კოკოითი ”სამხრეთ ოსეთის” სრულ ფინანსურ გაკონტროლებას ცდილობს
საინტერესოა, გაუგია თუ არა კოკოითს სიტყვა ”ტენდერი”? ალბათ კი, მაგრამ კონკურსში მისთვის უკონტროლო კომპანიას რომ გაამარჯვებინონ მისივე ”მთავრობის” რუსმა ჩინოვნიკებმა? ამიტომ, ის პროექტები, რომლებიც კოკოითის ბიზნეს ინტერესებს არ ითვალისწინებს, მუდმივად მისი თავდასხმის ობიექტები ხდებიან.
კრიტიკა მან ”გაზპრომსაც” კი გაუბედა, განაცხადა რა, რომ რუსეთ-სამხ.ოსეთის გაზსადენი, დაბალი ტემპის გამო, შეიძლება ვადაში, 2010 წლისათვის ვერ აშენდეს.
რუსული სამშენებლო კომპანიების დადანაშაულებას დროში, დაემთხვა ფინანსთა მინისტრის ალექსეი პანტელეევის მოხსნა კოკოითის მიერ. პანტელეევმა ამ პოსტზე მხოლოდ ერთი კვირა იმუშვა და კოკოითმა მისი მოხსნის მიზეზი არ დაასახელა. პანტელეევმა ცხინვალი ოფიციალური კომენტარის გარეშე უკვე დატოვა. ამ საკითხზე კი, მის მაგივრად სხვები მსჯელობენ.
ყოფილი დე-ფაქტო პრემიერი იური მოროზოვი თვლის, რომ პანტელეევს მართვის სისტემა არ მოეწონებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ის მას დაიწუნებდა. რუსი ჩინოვნიკი ფინანსთა მინისტრად მოსკოვის მიერ, სწორედ რუსეთიდან წასული ფულის კონტროლისათვის იყო სეპარატისტულ რეგიონში გაგზავნილი, თუ შეგზავნილი, თუმცა მან ერთ კვირაში გაარკვია, რომ ამ საქმეზე ხელი არ მიუწვდებოდა.
- ”ომამდე ყველა ფინანსური ნაკადი პრემიერის ხელში იყრიდა თავს, რაც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევდა და მუდმივად ცდილობდა, ასეთი საკითხები თავად გადაეწყვიტა. მაგრამ მოსკოვიდან კოკოითს ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვის მიერ დანიშნული პრემიერის პოსტი ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობისთვის არსებობს“, - აღნიშნა მოროზოვმა.
თუმცა, მისივე თქმით, ომის შემდეგ ვითარება შეიცვალა - მთავრობის ახალშემნილ პრეზიდიუმს კოკოითი ხელმძღვანელობს და არა პრემიერი, რაც მას ყველა ფინანსური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს.
მოროზოვის შეფასებით, ამ გზით ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. მისი განცხადებით, კოკოითის მოქმედებით ახალი დე-ფაქტო პრემიერი, მოსკოველი ჩინოვნიკი ასლანბეკ ბულაცევიც უკმაყოფილოა.
მოროზოვი დე-ფაქტო რესპუბლიკაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზეც სუბრობს და აცხადებს, რომ ომის პერიოდში ბიუჯეტიდან უკვალოდ გაქრა100 მილიონი რუბლი. მისივე თქმით, კოკოითსა და პანტელეევს შორის კონფლიქტი ამ თემაზე დაიწყო.
თუ სად იმალებოდა კოკოითი აგვისტოს ომის პერიოდში და ვინ მიითვისა სეპარატისტული ხელისუფლებიდან რუსული ფინანსური დახმარება, ამაზე კომპრომატების გამოქვეყნებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ამჟამად ცხინვალში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული, ანატოლი ბარანკევიჩიც იმუქრება.
მოკლედ, ”მოსკოვური დახმარებების” კონტროლისათვის ბრძოლაში, ჯერჯერობით კოკოითს ბევრი რამე გასდის. კრემლი მის თავნებობას ითმენს, მაგრამ თანხების უკონტროლო გადარიცხვას ცხინვალისათვის არ ჩქარობს. შედეგად, რეგიონის მოსახლეობას დანგრეულ სახლებში მოუწევთ გამოზამთრება.
თუმცა, კოკოითმა იცის ვის უნდა დაბრალდეს, როგორც თვითონ ფიქრობს, ”ბოლო ცივი ზამთარი”
- ”დღეს გარკვეული პროქართული ძალები რუსეთის თვალში სამხრეთ ოსეთისა და მისი ხელისუფლების დისკრედიტირებას ცდილობენ. ამ ძალებს არ მოსწონთ, რომ რესპუბლიკა ვითარდება”, - განაცხადა კოკოითმა.
და ”სამხილიც” ხომ ხელში საფრიალოდ ჰქონია - ქართული სპეცსამსახურების კომპიუტერის მყარი დისკი, რომლიდანაც ”შეიტყო”, რომ ”სამხრეთ ოსეთის მთვრობა ქართულ სპეცსამსახურებთან თითქმის მთლიანად იყო დაკავშირებული. მათ რესპუბლიკა სრული გაკოტრებისკენ მიჰყავდათ, რათა შემდეგ ის ამერიკული ფულით ეყიდათ”.
ყოფილი დე-ფაქტო პრემიერის მოროზოვის ინფორმაციით, კოკოითის ინტერესის სფეროს კვაისას წიაღისეულით მდიდარი საბადოებიც წარმოადგენს. ამ მიზნით, ”სამთავრობო სტრუქტურებში” მუშაობისა და სამშენებლო კომპანიების ქოლგით ცხინვალში კოკოითმა სამარადან საკუთარი პროტეჟეები მიიყვანა. ტყვიის, დარიშხანისა და სხვა იშვიათი ქიმიკატების მოპოვება-რეალიზაციის საქმეში, ასევე ფულის გათეთრებისათვის, იგი ნახევრად კრიმინალური სამარის დაჯგუფების ”გამოცდილების” გამოყენებას გეგმავს, რათა სავარაუდოდ და ალბათ, იხსნას სამხრეთ ოსეთი ეკონომიკური კრახისგან - გაკოტრებისაგან.
