ყაზახი ინვესტორები ჯიუტობენ, ლეობორისტები ზეიმობენ
კარგია, რომ ლეიბორისტებს მოსახლეობის ჭირ-ვარამზე გულის შესტკივათ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვაგლახი ადამიანების ყაზახი ინვესტორების ძალადობისაგან გათავისუფლება დიდწილად პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო მოხდა. ამ ფაქტს კი დროულად აუბა მხარი ოპოზიციამ.
თუმცა თავისწილ კვლავ ნირშეუცვლელად უჭირავს თავი ”ყაზტრანსგაზ თბილისის” ხელმძღვანელობას. ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ გიორგი გუგავას განცხადებას, მოსახლეობისათვის 125 ლარიანი მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურ სიცრუე უწოდა და დასძინა, რომ სემეკს გუშინ ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავს.
”გიორგი გუგავას მიერ გაკეთებული განცხადება, აბსოლუტური სიცრუეა. გუშინ სემეკს ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავს. საუბარი იყო მხოლოდ 15 ათას ლარიან ჯარიმაზე, რომელიც სემეკმა კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისს” ტექნიკური პირობების ფასთან დაკავშირებით დააკისრა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და სემეკის მიერ დაკისრებულ ასევე წინა ჯარიმასთან დაკავშირებით ჩვენ სარჩელი შევიტანეთ ქუთაისის სასამართლოში და ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მანამდე კი არცერთი თეთრის გადახდას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ეკა სარიამ.
ეს კიდევ რაა - ”ყაზტრანსგაზში” აცხადებენ, რომ პრეტენზიები, თითქოს ყველა აბონენტს გაზის მრიცხველების შეცვლისთვის 125 ლარის გადახდა უწევს, უსაფუძვლოა. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის მამუკა კიკალიშვილის თქმით, თბილისში აბონენტთა 5-10 პროცენტს ხელოვნურად დაზიანებული მრიცხველები აქვთ, რის გამოც მომხმარებული გაზის აღრიცხვა სრულყოფილად არ ხდება.
”წინა წლებში გამრიცხველიანება სპონტანურად ხდებოდა, რის გამოც ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” მძიმე მემკვიდრეობა ერგო. მრიცხველების 5-10 პროცენტი მოსახლეობაში დაზიანებულია ხელოვნურად და თუ უნდათ, გაზის მიწოდება ჰქონდეთ, დაზიანებული მრიცხველები უნდა შეცვალონ. მონტაჟს ჩვენ განვახორციელებთ”, - აცხადებს მამუკა კიკალიშვილმა.
წესით, ასეთი უპასუხისმგებლო და პრეტენციული განცახედბის გაკეთების შემდეგ, სემეკმა მორიგი სადამსჯელო ოპერაცია უნდა დაგეგმოს ყაზახ ინვესტორთა წინააღმდეგ. ხოლო ლეობისტებმა, თუკი მართლაც რაიმე აქვთ სათქმელ-საკეთებელი, თავი არ უნდა დაზოგონ.
თუმცა, ჯერჯერობით საქართველოს მშრომელებს არ სცალიათ. ისინი ელექტროენერგეტიკულ საკითხებში გადაეშვნენ და მომავალ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით ლეიბორისტთა სარჩელის განხილვა გაიმართება.
”ვიმედოვნებთ, რომ ამ ბრძოლასაც მოვიგებთ და ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც თავის დროზე შევუმცირეთ ელექტროენერგიის ტარიფი, შევეცდებით, რომ იგივე გამარჯვებას მივაღწიოთ და ამ მძიმე სოციალურ პირობებში ჩვენ თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ის მძიმე ტვირთი, რომელიც მათ ამ ხელისუფლების გადამკიდე აწევთ. თუ სასამართლო ცოტა ობიექტური მაინც იქნება და სააკაშვილის ჯიბის ორგანოდ არ გადაქცეულა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სარჩელი ობიექტურ მტკიცებულებებზეა დაყრდნობილი”, - განაცხადა გიორგი გუგავამ.
მისივე თქმით, ლეიბორისტული პარტია ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირებას 11 თეთრამდე ითხოვს.
- ”ჩვენ მოვითხოვთ ელექტროენერგიის ტარიფი მინიმუმ დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რომელსაც თავის დროზე ჩვენ მივაღწიეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით და ეს ტარიფი 11 თეთრს შეადგენს”, - განაცხადა გიორგი გუგავამ
