პოეზია · ლირიკა
თავხედი
(შემთხვევა მესაფლავეთა ცხოვრებიდან)
"ძველ საფლავს ვთხრიდით - უბრალო საფლავს,მივიწყებულს და გადავლილს შამბით.ლუპის ქვეშ ვფხიკეთ სპილენძის დაფა,მაგრამ ხავსით და წვიმებით გაგლილსასოც არ აჩნდა - სპილენძს ხომ სწრაფადსჭამს სიჩუმის და ფიქრების ჟანგი...ვაჟი ესვენა, როგორც ჩვენ გვახსოვს,მკვდარი ბრონქიტით თუ ათაშანგით.
და მგონი იდგა აპრილის ბოლო,მწვანე სუდარებს ქსოვდნენ ხეები,მზე აღვივებდა თოთო კვირტებშიმთვლემარ სიკვდილის სულ პირველ ჰორმონს.მყუდრო ადგილი სურდა ერთ ვაჭარს -ჩვენ მისხალ-მისხალ გავყავით ორმო...წლის სწორედ ამ დროს სამარის გაჭრაიოლია და სასიამოვნო.
ზოგჯერ ისედაც ვხსნით ძველ აკლდამებსროდესაც ენით გამოუთქმელისევდა აგვრევს და აგვაკანკალებს.ბასრ მარწუხებად მკერდში მობჯენილტკივილებს მხოლოდ ამ გზით ვაკავებთ -თავად არ ვიცით... როგორღაც გვშველის...ყრმობას თუ ველტვით, ფერგადაცლილ წამთა ნაკვალევს -ამ საფლავებში ხომ წარსული მარხია ჩვენი.
ჰოდა ამ დილით მსგავს იმედითაცვეძებდით საფლავს მრუმელოდიანს -კუშტ და საზარელ ლანდთ გავურბოდით,სულში დროდადრო რომ შემოდიან...უხმოდ ავკაფეთ დაფნა, ძეძვები,დამღად რომ ედო ადგილს ცოდვიანს,უხმოდვე ვთხრიდით და ყურს ვუგდებდითნიჩბების რიტმულ, წყნარ მელოდიას.
და უცებ... ვერც კი ვიტყვი რარიგად...პირქუშ ზღაპრებში როგორც იციან,სამარის რუხი ფსკერი აინგრა,ნელა, თანდათან ამოიწია...მთლად ამოინგრა საფლავის ფსკერი,ისე ძალუმად ამოიწიადა ბნელ მიწიდან კაცი ამოძვრა...ჰო, კაცი... განა გველის წიწილა.
ჩვენც ღვინოში ვკლავთ სიკვდილის ლოდინს -უწინდებურად აღარ მოგვდევს მკლავში ჯან-ღონე.თუნდაც უტურფეს ქალისთვის ლოდისგამოთლა უკვე აღარ გვაღონებს...თუნდ ჩვილთათვისაც... უწინ თუ ვთრთოდით,დღეს გულუძრავად დავცლით ვაგონებს...ჩვენ დედამიწას ვაპირკეთებთ მარმარილოთი,ცის სილურჯეც კი ცხედარს გვაგონებს.
მაგრამ აქ შევკრთით, გულ-ღვიძლი თითქოსერთად დასერა ათასმა დანამ.ელდამ გაგვთასმა და დაგვამუნჯა,თუმცა მსწრაფლ ვძლიეთ შიშის ნატამალს.ვიფიქრეთ, რამე ცოდვებისათვისთუ გვეწვია-თქო ბილწი სატანა...ან საკუთარ მკვდარს ვინმე ოხუნჯმათან ზამბარები თუ ჩაატანა.
მკვდრების წარსულს ჩვენ ხელახლა ვბადებთ,ყოველ მათგანზე ვზრუნავთ და იმათჩვევებს, აზრებს და ხასიათს ვადგენთ,მათ მისწრაფებებს ვიძიებთ. ხშირადგულს და მაჯასაც კი ვაყურადებთარ გამოვდგებით თუმცა ექიმად...ლინზებით ვიკვლევთ იმ მუქ სურათებს,გვამთა გუგებში რომ დალექილან.
მას კი ნამდვილად განგებისაგანეწერა ყოფნა ასე მიფარვით,რათა არ გვეცნო მისი წარსულიდა საიდუმლო განსაცვიფარი.ბედი სწყალობდა ამ ბრმა თხუნელას,კაცად მოქცეულს გრძნების ტვიფარით,ახლა რომ იდგა ჩვენს წინ უვნებლადყოვლად უმსგავსი და უტიფარი.
მერე კი... ალბათ არც ღირს ბოლომდის...ამ გრძელი ამბის წვრილად აღწერათუ გაგიცრუებთ მხოლოდ მოლოდინს,კარგა ხანს უტყვად ვიდექით ყველა,ვიდექით - თითქოს ვინმეს ვგლოვობდით,ჩვენს შორის ორმო მოჩანდა შავად...შემდეგ შეგვავლო გულგრილი მზერადა არხეინად გაუყვა შარას."