რუსეთ-უკრაინის ”აიროვანი ომი”
კრიზისის მიზეზი ერთი შეხედვით ბანალურია. რუსეთი უკრაინას სთხოვს ვალის გადახდას, რომელსაც უკრაინა არ აღიარებს. სწორედ ამიტომ, რუსულმა ”გაზპრომმა” სამჯერ შეამცირა გაზის მიწოდება უკრაინის მიმართულებით, ანუ მხოლოდ ის მოცულობა გაუშვა, რაც ევროპის სხვა ქვეყნებისათვის იყო განკუთვნილი.
უკრაინამ რუსეთისათვის მოულოდნელად ”გაბედა” და ბუნებრივი აირის ეს ნაკადი საკუთარი საჭიროებისათვის მიმართა. რუსეთმა ევროპისათვის გაზის მიწოდების შეფერხება უკრაინის მხრიდან აირის ჩვეულებრივ ქურდობად შეაფასა და უკრაინის ტრასა მთლიანად გადაკეტა.
რუსული მხარე თვლის, რომ უკრაინას უბრალოდ ფული არა აქვს, რომ გახარჯული აირის საფასური დაფაროს და საერთაშორისო შანტაჟს ამიტომ მიმართავს. უკრაინის მთავრობა საკუთარ უსუსურობაში რომ უკეთ დარწმუნდეს, გაზპრომმა მას, არც მეტი, და არც ნაკლები, ფასი 1’000 კუბმეტრ გაზზე 450 დოლარამდე გაუზარდა.
რუსული მხარე არ მალავს, რომ ეს პოლიტიკური ფასია და ამ გზით უკრაინას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას აიძულებენ. პარასკევს, ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით დანიშნულ შეხვედრაზე ”ხელცარიელი” არც უკრაინა მიდის, - კიევის სასამართლომ აუკრძალა ”უკრაინის ნავთობგაზს” რუსული გაზის ევროპისაკენ ადრე შეთანხმებული ტარიფით, 1’000 კუბ.მეტრის 100 კმ-ზე 1,6 აშშ დოლარად ტრანსპორტირება.
პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ხელმოწერილი სახელშეკრულებო ტრანზიტის ფასის ცალმხრივად გააუქმება, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, მიუღებელია.
- ”ასეთი ხელშეკრულების დენონსაცია ნაციონალური სასამართლოს საქმე არაა, თუ ეროვნული ინტერესები ილახებოდა, უკრაინულ პარლამენტს - რადას, შეეძლო არ მოეხდინა რატიფიცირება. ხელშეკრულების გადასინჯვა კი მოლაპარაკებების გზით ხდება”.
უკრაინის მხარე, როგორც ჩანს უკან დახევას არ აპირებს. ”უკრაინის ნავთობგაზმა” განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისში დამნაშავე პირადად რუსეთის პრემიერი პუტინია.პასუხად, რუსეთი მტყუან-მართლის გასარკვევად, უკრაინის ნავთობგაზს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოთი ემუქრება.
ევროკავშირი ცდილობს კონფლიქტის პოლიტიკურ მხარეზე არ გაამახვილოს ყურადღება, თუმცა ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის ჩეხეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ვონდრა აფრთხილებს ორივე მხარეს, რომ საფრთხეშია არა კომპანიების, არამედ ქვეყნების პრესტიჟი და პარტნიორული საიმედოობა.
პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ევროპა აშკარად ორივე მხარით იმედგაცრუებულია, რადგან მათთვის ეს კინკლაობა და საკითხების ულტიმატუმებით გადაწყვეტა მიუღებელია.
- ”თუ უკრაინას სურს გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ეს საქართველოსაც ეხება, ურთულესი სადავო საკითხებიც კი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა გადაწყვეტოს. აშკარად იგრძნობა, რომ უკრაინას სურს თავისი პრობლემები საერთაშორისო პრობლემებად აქციოს და დასავლეთის დახმარებით გადაჭრას. ეს კი სააკაშვილის სტილია”.
ექსპერტი თვლის, რომ ამ დაპირისპირებაში პოლიტიკური შემადგენელიცაა და ეკონომიკურიც და ორივე მნიშვნელოვანია.
- ”მაპროვოცირებელი მაინც რუსეთია, რომელსაც აქამდე გასდიოდა მსგავსი საქციელი, იმ მარტივი მიზეზით, რომ მძლავრი ენერგეტიკული ბერკეტები გააჩნია და პოლიტიკური სურვილიც, რომ ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზეც და ევროპაზეც. ის სარგებლობს ამ შემთხვევით, რომ მსოფლიოს თავისი საჭიროება და კუნთები აჩვენოს. მითუმეტეს, რომ აშშ-ს ხელისუფლება ცვლის პროცესშია და ნაკლებად აქტიურია.
მოსკოვს, რა თქმა უნდა შეეძლო ყველაფრის დალაგება მოლაპარაკებების გზით. მაგრამ, მას სურს დასავლეთს, მათ მიერ წახალისებული, ანტირუსული განწყობის უკრაინული მთავრობის დესტრუქციულობაც დაანახოს”. - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, რუსეთს საფუძვლიანი ეკონომიკური გათვლებიცა აქვს და ცდილობს ის დანაკლისი, რომელიც ნავთობზე ფასის ვარდნით მიიღო, მეტნაკლებად აინაზღაუროს გაზზე ფასების აწევით, ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც უკრაინაა.
- ”და რაც მთავარია, რუსეთისათვის ეს ერთგვარი ”პრომუშენი” და დაჩქარებაა რუსეთ-გერმანიის ახალი ჩრდილოური ტრასისა. ეს მილსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და, გვერდს აუვლის როგორც უკრაინას, ასევე ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს.
ამ გზით, რუსეთი არასტაბილური კავკასიის რეგიონის გავლით დაგეგმილი ნაბუკოს ტრასის ეკონომიკურ მნიშვნელობას დასავლეთისათვის შეამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კიევთან სულაც არაა მართალი, ამ კონფლიქტით იგი სავარაუდოდ მოგებული დარჩება” - თვლის პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი
