პოეზია · ლირიკა
მე არ ვიქნები შენი სტუმარი
თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,სიყვარულივით ვიდექ მდუმარი,მეც უნდა ვიყო შენი პოეტი,მე არ ვიქნები შენი სტუმარი.
ნუ დამიძახებ სტუმარს იმიტომ,რომ უშენობა მჭირდა ასწლობით,შვილი მშობელთან ვეღარ მოვიდა,ვეღარ იცნობდა ნაცნობს ნაცნობი.
მე მარადიდში დამრჩა მარჯვენა,ხიხანის ციხედ ვიყავ ქცეულიდა შენი სიტყვის გადასარჩენადილეწებოდა ჩემი სხეული.
რა გლოვად ვიყავ, რა დასანახი.ჭოროხს მეწამულ ფერში უვლია,საქართველოში ალბათ კალმახიმიტომ სისხლისფრად დაწინწკლულია.
გამომივლია ჭირი ყოველი,ტკივილიც ვიცი, დარდის მოთმენაც,მე ჭოროხგაღმა ორი სოფელიდამრჩა ნახევარ ქართლისოდენა.
ის უშენობა დედამ იტირადა შენი წიგნი ხელში ეჭირა.მე შენი მტკვარის ერთი ზვირთი ვარ,მე შენი მიწის ერთი კენჭი ვარ.
მე შენი ჩანგის ერთი სიმი ვარ,და შენი ზეცის ერთი მერცხალი,მე საქართველოს დიდი სიმღერამკერდში ჩავინთე ვით ნაკვერცხალი.
თბილისო, მე რომ შენთან მოვედი,სიყვარულივით ვიდექ მდუმარი,შენი შვილი ვარ, შენი პოეტი,მე არ ვიქნები შენი სტუმარი.