ეკონომიკური პროგნოზები ყოველ დღე უარესდება
საინტერესოა რამ გამოიწვია სავალუტო ფონდის პროგნოზის გადახედვა. ეს ხომ ნიშნავს, რომ წლეულს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამერიკისა და ევროზონის ეკონომიკის კიდევ უფრო შემცირებას ელოდება. ამგვარი მოსაზრება მყისვე გაამყარა ფონდის ხელმძღვანელის დამაჯერებელმა განცხადებამ.
- “ასეთი შემცირება მოხდება აშშ-ში, ევროპაში ბრიტანეთის ჩათვლით”, - აღიარა სტროს-კანმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ განვითარებადი ქვეყნები განვითარებას გააგრძელებენ, თუმცა უფრო ცუდ შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ვარაუდობდნენ.
განვითარებად ქვეყნებს განვითარების პრობლემები რომ ექნებათ, ეს იქედანაც ნათლად ჩანს, რომ ასეთ ქვეყნებში უცხოური ინვესტიციები 31 პროცენტით შემცირდება. ამგვარ “აღიარებით ჩვენებას” ამჯერად მსოფლიო ბანკიც იძლევა.
ბოლო ინფორმაციით, 2009 წელს განვითარებად ქვეყნებში უცხოური ინვესტიციები 31 პროცენტით, ანუ 180 მლრდ აშშ დოლარით შემცირდება. ბანკის შეფასებით, უცხოური ინვესტიციების კლება მსოფლიო რეცესიითა განპირობებული. გარდა ამისა, ბანკის პროგნოზით, 1982 წლის შემდეგ, წლეულს პირველად შემცირდება მსოფლიო ვაჭრობის მაჩვენებელიც.
საქართველოში რომ ინვესტიციების რაოდენობა მოიკლებს, ამას ეროვნულ ბანკშიც არ მალავენ. მათი კვლევის შედეგები ღაღადებს, რომ 2009 წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა ოდენ 815 მილიონი დოლარი იქნება, მაშინ როცა შარშანდელი პროგნოზი მინიმუმ ორჯერ მეტი იყო. თუმცა, წლიური შედეგი პროგნოზს არ დაემთხვა, რადგან აგვისტოს ომმა ინვესტორებს ცივი წყალი გადაასხა.
ეროვნული ბანკში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ უცხოური ინვესტიციების შესახებ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2009 წლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ქვეყანაში საგარეო შემოდინებების გარკვეული აღდგენა, რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო აქტივობის გამოცოცხლებას.
უცხოელი კოლეგების მხარდამხარ ქართველი სპეციალისტებიც დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კვლავ პესიმისტურია. ფასების მოსალოდნელი დინამიკა გაურკვეველია საერთაშორისო საფინანსო და სასაქონლო ბაზრებზეც.
ამიტომაც საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ბოლო გადაწვეტილება კი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2009 წლის 21 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ სებ-ი კმაყოფილია საქართველოში არსებული ინფლაციური ფონით და ჯერჯერობით რაიმე მკვეთრი რეაგირებისაგან თავს იკავებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5,5 პროცენტამდე შემცირდა. შედეგად, 2008 წლის საშუალო წლიური ინფლაცია 10%-ს შეადგენს.
