↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცისფერი ტბა

ტოგონიძე გუგული

2026-07-182 წთ საკითხავი1164 ნახვა

—
- რა იყო, ძალიან გტკივა მხარი? ქვა ისროლეს თუ არა, შენკენ მოვიხედე, ვაითუ ცუდი რამ შეემთხვა-მეთქი.- მე კიდევ შენკენ. სისხლის წვეთებით გვირილებს კაბა დავუსველე. ძირს რომ დავვარდი, გვერდი გავკარი ცისთვალას. ხომ არაფერი ვატკინე? გამიგე, ღუნღულავ?!მოლაღურმა ბალახებში გაიგოგმანა და სწრაფად უკან დაბრუნდა.- ძმაო ფარფატა, მორცხვი ცისთვალა ვნახე, გვირილებიც კარგად არიან. შეგეშველები, ბუდეში ავფრინდეთ. ვიჩქაროთ, თორემ იწვიმებს. ხედავ? ქრისტესისხლას დაბლა დაუხრია ყვავილები. სამყურასაც დაუკეცია მწვანე ფოთლები და თავი ჩაუღუნავს.- ჰო, ავიდეთ. ოღონდ ნელა, ჭრილობა არ მატკინო.ღუნღულა მხრებში შეუდგა მეგობარს. აიწია ღუნღულა, აიწია ფარფატაც. ბუდე ხის წვეროზე იყო, მოლაღურები შიგ ჩაფრინდნენ, საცეცხლურუვით ჩამოკიდებული ბუდე დაირწა.- გტკივა, ფარფატავ?- ცოტათი. ქვა რომ ისროლეს შენკენ მოვიხედე...- მე კიდევ შენკენ.- გვირილებს კაბა დავუთხუპნე, ცისთვალას, მგონი, რაღაც ვატკინე... - ღუნღულა, შენ ამქვეყნად ყველაზე მეტად ყბაბილები გიყვარს, ხომ? გახსოვს, რომ მეუბნებოდი: სადღაც ერთ ველზე ცისფერი ტბაა, მის ნაპირას ცისფერი ყვავილები ჰყვავისო...- ჰო, გეუბნებოდი...- ამბობდი, იქ ყველაფერი ცისფერისო: ხეებიც,ბუჩქებიც, ფრინველებიც...ბუდე ჰაერივით ირწეოდა.- მიმღერე, ღუნღულა: მიყვრას სიმღერა. ავდარში სხვა ფრინველები დუმან, ჩვენ კი ვგალობთ, ნეტავი რატომ?- გვირილებმა მოწყენა იციან ავდარში, როცა ვუსტვენ, იღიმებიან, მიხარია მათი ღიმილი და ვგალობ, რომ კიდევ გაიღიმონ...გაწვიმდა.- ღუნღულა, არ გინდა, ჩვენც იმ ტბასთან ვცხოვრობდეთ?- მინდა, ფარფატა, მინდა.- იქ ქვას აღარ მესვრიან... შენ რომ ამბობდი, ცისფერ ტბაზე ყველანი კარგ გუნებაზე არიან და იღიმებიანო, ეს ყველაფერი მართალია?- ჰო, ფარფატა... მხარი აღარ გტკივა?ადრე ღუნღულას მართლა სჯეროდა, რომ არსებობდა ცისფერი ტბა და ცისფერი ყვავილები, ახლა ვეღარ ეტყოდა ფარფატას, არაფერიც არ არისო. იცოდა, მეობარს გულს მოუკლავდა და ათქმევინებდა: ”ეჰ რანაირი ყოფილხარ ღუნღულავ?! რა იქნებოდა მერწმუნა, რომ არის ცისფერი ტბა, ცისფერი ყვავილები, კეთილი ბიჭუნები , კეთილი ადამიანები”...
- ქვა რომ მესროლეს, შენკენ მოვიხედე.- მე კიდევ შენკენ.
ისევ წვიმდა, საცეცხლურივით დაკიდებული ბუდე ისევ ირწეოდა და მოლაღურებს აქანავებდა.

ტოგონიძე გუგული: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი