პოეზია · ლირიკა
ივერიული
ფოთელი ვარ და პოეზიის ლოთი-ფოთი ვარ,ფეთქი ლექსების ალავერდით თქვენთან მოვდივარ;ჭალიკონი ვარ, შავი ზღვიდან შემოვარდნილი,ქართვლის დედისთვის თეთრ ზვირთების მომაქვს მანდილი;ნარიყალისთვის თორი მომაქვს უშბის მყინვარისდა მომაცილებს ლეგიონი ფაზის-მდინარის;ხარები მომყავს აიეტის, მზით დადაღული,კოლხეთის ზეცა, ვარსკვლავებით გადანაღმული;ეს ღრუბლები კი არის ღმერთის თეთრი დროშები,მზის მარმაშებით, სირმებით და მთვარის ყოშებით;თამარის სუნთქვა ვარძიიდან ნიავს მოჰყვება,არაგვთან ვაჟა დამხვდება და მთისას მოჰყვება,`ერეკლეს გვირგვინს დავეძებო!~ _ ეს აღმოხდება;ჩუ! რა ხმა ისმის წიწამურთან?.. ვისი გმინია?..ზართატეხაა, ცის სამრეკლოს დაუგრგვინია...ეს ერის მამის სიკვდილია და გვირგვინია;სვეტიცხოველში დავუჩოქებ მეფე-მგალობლებს,კათალიკოსი სამებაში დამამწყალობნებს;გუთნის ტოროლამ ცისკრის ვარსკვლავს გადაუფრინადა დედამიწას ჟრუანტელმა ტანს დაურბინა;ხორბლის ჯეჯილი _ ოდოშღერი განდაგანაობს,დვრინავს მარანში დიონისე, დაბანდალაობს,რა ძალაც ქართულ მზის და მთვარის ბორჯღალებშია _რქაწითელშია, თავკვერშია, ოჯალეშშია:ქვევრებში განა ღვინო გვიდუღს? _ სიყვარულია,მარადიული ის სამყაროს სიხარულია;`ლილეოს~ ლაღუმს `კრიმანჭულის~ ფითლას ვუკიდებ,`ჩელას~ ქედანსაც ვაღუღუნებ ჯვარზე და კიდევმედეას თმებით სიმს რომ დავწნავ ჭუნირ-ჩონგურის,ზედ გაებმება ციხე-კოშკთა ყველა ქონგური;ალობს, გიზგიზებს მაშინ გული, აკიაფდებადა მზის ხოხობი ბერმუხაზე აკრიახდება:`ჩემი და-ძმები გაფანტულნი ჰერეთ-ლაზეთითარ დამიტოვო უკურთხებლად, ღმერთო, არც ერთი!~დავითის გზიდან ჩემი ხალხი არ გაბრუნდება,ჩემი რითმა სულ დელფინივით ადგაფუნდება;ლიხის ჯიქი ვარ, ლექსის ჭექით მთიდან მოვდივარ,იმერ-ამერის ცისარტყელა _ გულთა ბონდი ვარ, _ზენაქართულით უფალს ცაზე დაუწერია:`ჯვარით _ გვირგვინით გაბრწყინდება ხვალ ივერია!~