პერევის ლეგენდა - კიდევ ერთხელ, პიარისთვის
- ”პერევიდან ჯარების გაყვანა” - ხმამაღალი ნათქვამია. რუსებმა გარკვეული მანევრი განახორციელეს, რასაც პოლიტიკური ზეწოლის სუნი უფრო ასდის, ვიდრე ძალთა გადაჯგუფების. ამ პროცესების ირგვივ ვერსიები სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდება, მაგრამ საქმე გაცილებით მარტივადაა. რუსებს, პერევში არ ჰქონდათ მოწყობილი სტაბილური პოსტები. ამიტომ, ქვედანაყოფები, რომლებიც იქ იყვნენ, გავიდნენ და მათ ადგილზე უფრო კარგად ორგანიზებული და ელიტარული ქვედანაყოფები შემოვიდნენ. შესაბამისად, მათი გამაგრების და იქ ყოფნის ხარისხიც ამაღლდა.
ამ შემთხევაში, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ეს თავდაცვითი გაძლიერება უფროა, ვიდრე ძალთა კონცენტრაცია და პლაცდარმის მზადება. უფრო მეტიც - რუსების არმიაში ქართული მხრიდან საფრთხის ერთგვარი შიში იგრძნობა. რა ინფორმაციას ფლობენ რუსები, ძნელი სათქმელია, მაგრამ პოსტები, როგორც პერევში, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე გააძლიერეს და ალბათ, გამაგრების ოპერაციას ცხინვალის რეგიონშიც ჩაატარებენ.
ერთი შეხედვით, ხელისუფლების მხრიდან, არავითარი სამხედრო მობილიზაცია არ შეინიშნებოდა და რა საფუძველი უნდა ჰქონოდა ამ შიშს?
- რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, ირაკლი ალასანიას გამოჩენამ მმართველი პარტიაში ისეთი შეშფოთება გამოიწვია, რომ მთელი მთავრობა ალასანიას განცხადების გადაფარვას შესწირეს. ნაციონალური პარტიის შიგნით, როგორც ჩანს, რაღაც მოლაპარაკებები იყო. ორ-სამ დღეში ალასანია თბილისში უნდა ჩამოვიდეს და ალბათ ახლაც მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გადაფარვას მოსახლეობის სხვა პრობლემებზე გადართვით ცდილობენ.
არ გამოვრიცხავ ესკალაციის კერის შექმნა და რაღაც პროვოკაციაც ყოფილიყო განხილული და ამ ინფორმაციამ გაჟონა. რაც შეეხება ფართომასშტაბიან ოპერაციას, მე გამოვრიცხავ, რომ ქართული შეიარაღებული ძალები დღეს მზად იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ერთი წაგებული ოპერაციის შემდეგ, მეორე წაგებული ოპერაციის მომზადება საკმაოდ ძნელია და ეს ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყანასაც გაუჭირდებოდა. ამიტომ, გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავდეს.
რუსეთის პროვოცირებამ მიგვიყვანა აგვისტოს მოვლენებამდე. გამოდის, ხელისუფლება ისევ იგივეს აპირებს?
- ხელისუფლება აგვისტოს შემდეგ, მუდმივად ფორსმაჟორშია და ცდილობს ყოველი დღე მოიგოს. მათ არ აქვთ გრძელვადიანი გეგმები და მათი ნებისმიერი გამოსვლა კიდევ ერთი დღის მოგებას და კიდევ ერთი პრობლემის გადაგორებას უკავშირდება.
ხელისუფლება იმის მოლოდინსაც არ იმჩნევს, რომ შესაძლოა ხვალ პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს. მხოლოდ საუბრის დონეზეც კი, ისინი აგრესიულად უყურებენ ვადამდელ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას და შესაბამისად, მათგან გონივრულ ნაბიჯებს არ ველი. შეცდომას შეცდომაზე დაუშვებენ და დღევანდელი პიარაქცია, ხვალ შესაძლოა, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდეთ.
