ნატო უნდა გახდეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სამხედრო ორგანიზაცია
მაგალითად, ავღანეთში მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 50’000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, მაგრამ სად არის მისი პოლიტიკური ხმა? თუ, ნატო ახლა უბრალოდ საზარბაზნე ხორცის მიმწოდებელია, რომელიც განტევების ვაცად იქცევა, როგორც კი რაღაც ფუჭდება და მსხვერპლად წირავს საკუთარ ხალხს ისე, რომ არ აქვს უფლება გამოთქვას მოსაზრება ამ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე?
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ავღანეთის კამპანია ჩიხში შევიდა. ავღანეთში პოლიტიკურ წინა ხაზზე გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დგანან, ხოლო ნატო უბრალოდ აგზავნის ჯარისკაცებს.
სასწორზე დევს ალიანსის რეპუტაცია და ავტორიტეტი, მაგრამ მას არ ჰყოფნის პოლიტიკური ცეცხლი. ის არ თამაშობს კონკრეტულ და არსებით როლს რეგიონალური ახალი მექანიზმების შემუშავებაში, რაც არა მხოლოდ ავღანეთში უზრუნველყოფდა სტაბილურობას, არამედ მის მეზობელ ქვეყნებშიც.
იქ, სადაც ბლოკს რაიმე პოლიტიკური პოზიცია უჭირავს, შედეგები კატასტროფულია. მისი გაფართოების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ალიანსი ყველა მიმართულებით მიისწრაფვის და თავის შემადგენლობაში უკვე ბალკანეთი, ბალტიის, აღმოსავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები მიიღო, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების მონდომებით მოხდა.
აშშ კი გაფართოებაზე ისე საუბრობს, როგორც ჯვაროსნულ ლაშქრობაზე დემოკრატიისა და უსაფრთხოების გასავრცელებლად. უმრავლეს შემთხვევაში ამგვარმა სტრატეგიამ გაამართლა. ბალკანეთი დღეს უფრო სტაბილურია, ხოლო საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტი ქვეყნები რეფორმებს ახორციელებენ და დიდი ენთუზიაზმით მირბიან ევროკავშირის ”ოჯახში”.
თუმცა, დრო იცვლება. რუსეთი ნავთობისა და გაზის, ასევე ვლადიმერ პუტინის ძალისმიერი საგარეო პოლიტიკის წყალობით, კვალვ ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. ახლა ნატოს ღია კართან ბოლთას საქართველო და უკრაინა სცემენ, მაგრამ ალიანსი იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ეს ქვეყნები წევრებად მიიღოს.
ამის თვალსაჩინო მაგალითი 2 დეკემბერს ჩატარებული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იყო. მათ თანმიმდევრულად და სერიოზულად უნდა განეხილათ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, რომლის ფარგლებშიც ეს ქვეყნები ნატოს სწავლებისა და რეფორმირების პროგრამაში ჩართვას შეძლებდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი საქართველოსა და უკრაინას რაღაც სიტუტუცე შესთავაზეს, რამაც ეს ქვეყნები დააჯერა, რომ ისინი კვლავ უყვართ. ამასთანავე ალიანსმა მოახერხა მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება. თუმცა პრობლემა გადაუჭრელი დარჩა.
ალიანსი ორად გაიყო - წევრებად, ვინც მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და პირველ რიგში, ასეთი შეერთებული შტატებია და ახალ წევრებად, როგორებიც არიან ჩეხეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან მოსკოვის ქმედებებით, განსაკუთრებით, საქართველოში აგვისტოს მინი-ომის შემდეგომ. მათ სურთ, რომ ნატომ მეტი ყურადღება თავის ტრადიციულ ფუნქციას დაუთმოს - მათი ტერიტორიების დაცვას. ზუსტად ისევე, როგორც ძველი ”ცივი ომის” დროს.
უთანხმოება როგორ გადაწყდება, დიდწილად ბარაკ ობამაზეა დამოკიდებული. გააგრძელებს ის ბუშის ხაზს და ღია დატოვებს კარს საქართველოსა და უკრაინისთვის? თუ გადახედავს პრიორიტეტებს და თავის ყურადღებას მეტწილად მიაპყრობს, ვთქვათ, ბალკანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფას?
ამისათვის საჭირო გახდება ალიანსმა თავის რიგებში სასწრაფოდ მიიღოს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (თუმცა, დავა მის სახელწოდებაზე კვლავ გრძელდება), ასევე კვიპროსის გამო საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობაში შექმნილი უიმედო ჩიხური სიტუაციიდან მოძებნოს გამოსავალი.
ეს პარადოქსია, მაგრამ არჩეულმა პრეზიდენტმა თავის ირგვლივ კლინტონის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები შემოიკრიბა, ხოლო სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარის კანდიდატურა წარადგინა.
ისინი ყველანი დიდი ენთუზიაზმით მხარს დაუჭერენ ღია კარის პოლიტიკას. თუმცა, სრული უგუნურება იქნება ალიანსის რიგებში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გამოყენება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ძველებურად პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი რჩება. პრეზიდენტი, რომლის თავზეხელაღებულმა მცდელობამ დაებრუნებინა განდგომილი რეგიონები, აგვისტოს ომის პროვოცირება მოახდინა.
ნატოს არ შეუძლია საქართველოსა და უკრაინას მისცეს მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიები, რომლის მიხედვითაც ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება, როგორც ყველა დანარჩენზე თავდასხმა.
მაგრამ, ალიანსის რიგებში არიან იდეოლოგიურად მტკიცე წევრები, რომლებიც თვლიან, რომ ამ ძირითადმა პრინციპმა უნდა იმუშავოს მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა.
თუ გაფართოება ობამას მმართველობის დროსაც პრიორიტეტად დარჩება, მაშინ ეს სახიფათო გარანტია უფრო რეალისტურ კონტექსტში უნდა იქნას გადატანილი.
დღეს, როცა ნატო თავის სამოც წლისთავს უახლოვდება, დროა ჩამოყალიბდეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ბლოკის ტრანსფორმაციას მსხვილ პოლიტიკურ ორგანოდ მოახდენს და რომელსაც მსოფლიო არენაზე მნიშვნელოვანი როლის თამაში შეეძლება.
თუ ამის გაკეთება არ მოხერხდება, მომავალი წლის ზეიმი უბრალო შენიღბვა იქნება იმ უთანხმოების, რასაც შეუძლია ალიანსი დაშლამდეც მიიყვანოს
