ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ჯადოსნური 29 წელი
Lord Vader: ”მოლდოველებს ქათამი ძალიან უყვართ, მაგრამ ქათმის ჭამაზე უფრო საინტერესო ჩვენთვის რუსული შეთავაზებაა მოლდავეთს - დნესტრისპირეთის ”დაბრუნების” სანაცვლოდ:
1. საკანონმდებლო აქტი, რომელიც პრო-რუსულ ძალებს არასასურველი კანონების დაბლოკვის უფლებას მისცემს.
2. ნატოსთან დაახლოებაზე უარის თქმა.
3. რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება მოლდავეთში.
მოკლედ ეს იმასა გავს გუბაზ სანიკიძე რომ ამბობს - რუსეთმა ტერიტორიები დაგვიბრუნაო... ჩვენ კი არ დაგვიბრუნა - ის ტერიტორიები მაშინ თავის თავს დაუბრუნა და როცა მოისურვა სხვა ტერიტორიები წაგვართვა”
რუსეთი ვის რას დაუბრუნებს, როდესაც ყოველ დღე ახალ-ახალი მიწების ”შემოერთებაზე” ფიქრობს. აგერ სულ რამდენიმე დღის წინ, რაჭის ოკუპაციაზე და მამისონის უღელტეხილზე ახალი გზის გაყვანაზე დაიწყეს ლაპარაკი.
ვეშაპო: ”რუსებს უნდათ გზის გაყვანა მამისონის უღელტეხილის გავლით, რათა ოსეთი და ცხინვალის რეგიონი ერთმანეთთან დააკავშიროს ალტერნატიული გზით.
ასეთ შემთხვევაში, ამ გზამ უნდა გაიაროს ონზე, შესაბამისად რაჭის ოკუპაციასაც გეგმავენო. უკვე არიან ფირმები, რომლებმაც ფული გამოყვეს ამ გზის მშენებლობაზეო.
ჰოდა ჩენებმა რუსებს უთხრეს: არ ჯობიაო, ჯოჯორის ხეობაზე გაიყვანოთო?
არც რაჭის ოკუპაცია დაგჭირდებათო და გზასაც გაიყვანთო”
ამ ყველაფერს სახელად ”ჩმორიზმი” ჰქვია. თან ეროვნული ჩმორიზმი!
თუ გგონიათ, რომ იუდა ისკარიოტელმა თავისი სიცოცხლე I საუკუნეში თვითმკვლელობით დაასრულა, ძალიანაც შემცდარხართ. ისკარიოტის მკვიდრი მამაკაცი, ქართულ ინტერნეტფორუმებზე პოსტავს და არცთუ იშვიათად.
Judas Iscariot: ”რუსეთი განაგრძობს თავისი აქამდე წარუმატებელი პროექტის, საქართველოს დასავლური ორიენტაციის მქონე ხელისუფლების თავისი მარიონეტით შეცვლის მცდელობას. (დიაღ, მიშა აქ არაფერ შუაშია, საქმე ორიენტაციაშია)
პირველი სერია, სახელწოდებით: არკადი წიწიბურით, ჩავარდა. მეორე, ძალით გაგდება, ჩავარდა. მიშა სამარცხვინოდ გაექცა გორში რუსულ ცათმფრენებს, მერე კიდევ უფრო სამარცხვინოდ ჭამა ჰალსტუხი, მარა ქვეყნიდან არ გაიქცა.
დაიწყო მესამე სერია, მთავარ როლში მისის ბიწაძით. ცრუ ხმების გავრცელება კაიხნის წინ დაიწყო - ამერიკის ადმინისტრაციამ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი მიშაზე და არჩევანი ”დეიდა ნინაზე” შეაჩერა”
ამ თეორიაზე ძნელია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ”მეწისქვილის ქალიშვილად” სახელდებულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაუყალბებელ არჩევნებში როგორ უნდა გაიმარჯვოს ეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია.
ყველასათვის ცნობილია რაც მოხდა და როგორც მოხდა. ომის დროს, თავდაცვის სამინისტრომ ჩააფლავა თავის მისია მიუხედავად ჩვენი ჯარისკაცების შემართებისა და მებრძოლი სულისა. და ალბათ კარგა ხნის მანძილზე ვიფიქრებთ ამაზე.
A10: ”სისტემის თავმა - არ იმუშავა. როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ერთ ლომ მეთაურს შეუძლია ათი ცხვარი ლომად აქციოსო და ერთ ცხვარ მეთაურს ათი ლომი ცხვრადო. იცოდა კაცმა თავისი საქმე. ერთი ეგაა ბოროდინოში მიქარა მარა ისიც პეწია ბაგრაწიონის ბრალი იყო. მაგის ძეგლის ხმალი ვნახე მე პუტინის და მედვედევის ოჯახის ...
