გაქცევა დაქცეულთა
დიახ, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, უკვე ათეულ წელზე მეტია ”ჩემოდნებზე ვზივართ” და ნეტარი შურით შევყურებთ იმ ბედნიერ ნათესავებსა და ახლობლებს, რომლებიც სადღაც ვთქვათ მაიამიში, შტუტგარტში ან უტრეხტში ცხოვრობენ და დროდადრო გვიგზავნიან ფოტოებსა თუ ვიდეოკასეტებს, საიდანაც ეს უკანასკნელნი მომღიმარი სახით შემოგვცქერიან და თითქოს აქ დარჩენილთა მიმართ ”საკუთარ უპირატესობას” გრძნობენო, ასეთი ნეტარი ემოციები აღბეჭვდიათ სახეებზე.
ამის შემდეგ ბევრ ქართველს ღარიბი ნარკომანივით აკანკალებს საოცნებო ევროპის ან ამერიკის ხსენებისას და კაცმა რომ თქვას, ეს არცაა გასაკვირი.
ჯერ იყო და, რუსეთისაკენ მიმავალი ლარსის, აფხაზეთისა და ჯავის გზები გავტკეპნეთ წინ და უკან (ხშირად კი - მარტო წინ) სიარულით. მერე თურქეთმა გაგვიღო ფართოდ კარი და იმ ”კარის” გავლაზე რომელი უარის მთქმელები ჩვენ ვიყავით...
ახლა კიდევ, მარტო რუსეთი და თურქეთი რას მიქვიაო და დღეს, ბედის მაძიებელ ქართველებს დედამიწის მიკარგულ კუნძულებზეც კი ნახავთ. კუნძული შემთხვევით სულაც არ მიხსენებია.
დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის ელექტრონულ ფოსტაზე არც მეტი, არც ნაკლები, ისლანდიაში მცხოვრები ქართველის, ვინმე გიორგი ქავთარაძის წერილი მოვიდა, გიორგი ბატონი ირწმუნებოდა, რომ ისლანდიაში ”კაი ფული იჭრება” და ”რეიკიავიკი იმენნა მაგარი ქალაქია”.
შევეშვათ რეიკიავიკს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ადამიანი ცხოვრობს თბილისში, მუშაობს ნორმალურ დაწესებულებაში, სადაც აქაური მასშტაბებით საშუალოზე მაღალი ხელფასიც კი აქვს. ერთი სიტყვით ნამეტანი უცნაური უნდა იყოს ამ ადამიანისაგან უკიდურეს გაჭირვებაზე მოთქმა-წუწუნი და ევროპისაკენ მიმავალი თვითმფრინავების განრიგების დაზეპირება, მაგრამ ამ ქალაქში ხომ ყველაფერი მოსულა?!
ერთ დღესაც ვიგებთ, რომ სწორედ ასეთი ადამიანი არალეგალურად წასულა გერმანიაში და იქ, 21-ე საუკუნის თბილისური ჟარგონი რომ ვიხმარო, ”ხელის პონტებს აგდებს”.
ამ ”ხელის პონტების აგდებას” კი იურიდიული ტერმინოლოგიით წვრილმანი ქურდობა ჰქვია. ერთი სიტყვით ამ კაცმა გერმანიაში მაწანწალობა და მაღაზიების დახლებზე ხელის ფათური ამჯობინა აქაურ ნორმალურ ცხოვრებას.
სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია და ერთი სამტრედიელი მებუფეტის თქმისა არ იყოს ”ის დღე არ გეიშვა, ქართველი, რომ კმაყოფილი იქნება და ცხოვრებაში მეტს არ მეინდომებს”.
საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია ოდესმე გამოსწორდება თუ არა, მეეჭვება ეს ამბავი დაზუსტებით მამაღმერთის მეტმა ვინმემ იცოდეს და კიდევ ისიც მეეჭვება, ეს ”სიტუაციის გამოსწორება” ოდესმე თავის ჯიბეზე თუნდაც იმ ზემოთხსენებულმა სამტრედიელმა მებუფეტემ იგრძნოს.
მაგრამ ისიც ვერაა მთლად კარგი საქმე, ხსნას უცხოეთში წასვლაში რომ ვეძებთ და ისიც ხომ აშკარაა, რომ ვინმე ოტაველი ჯეკი თავის ქალაქში ჩასული ქართველის დანახვაზე ისე არასოდეს აღფრთოვანდება, რომ ახლადნაყიდი ”ლინკოლნის” გასაღები ჩაგვახუტოს და სიხარულისაგან ყირაზე გადავიდეს.
ალბათ გახსოვთ გენიალური იტალიური ფილმი ”პური და შოკოლადი”. მაშინ ისიც გემახსოვრებათ, შვეიცარიაში სამუშაოდ ჩასული ფილმის გმირი, გერმანელივით ქერად თმაშეღებილი იტალიელი ემიგრანტი როგორ წვალობს და ჯახირობს, რომ ყველას თავი გერმანელად მოაჩვენოს რადგან ფიქრობს, რომ ეს სამსახურის შოვნაში დაეხმარება, მაგრამ ბოლოს ყველა მისი მცდელობა კრახით მთავრდება. ბევრი ჩვენი თანამემამულე სამწუხაროდ იმ მრავალტანჯულ ულვაშა იტალიელს ჰგავს.
ისე არაფერი მოგაგონებთ 50-იანი წლების იტალიას, როგორც 21-ე საუკუნის საქართველო
