სახელმწიფომ სისხლიანი ხელი ჯარისკაცებს შეახოცა
გენერალური შტაბის უფროსმა ჩაჩიბაიამ საპარლამენტო ოპოზიციის ვერსია საბოლოოდ დაადასტურა - საქმე მართლაც ათასობით ჯარისკაცზე აღძრულა. თუმცა, როგორც ”ვერსიამ” გაარკვია, რეალურად, ციხეში ამჟამად, 70-მდე სამხედროა, რომელთა უმეტესობა აჭარიდანაა.
საპარლამენტო ოპოზიცია ამაოდ იბრძოდა, ეს სამხედროები ”გრანდიოზული ამნისტიისას” გათავისუფლებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას მათდამი კეთილი ნების გამოჩენას ურჩევდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა - ჯარისკაცები ვერც ორი დღის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 1’300-მდე პატიმრის სიაში მოხვდნენ.
აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თავდაცვის უწყებიდან და ზოგადად, ხელისუფლებიდან ერთადერთი, ალბათ, სწორედ ჩაჩიბაიაა, რომელიც არ მალავს, რომ ომში დიდი პრობლემა იყო მართვისა და კონტროლის არარსებობა. ბრძანება ან დაგვიანებით მიდიოდა, ან იმ რეალობას არ მიესადაგებოდა, რა რეალობაშიც ჯარისკაცები იყვნენ:
- ”მთავარი ის არაა, გაშლილი ყუმბარით ტანკს შეუვარდე. ხელმძღვანელის გმირობაა, სწორი, ზუსტი და გააზრებული გადაწყვეტილებით მინიმალური რისკის ფასად მაქსიმალურ ეფექტს მიაღწიო, რათა ჯარისკაცს ბრძოლის ველზე თავისი ამოცანის შესრულება გაუადვილდეს. გმირობაა ზუსტად ის, რომ შენი გადაწყვეტილებით შენი ჯარისკაცი წარმატებასთან მიიყვანო”, - აცხადებს ჩაჩიბაია.
რატომ მაინცდამაინც აჭარაში მცხოვრები სამხედროები დააპატიმრეს? სამხედრო ექსპერტი, ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე აცხადებს: ”ბათუმელი სამხედრო პირის როინ შავაძის ბურუსით მოცულმა მკვლელობამ, აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაამწვავა მდგომარეობა. შავაძეს იქ ბევრი იცნობდა, ბევრი მასთან ერთად იყო ერაყში. არსებობს არგუმენტი, რომ ის შურისძიების მიზნით მოკლეს და ბუნებრივია, ამ გარემოებამ აჭარაში სამხედროთა დემორალიზება გამოიწვია. შეიძლება სწორედ ამ საქმის გამოძახილია აჭარაში ამდენი სამხედრო რომ დააპატიმრეს. ჯარისკაცებსა და ოფიცრებს შორის რომ ნორმალური ვითარება არ იყო, ეს იმანაც აჩვენა, რომ ბევრი ოფიცერი ბრძოლის ველიდან ვერ გამოიყვანეს. ესაა სამარცხვინო ისტორია საქართველოს ისტორიაში”.
ვიდრე დეპუტატები ღია თუ დახურულ ფორმატში დაპატიმრებულთა ზუსტ რიცხვს გაარკვევენ, ამ კითხვას სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი პასუხობს:
ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არც დეზერტირები ჰყავს და არც თვითდათხოვნილები. ომის დროს, შეიარაღებული ძალების არაეფექტური მართვით დაშვებულმა შეცდომებმა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი დეზერტირად აქცია. სამხედრო ნაწილიდან ერთი ჯარისკაცი როცა გარბის, ის მართლაც დეზერტირია, მაგრამ როცა საუბარია 1 700 ჯარისკაცზე, საქმე გვაქვს არა დეზერტირობასთან, არამედ არაეფექტურ მართვასთან.
თავიდან, ომის შემდეგ, ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, აღრიცხულიყო, რა რაოდენობის ჯარისკაცები იყვნენ თვითდათხოვნაში. ციფრი კატასტროფული აღმოჩნდა - 1’700-ზე ბევრად მეტი. თუმცა, ყველაზე რომ საქმე აღეძრათ, გამოდიოდა, რომ არა გმირების, არამედ დეზერტირების არმია გვყავს.
სამხედრო ხელმძღვანელობას ამით პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. ამიტომ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს - რამდენიმე ათეული ჯარისკაცი სამაგალითოდ დაესაჯათ. სწორედ ამ გადაწყვეტილებაში მოხვდნენ დღეს დაკავებულები. მერე კი, ყველას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, თანხა გადაახდევინეს, ბრალი აღიარებინეს და ერთი წლით პატიმრობაში დატოვეს.
დანარჩენებს, უღირსი საქციელის გამო, ხელშეკრულებები შეუწყვიტეს და სწორედ ხელშეკრულების დარღვევისთვის 14’000-იანი ჯარიმით მოიცილეს თავიდან. ირწმუნებიან, თითქოს ჯარისკაცები ინფორმაციას ფულზე ყიდდნენ. ეს თუ ასეა, ამაზე დაზვერვას უნდა ემუშავა და თუ არ იმუშავა, თავები დაზვერვას უნდა დავაყრევინოთ, პასუხი ამაზე სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ”.