მოკლედ, არ იცვლება თავდაცვის დოქტრინა, ახალი ომი გვიახლოვდება ძალუმი ქშენით, რაღაც ზღაპრებს ყვებიან არმიაში მიმდინარე გიგანტურ ნახტომებზე და გადაიარაღებაზე, მაგრამ, თავი რომ იგივე რჩება? ესე ვაპირებთ ზამთარში რუსებთან ომის მოგებას?
უკვე ალასანიაც უარს ამბობს პრემიერმინისტრობაზე, მიხვდა რომ მიშა ძალიან მიქარავს და არ უნდა მაგის ნავთან ერთად ჩაძირვა”.
წინა კვირას, ერთ-ერთი ფორუმელი, ცდილობდა აგვისტოს ომის სურათი და განვითარებული მოვლენები თანამიმდევრულად აღეწერა. მე თუ მკითხავთ, არცთუ ურიგოდ გამოუვიდა ეს ამბავი.
modusi: ”3 აგვისტო - სამხრეთ ოსეთის მთავრობა აცხადებს ევაკუაციას და მიჰყავს 500 ბავშვი ჩრდილოეთ ოსეთში, ვითომ ბანაკში, დასასვენებლად.
6 აგვისტო - ცეცხლი განახლდა.
7 აგვისტო - სროლები კვლავ განახლდა. კოკოითი აცხადებს, რომ თუ ქართული ჯარი უკან არ დაიხევს, ის გაწმენდს რეგიონს.
ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მხრიდან და 8:30-ზე სააკაშვილი გამოდის ტელევიზიით. იქამდე, იაკობაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტებს ვერ უკავშირდება. მიუხედავად ამისა, სროლები ორივე მხრიდან გრძელდება. სავარაუდოა, რომ ავნევის, ფრისის, თამარაშენის და ქურთას დაბომბვა ოსების მხრიდან, კვლავ გრძელდება.
8 აგვისტო- ქართველები აკონტროლებენ ოსურ სოფლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ღამე გახორციელდა ოპერაცია, რომლის შედეგადაც, ჩვენ დავიკავეთ ექვსი სოფელი. ამავე დროს, ღამით 5:30-ზე პირველი რუსული ქვედანაყოფები, როკის გვირაბის გავლით, შედიან სამაჩაბლოში.
9 აგვისტო- ქართველები კვლავ აკონტროლებენ ცხინვალს.
10 აგვისტო - 07:00 ქართველები ტოვებენ ცხინვალს და უკან იხევენ.
11 აგვისტო - ქართული ჯარი იხევს უკან, აწყობს გამაგრებას თბილისთან და იწყებს დედაქალაქის დაცვას. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთმა კონფლიქტის რეგიონებში შეიყვანა 20’000 ჯარისკაცი.
13 აგვისტო - საქართველო და რუსეთი თანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე”
ამერიკის როლი ამ ამბებში: 7-8 აგვისტოს ღამით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ რუსული სამხედრო მობილიზაციის შესახებ, ქართველები არ გააფრთხილეს. პირიქით, ზოგიერთმა, მაგალითად, მაკკეინმა, წაახალისა კიდეც.
Joao: ”ის, რომ რუსეთის ომი გამოწვეული იყო დასავლური კურსით არის ფაქტი. აშშ-ის აქტიურობა ნატოს გაფართოებით სახეზეა და ესეც ფაქტია. რუსებიც აცხადებენ, რომ თუ საქართველო კვლავ გააგრძელებს ნატოსკენ სვლას, რაც აგვისტოში მოხდა იმაზე უარესს გავიმეორებთ და ეს, თავდაცვის მინისტრმა სერდიუკოვმა, თქვა ღიად და აშკარად.
ანუ ეს ნიშნავს, რომ მთელი სამხედრო ქმედებები აგვისტოში და ბლა ბლა ბლა მოქალაქეების დაცვაზე, მცირე ერების გენოციდზე (ერთიანად რომ ამოწყდნენ ოსები ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთ დღეს სულ ცალ წიხლზე ჰკიდიათ). იყო ბლეფი და ძირითადი აზრი იყო ნატოს სვლის შეჩერება სამხრეთით. აღარ მინდა ამაზე იმდენი განცხადება გაკეთდა, ლავროვის, მედვედევის, პუტინის დუმის დეპუტატების, როგოზინის და სხვათა მიერ”.
რეალური მაინც იყოს, ამ ნატოში გაწევრიანება. ვერელ ტაქსისტს, ბატონ გურამს თუ დავუჯერებთ, ნატო ვირის წინ გაშვერილ ჯორხე მობმულ ბალახს გავს, რომელიც ვირისათვის ჩქარა სასიარულოდ, სტიმულია და მეტი არაფერი.
და ბოლოს, ამ მართლაც რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი:
შეიძლება არ მიგიქცევიათ ყურადღება, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი პერსონების სიკვდილს ერთმანეთისაგან აშორებს ჯადოსნური 29 წელი.
1895 - ენგელსი
1924 - ლენინი
1953 - სტალინი
1982 - ბრეჟნევი
2011 - ?
რა იცი რა ხდება...