პერევის მოვლენები პატრიარქის რუსეთიდან დაბრუნებას დაემთხვა. სააკაშვილმა მართალია, თავად დაიბრალა, რომ პატრიარქი მოსკოვში დავალებით გავგზავნეო, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ პერევიდან ჯარის გაყვანა პატრიარქის (და მისი) დამსახურება იყო. არსებობს მოსაზრება, რომ შემდგომ განვითარებული მოვლენები, გარკვეული ძალების მცდელობა შეიძლება იყოს, პატრიარქის ავტორიტეტის შესალახად.
- როდესაც ასეთი მოვლენა ხდება, მას აუცილებლად მესიჯიც მოყვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, პერევიდან ჯარების გაყვანას არავითარი მესიჯი არ მოყოლია, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ყოფილა ჯარის გაყვანა. თუმცა, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ არაადექვატური იყო ჩვენი პრეზიდენტის რეაქცია.
რაც შეეხება პატრიარქს, მას იმდენად მაღალი ავტორიტეტი აქვს, მსგავსი პიარაქციები არ სჭირდება. პატრიარქს ერის წინაშე იმხელა ღვაწლი მიუძღვის, რომ მხოლოდ პერევის მოვლენების მის ვიზიტთან მიბმა არა მგონია რეალობას შეესაბამებოდეს. პატრიარქის ვიზიტი განყენებული ცნებაა. მან შექმნა ფონი საუბრის დასაწყებად, რასაც დიპლომატიური ნაბიჯები უნდა მოყოლოდა. თუმცა, რამდენად გამოიყენებს ამას ხელისუფლება - სხვა საქმეა.
მე არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ რუსებმა სააკაშვილის გამონათქვამების გამო დააბრუნეს უკან ჯარი. თუქვედანაყოფების გადაადგილებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური განცხადება არ მოყვება, არაფრის მაჩვენებელი არ არის. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლებაც უნდა დალოდებოდა მათ მოქმედებებს. თუმცა, ხელისუფლებამ ამჯერადაც სულსწრაფობა გამოიჩინა და ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას მიაწოდა, მცდარი იყო. რამდენი რუსის ჯარისკაცი ბეტეერს 10 მეტრით უკან გააგორებს და შემდეგ, უკან შემოაგორებს, ეს გადაადგილებას არ ნიშნავს.
როგორც უნდა იყოს, მაშინ, როდესაც რუსეთს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ჯარი 7 აგვისტოს პოზიციებზე უნდა დააბრუნოს, დასავლეთისთვის რუსეთის ბლოკ-საგუშაგოების გაძლიერება არაფრისმთქმელი იქნება?
- რუსეთის ჯარების ნებისმიერი გადაადგილება ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს არის უკანონო მანევრი საქართველოს ტერტორიაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ის, რომ რუსებმა პერევის საგუშაგოები გაამაგრეს, ნიშნავს, რომ ისინი პერევის დაცლას არ აპირებენ.
საერთაშორისო საზოგადოება ელოდება ტენდენციას, რომ რუსეთი საოკუპაციო მასშტაბების შემცირებას დაიწყებს. ასეთი ინდიკატორები კი ჯერჯერობით არ ჩანს. მოუთმენლობის ნაპერწკალი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, დასავლელ პოლიტიკოსებსაც აღმოაჩნდათ, როცა წინმსწრები განცხადებები გააკეთეს. პერევი არ არის ცალკე აღებული საჯილდაო ქვა, მაგრამ თუკი პერევიდან რუსების გასვლა დაიწყებოდა, ეს საქართველოს დეოკუპაციის დასაწყისის მანიშნებელი იქნებოდა.
ახლა, როცა რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, როგორც ფინანსური, ისე მორალური თვალსაზრისით, რამდენად გაბედავს ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას?
