”უპატრონოდ” ჩარჩენილ ახალგორელებს ”რეზერვაციებში” ასახლებენ
აგვისტოს მოვლენების შემდეგ მსოფლიო ყურადღების ცენტრში საქართველოს ბევრი რეგიონი მოექცა. მათ შორისაა ახალგორი.
ამ რაიონულ ცენტრში შესვლა დღეს უკვე პრობლემაა, როგორც უბრალო მოქალაქეებისთვის, ასევე ქართული სამართალდამცავებისთვისაც. აქ საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. ახალგორს მთლიანად ოსეთის დე-ფაქტო მილიცია აკონტროლებს.
პირველად, ცნობილი მოვლენების შემდეგ, სტუდია GNS-ის წამყვანმა ნანა ლეჟავამ და მისმა ოპერატორმა ბადრი პაიჭაშვილმა ახალგორში ჩასვლა და იქ რეპორტაჟის მომზადება მოახერხეს.
ჯგუფი ახალგორში შეუმჩნევლად შეიპარა და იქ დარჩენილ მოსახლეობასთან ინტერვიუ ჩაწერა. სიუჟეტში იხილავთ რუსულ მძიმე ჯავშანტექნიკას, რომელიც სპეციალურად გათხრილი სანგრებიდან ახალგორის მიმდებარე ტერიტორიას იცავს.
რაიონში ჩარჩენილი მოსახლეობა ამბობს, რომ ოკუპირებულ ზონებში დარჩენილ ოჯახებს ხშირად მოღალატეებს უწოდებენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს საქართველოს ხელისუფლებამ საწვავი აირი გადაუკეტა და დევნილთა ბანაკში გადმოსახლებას სთავაზობს. ოსურმა მხარემ კი სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა.
ზოგადად, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს 26 ათასამდე დევნილი შეემატა. მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ქვეყნის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დაავალა.
დღეს ყველას შეუძლია ნახოს ის საცხოვრებელი კოტეჯები, სადაც დევნილებს საკუთარ სახლში დაბრუნებამდე მოუწევთ ცხოვრება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია.
ბევრ მათგანს დევნილთა ახლადაშენებული ბანაკების დანახვაზე გეტოებიც კი ახსენდება. სიუჟეტში დაუფარავად ნაჩვენებია, თუ რა პირობებში მოუწევთ, ან უკვე უხდებათ, ცხოვრება დევნილებს
