დევნილი ბავშვები ტყეში იყინებიან
გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისიდან დევნილმა ზურაბ და ვიკა მაისურაძეებმა ოთხი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაყინვას ძლივს გადაარჩინეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რამდენიმე წუთის წინ თავად ვიკა მაისურაძემ აცნობა.
მაისურაძეების ოჯახი ამჟამად კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, შუაგულ ტყეში მდებარე პატრიოტთა ბანაკის ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობს. მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი თოვლი და - 12 გრადუსი ყინვაა.
ვიკა მაისურაძის განცხადებით, ისინი მეღვრეკისში ვერ ბრუნდებიან, რადგან ომის შედეგად მათ სახლში ცხოვრება აღარ შეიძლება. დახმარება არაერთხელ სთხოვეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
”სამინისტროში ჩვენს ზარებს აღარავინ პასუხობს. გორის გამგეობის წარმომადგენელმა თემურ ტეტელოშვილმა კი გვითხრა, რომ თავშესაფრით ვერ დაგვაკმაყოფილებს. აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია. გარეთ ვერ გავდივართ. საშინელი ყინვაა და მეუღლე ტყიდან შეშის მოტანასაც ვეღარ ახერხებს”, - აღნიშნა ვიკა მაისურაძემ.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძეების პრობლემასთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა.
მოგვიანებით, ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ გორის ხელისუფლებას მაისურაძეები უყურადღებოდ არ ჰყავს მიტოვებული. ვიკა და ზურაბ მაისურაძეები კი ამ წუთებშიც ამტკიცებენ, რომ თუ ბავშვები ტყიდან დაუყოვნებლივ არ გაიყვანეს, შესაძლოა ოთხივე მათგანი სიცივისგან გაიყინოს და მშობლებმა მათ ვერაფერი უშველონ.
.