- რუსეთი დღეს შექმნილი სიტუაციის მონაა. მან საქართველოს ტერიტორიაზე ორი ახალი სახელმწიფო შექმნა, რომელთა შიდა მოწყობა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა შეასრულოს აღმზრდელის, გამზრდელის, დამსჯელის თუ სხვა ფუნქცია. ამიტომ, ესკალაციის გეგმებიც რომ არ ჰქონდეს, შესაძლოა, ვითარება ისე აეწყოს, რომ თავისთავად მოხდეს სიტუაციის დაძაბვა.
მე გამოვრიცხავ, რომ რუსეთი საქართველოს მთელი ტერიტორიის დაპყრობას გეგმავდეს. შესაბამისად, იმასაც გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ახლა შეძლოს ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება, მითუმეტეს, რომ მისივე ექსპერტები ხმამაღლა საუბრობენ, რა საფრთხეების მატარებელი იქნება ეს რუსეთისთვის.
რუსეთის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია ჩრდილოეთ კავკასია და მან საქართველოში დაწყებული კამპანია შესაძლოა, ვერც დაასრულოს ისე მოუწიოს ჩრდილოეთში პრობლემების მოგვარება. რუსეთმა იზეიმა წარმატებები, მაგრამ ერთია მათი მოპოვება და მეორე - შენარჩუნება. მე გამოვრიცხავ, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო შედგეს, მისი ბანდფორმირებები სახელმწიფო სტრუქტურაში ჩაჯდნენ და არმია შექმნან. ისინი ისეთებად დარჩებიან, როგორებიც დღეს არიან და თუ ისინი დღეს საქართველოს უქმნიან საფრთხეს, ხვალ რუსეთისთვისაც საფრთხის შემცველნი იქნებიან.
საბოლოოდ კი, რუსეთს შეიძლება შეექმნას ის სიტუაცია, რაც ამერიკას შეექმნა ერაყში. ერაყისგან დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა ამერიკას ყოველდღიურად თითო დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცად უჯდება. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს ასეთივე სიტუაცია შეექმნას, როგორც აფხაზეთში, ისე - ცხინვალის რეგიონში.
თავად სააკაშვილი რამდენადაა წამსვლელი ისეთ პროვოკაციაზე, რაც ფართომასშტაბიან ომში გადაიზრდება თუ შეატყო, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად სხვა რესურსი აღარ დარჩა?
- გონიერი ხელისუფალი ომს მაშინ იწყებს, როცა ამის გარდაუვალი აუცილებლობა არსებობს ან, სრული მანდატი აქვს ომის დასაწყებად. ტყუილუბრალოდ ომს დიქტატორებიც კი ვერ იწყებენ.
აგვისტოში იმედი ჰქონდა, რომ ეს იქნებოდა რამდენიმედღიანი შეზღუდული კამპანია. თუმცა, ერთი იყო - რა გეგმები შეადგინეს და მეორე - როგორ დასრულდა ყველაფერი. განსხვავებული სიტუაცია გვაქვს ახლა. მაშინ, საქართველოს ხელისუფლებას სჯეროდა, რომ რუსეთის გვერდით ავლით მოხდებოდა ყველაფერი, მაგრამ დღეს ნებისმიერი ოპერაცია რუსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
თუმცა, გააჩნია რა უნდა ჩვენს ხელისუფლებას. თუ მათ ავადმყოფურ თავებში მწიფდება აზრი, რომ მთავრობა ემიგრაციაში იყოს, მაშინ ისინი მოაწყობენ პროვოკაციას, წააგებენ სამხედრო ოპოერაციას და წავლენ საზღვარგარეთ. ჩვენ კი გვეყოლება დევნილი მთავრობა, რომელსაც საქართველოდან მუდმივი დაფინანსება და საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება. შესაძლოა, ვიღაცა ამაზე კიდეც ფიქრობს, მაგრამ ნოე ჟორდანიასგან განსხვავებით, სააკაშვილი და მისი რეჟიმი მოღალატის იარლიყს დაიკრავს და საქართველოს ისტორიაში მოღალატე ხელისუფლების სახელით შევა. ამიტომ, იმედია, მათი ეს ფანტაზია ფანტაზიად დარჩება.
