი სახელმწიფოების სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს ბიუჯეტს საფრთხეს უქმნის.
- “ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნის გამო, კარტელის წევრი ქვეყნების დანაკარგები უკვე 700 მილიარდს შეადგენს”, - განაცხადა ოპეკის ხელმძღვანელმა შაქიბ ხელილმა.
აშშ-ს ენერგეტიკული ინფორმაციის სახელმწიფო სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ოპეკის მოგება, წლევანდელთან შედარებით, მერმისს 384 მილიარდი დოლარით შემცირდება.
ამასთან, კარტელის ყველა წევრი როდია მზად იმისთვის, რომ ფასების მომაკვდინებელი ვარდნის შესაჩერებლად, ნავთობის მოპოვებაზე კვოტები შეამციროს. ნიგერიამ განაცხადა, რომ ფინანსური მოგების პირობებში, სავალუტო შემოსავლებზე უარის თქმა არ სურს და ამიტომ, მოპოვების შემცირებას არ დათანხმდება.
მოპოვების შემცირების ინიციატივას მხარს უჭერენ ქუვეითი და ირანი. თუ კარტელი არსებული უთანხმოების დაძლევას უახლოეს ხანებში ვერ მოახერხებს, ეს შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციის კრახით დასრულდეს.
კარტელის ხელმძღვანელთა არაოფიციალური შეხვედრა 29 ნოემბერს, ქაიროში უდნა გაიმართოს. ოპეკის წინა, რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც ვენაში 24 ოქტომბერს გაიმართა, პირველი ნოემბრიდან დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,5 მილიონ ბარელამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
სანავთობო ბირჟების ბოლო ინფორმარცია ნავთობ-ექსპორტიორებს იმედის ნაპერწკალს უტოვებს. დოლარის უცაბედი ვარდნის გამო, ერთი ბარელი “შავი ოქრო” 3-4 დოლარით გაძვირდა და ამჟამად 52-53 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
